რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას -ზელენსკი

90
spot_img

რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის და ომისა და ქაოსის გასაღვივებლად ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია უნდა გააქტიურდეს და გამოცოცხლდეს.

„წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო მისი აგრესია შავ ზღვაში. რუსეთი წლების განმავლობაში იყენებს თავის სამხედრო დასაყრდენს ჩვენს ყირიმში, რათა შეარყიოს სხვადასხვა ხალხის ნორმალური ცხოვრება. რუსეთმა შავი ზღვა გამოიყენა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის… ომისა და ქაოსის გასაღვივებლად ახლო აღმოსავლეთში – კერძოდ, სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ… ჩვენ მოვახერხეთ რუსეთისთვის ინიციატივის წართმევა შავ ზღვაში და შევქმენით უსაფრთხოების პირობები, რომლებმაც აიძულა აგრესორი, გაქცეულიყო ზღვის აღმოსავლეთი ნაწილიდან და დაემალა სამხედრო გემები. პირველად მსოფლიოში, შავ ზღვაში საზღვაო უპილოტოების ფლოტმა – უკრაინის ფლოტმა დაიწყო მოქმედება. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა, როგორც ჩვენი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რუსეთს არ შეუძლია, გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის… დარწმუნებული ვარ, სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მეტი გარანტიების შექმნას. შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ჩვენი თანამშრომლობის განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ბალკანეთისა და ბალტიის ზღვის რეგიონის ზრდის შესაძლებლობებზე. რუსული აგრესიის დაძლევით ჩვენ ვიცავთ ბალტია-შავი ზღვა-აზოვის სივრცისა და მეზობელი რეგიონების ყველა ხალხს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.