რუსეთის ნაციონალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველო „ნაწილობრივ მეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

43
spot_img

რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ნაციონალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველო „ნაწილობრივ მეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა.

ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

კვლევები პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების რეიტინგის კვლევის ფარგლებში ჩატარდა.

გასულ წელთან შედარებით საქართველოს „მეგობრობის“ რეიტინგი შემცირდა. დღეს რუს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველო „ნაწილობრივ მეგობრული“ ქვეყანაა.

„საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსულია, მაგრამ ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი ოდნავ შერბილდა, გაიზარდა ვაჭრობის მოცულობა, აღდგა ავიამიმოსვლა. საქართველოს ახალგაზრდობა რუსული საგანმანათლებლო პროექტებით აქტიურად არის დაინტერესებული და რუსეთში ჩადის“, – წერია კვლევაში.

ამ კვლევაში პირველად მოხვდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 100-დან 93,5 ქულა მიიღო, ხოლო ოკუპირებულმა აფხაზეთმა 81,4 ქულა. ბელარუსმა 87,6 ქულა დაიმსახურა.

ყველაზე მეტად სომხეთის რეიტინგი გაუარესდა. რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ სომხეთში პოლიტიკური რიტორიკა, სომხეთის ხელისუფლების განცხადებები რუსეთის მიმართ, სულ უფრო არამეგობრული ხდება და ეს სომხეთის საზოგადოების აზრს ეწინააღმდეგება.

მოლდოვა, რომელიც 2023 წელს „ნაწილობრივ მეგობრული“ ქვეყნების სიაში შედიოდა, ახლა არამეგობრულ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. კვლევის ავტორთა აზრით, ესეც მოლდოვაში ანტირუსული რიტორიკის გამო მოხდა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნებში ასევე შედიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და უკრაინა.