,,რუსეთის არმიაში „ბარდაგია“- „ვაგნერის“ მეთაური

101
spot_img

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის თქმით, ომის პირველივე დღეებიდან დაინახეს, რომ უკრაინა გაბედულად, ორგანიზებულად იბრძოდა და ბევრი მიმართულებით, რუსეთს მწარე პასუხიც გასცა. ახლა კი, პრიგოჟინისვე თქმით, უკრაინა უკვე კონტრშეტევისთვის არის მზად. „უკრაინის არმია მზად არის კონტრშეტევისთვის. მას აქამდე ცუდი ამინდი აკავებდა და შესაძლოა, რაღაც შიდა პრობლემებიც, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო – პირადი შემადგენლობა, „ლეოპარდის“ ტანკები არ იყო ჩასული და რაღაც ასეთი საკითხები. შეიძლება, მაღალი სიზუსტის ბომბები ჯერ კიდევ გზაში იყო. ახლა, უკრაინის გზებზე ტრანსპორტის აქტიური მოძრაობაა, სამხედროების გადაადგილება საზღვართან ახლოს აქტიურია, ნაკლებად გაწვრთნილ ქვედანაყოფებს მეტად გაწვრთნილებით ანაცვლებენ, ისინი კი გადასამზადებლად გადაჰყავთ. საერთო ჯამში, მათთან კარგი, სწორი საბრძოლო სამზადისი მიდის. უკრაინის არმია ის აღარაა, რაც 2014 წელს იყო. ჩვენ მათ ვაკვირდებოდით, ისინი ემზადებოდნენ. 2021 წლისთვის, ისინი მზად იყვნენ და როცა ჩვენ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია დავიწყეთ და როცა პირველი ბრძოლები იყო, უკრაინელები უკვე მაშინ ავლენდნენ, რომ ძალიან ორგანიზებული, გაბედული და მომზადებულები იყვნენ“, – აცხადებს პრიგოჟინი ვიდეოინტერვიუში. რაც შეეხება რუსეთის არმიას, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეისთვის, ის ცარიელ შოუზე დგას და სინამდვილეში, რუსულ არმიაში „ბარდაგია“. „ჩვენ კი, 1945 წლის [მეორე მსოფლიო ომის] დიდი გამარჯვებიდან მოყოლებული, სანამ არმია გვყავდა, მას ესმოდა, როგორ ებრძოლა. გავიდა ათეულობით წელი, გავიარეთ ავღანეთი, ჩეჩნეთი, სირია და ასევე 2014 წლის პატარა კონფლიქტი – წლების განმავლობაში, არმია სამხედრო სტრუქტურიდან, სოციალურ საზოგადოებად იქცა, სადაც ხალხი მოდიოდა, სწავლობდა, ზოგჯერ რაღაცას აკეთებდა და კვდებოდა. 2014 წლის შემდეგ წინ წავიწიეთ? იმ ადგილებზე დავრჩით, სადაც მაშინ ვიყავით (დონეცკის და ლუგანსკის ოლქები). ამ მრავალი წლის განმავლობაში რასაც ვხედავ, შეიძლება ვცდები და ვერ ვხედავ რაიმე სუპერ ქვედანაყოფებს, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არმია – ეს ძირითადად შოუა, ლამაზი ფოტოებია. თუ ბომბი იქ არ მიფრინავს, სადაც საჭიროა, ნაჩვენებია სურათი, სადაც ის ზუსტად იქ მიფრინავს, სადაც საჭიროა. 2022 წლის 24 თებერვალს დავიწყეთ ეს „ლამაზი“ სპეცოპერაცია, ბევრ მიმართულებაზე მწარე პასუხიც მივიღეთ და რა დავინახეთ – ხელმძღვანელობა არა, სწავლება არა, შეიარაღება არა, ყველგან „ბარდაგია“, – აცხადებს პრიგოჟინი.