რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობაში ჩხრეკა ჩატარდა

153
spot_img

ოთხშაბათს დილით ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობაში ბელგიის ტერიტორიაზე რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.

მიმდინარე წლის აპრილში ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა გამოძიება დაიწყო პრორუსულ ქსელთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალად ედება ევროპარლამენტარებისთვის ფულის გადახდა კრემლის დღის წესრიგის წინ წასაწევად.

29 მარტს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს. ჩეხეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მედვედჩუკმა განახორციელა „რუსული გავლენის ოპერაცია“ რუსეთიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე მედიასაშუალება Voice of Europe-ის გამოყენებით.

აპრილის დასაწყისში ჩეხეთმა გამოავლინა, რომ რუსეთი იყენებდა პრორუს პოლიტიკოსებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება ევროპის არჩევნების წინ.

ჩეხურ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ფული გადაუხადა ევროპელ პოლიტიკოსებს, რათა მათ საარჩევნო კამპანიებში პროპაგანდის ელემენტი დაემატებინათ. კერძოდ, რუსეთმა მიმართა პოლიტიკოსებს ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და უნგრეთში და ასევე გადაუხადა ზოგიერთ მათგანს.