რუსეთის ძალები შეტევას განაგრძობენ – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

108
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 454-ე დღე

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დაახლოებით 204 360 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 480 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინელებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 789 ტანკს, 7 419 ჯავშანტექნიკას, 3 318 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 309 საბრძოლო თვითმფრინავს და 295 ვერტმფრენს, 6 139 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 864 უპილოტო საფრენ აპარატს, 433 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 015 ფრთოსან რაკეტას.

რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისთვის 4 ირანული Shahed-ის დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

“წინასწარი ინფორმაციით. ღამით მტერმა დარტყმისთვის Shahed-ის 4 დრონი გამოიყენა, ყველა ჩამოაგდეს. ინფორმაცია ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მიმართულებით რუსეთის ძალები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ.

როგორც გენშტაბის მიერ ამ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ქალაქები ბახმუტი და მარინკა ფრონტის ხაზზე კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩებიან.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი განაგრძობდა უკრაინის სხვა ოლქებზე იერიშებსაც. ღამით საოკუპაციო ძალებმა შაჰიდის ტიპის ოთხი დრონი გაუშვეს, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ასევე რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქების ქალაქებზე. ოკუპანტებმა ასევე ცეცხლი გახსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან უკრაინის ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით. არიან დაშავებული მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე 11 დარტყმა განახორციელეს. უკრაინულმა მხარემ გაანადგურა ოკუპანტების საბრძოლო მასალების ოთხი საწყობი, ასევე ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ათობით საარტილერიო საშუალება, რადიოლოკაციური სადგური.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა სულ გაანადგურეს „შაჰიდის“ ტიპის 23 დრონი, ოთხი ფრთოსანი რაკეტა, ცხრა სადაზვერვო დრონი, ჩამოაგდეს „მი-24“-ის ტიპის ვერტმფრენი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს.

„რაც შეეხება უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას F-16-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე“, – აღნიშნა მილერმა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან. „მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას“, – დასძინა მილერმა.

მისი თქმით, უკრაინელებს გარკვევით ეუბნებიან, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო.

„სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.