“რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ მინიმუმ 5 წელს გეგმავს” – რა განუცხადა პუტინმა სი ძინპინს

29
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მარტში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს, – ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი გაიმარჯვებს.

Nikkei Asia წერს, რომ “ხუთწლიანი ომის” შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სი ძინპინის ამბიციებზე ჩინეთის ლიდერის პოსტზე მისი მესამე ვადის განმავლობაში, კერძოდ, საუბარია, ტაივანის ანექსიაზე.

Nikkei Asia წერს, რომ პუტინის განცხადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალების შესახებ ცნობების დაუფიქრებლად მიღება არ უნდა მოხდეს.

„პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს“, – ნათქვამია სტატიაში.