„რუსეთი-უკრაინა: „მშვიდობის დამყარებაზე ლაპარაკი აკრძალულია“ – Politico

49
spot_img

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „რუსეთი-უკრაინა: „მშვიდობის დამყარებაზე ლაპარაკი აკრძალულია“ // რომის პაპის წინადადებას, რომ უკრაინამ თეთრი დროშა უნდა აღმართოს და მოლაპარაკება დაიწყოს, კიევმა და მისი მოკავშირეებმა უარით უპასუხეს, მაგრამ მოლაპარაკება მაინც მიუწევთ“. პუბლიკაციის ავტორები არიან ჟურნალისტები ბარბარა მოენსი, სტიუარტ ლაუ, სემ ბლუეტი, კლეა ქოლკატი, აიტორ ერნანდეს-მორალესი და ვერონიკა მელკოზეროვა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ ბევრი ევროპელი ლიდერი სირაქლემასავით თავებს ქვიშაში მალავდნენ და უარს აცხადებდნენ ეღიარებინათ უკვე კარსმომდგარი ომის საფრთხე. ახლა უკვე ომი მესამე წელია მიმდინარეობს, ისინი კი მშვიდობაზე ლაპარაკს ვერ ბედავენ.

ამას წინათ, როცა რომის პაპმა ფრანცისკემ თავისი აზრი გამოხატა უკრაინის ომის მიმართ – მოლაპარაკება აუცილებელია, რადგან კიევმა ვერ შეძლო თავისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაძევებაო – მისი პოზიციის განხილვა ევროპული პოლიტიკის ცენტრებში თითქმის არავინ არ მოისურვა. თანაც პაპის სიტყვები იმ დროს გაისმა, როცა უკრაინას ძალიან მძიმე დღეები უდგას, შესაბამისად, კიევმა ფრანცისკეს ნათქვამი მწვავედ და მტკივნეულად აღიქვა.

დასამალი არ არის, რომ უკრაინა დღეს მართლაც ისეთ სასოწარკვეთილ და უბედურ სიტუაციაში იმყოფება, რომლის მსგავსი მხოლოდ ომის დაწყების პირველ დღეებში იყო. დიდი ხნის ნანატრ შარშანდელ კონტრშეტევა უშედეგოდ დასრულდა და არავითარი გარღვევა არ მომხდარა, რუსეთი კი წინ მიდის. ამას ემატება ის ძალზე არასასიამოვნო ვითარება, რომელიც დასავლური დახმარების უზრუნველყოფის საკითხშია შექმნილი. განსაკუთრებით გაურკვეველი მდგომარეობაა ვაშინგტონში – ამერიკელი კონგრესმენები კიევისათვის დახმარების გაწევაზე ვერ თანხმდებიან.

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც პრეტენზია აქვს თეთრ სახლში დაბრუნებაზე, საკმაოდ დამაჯერებლად მიიწევს ახალი საპრეზიდენტო ვადისაკენ, ევროპულ ქვეყნებს კი საბრძოლო მასალები უთავდებათ. ასეთ გარემოებაში რომის პაპმა წამოჭრა კითხვა, რომელსაც, ალბათ, ბევრი მრავალჯერ გაიმეორებს მომავალ თვეების განმავლობაში: იქნებ უკვე დადგა დრო სერიოზულად ვიფიქროთ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებაზე?

ამ კითხვამ, თუნდაც არაოფიციალურად დასმულმა, ბევრ ევროპელ ჩინოვნიკში შიში და თრთოლა გამოიწვია. „პოლიტიკოს“ ჟურნალისტები სწორედ მათ ესაუბრნენ და ინტერვიუ აიღეს ამ სტატიის დასაწერად.

„ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყანამ ძალიან ემოციური რეაგირება მოახდინა პაპის იდეაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ“, – განმარტა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ევროკავშირიდან, – მათ ჯერ კიდევ ეშინიათ, რომ პუტინის აგრესიაში ისინი მორიგი მსხვერპლი გახდებიან, თუ კრემლს რაიმეში დავუთმობთ“.

უკრაინელების აზრით კი, სამშვიდობო მოლაპარაკებებს, უბრალოდ, აზრი არ აქვს მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი იქნება.

კიდევ ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ რუსეთი, თუნდაც ხელი მოაწეროს საზავო ხელშეკრულებას, კრემლი მას საბოლოოდ მაინც არ ჩათვლის: „პუტინი უკრაინას თავს ესხმოდა სულ ცოტა სამჯერ მაინც ბოლო ათი წლის განმავლობაში. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ თუ, ვთქვათ, მას ყირიმს, დონბასს, ხერსონს და კიდევ რაღაცას ოფიციალურად მივცემთ, ის თავის გეგმებზე უარს იტყვის და კიევის დასაკავებლად შეტევას არ დაიწყებს“.
„მოლაპარაკებაზე საუბარი არ უნდა აიკრძალოს“.

რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის დროსაც ათეულ ათასობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, ევროპული უსაფრთხოება რადიკალურად შეცვალა. ნატოს წევრები გახდნენ შვედეთი და ფინეთი, ევროკავშირის ქვეყნებმა კი საკუთარი თავდაცვის განმტკიცება სერიოზულად დაიწყეს.

მაგრამ უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა კარგად იციან, რომ მათი ძალისხმევა განწირულია ჩასაფუშად, თუ მთავარი არ იქნება – დახმარება აშშ-საგან. ევროპისაგან და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, აშშ-ში რუსეთთან მოლაპარაკების თემას ტაბუ არ ადევს. ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე ისინი არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავლენ. მაგრამ დონალდ ტრამპი, რომელიც, გამოკითხვების შედეგად, დღეს პოპულარობით უსწრებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ამბობს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ომს 24 საათში შეწყვეტს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მტკიცებით, დონალდ ტრამპი, როგორც კი პრეზიდენტი გახდება, უკრაინის დაფინანსებას სწრაფად შეწყვეტს.

რესპუბლიკელები კონგრესში უარს აცხადებენ უკრაინისადმი დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, ხოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები აჩვენებენ, რომ დონალდ ტრამპის მომხრეთა დიდი ნაწილი კიევის დახმარების წინააღმდეგ გამოდის.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც ტრადიციულად აშშ-ის უახლოესი სამხედრო მოკავშირედ ითვლება, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების იდეის წინააღმდეგ გამოდის. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება დონალდ ტრამპი გახდეს, ბრიტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მაინც არ დათანხმდებიან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაზე.

პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის გუნდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ამოცანაა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერება და იმის ჩვენება დონალდ ტრამპისთვის (და მისი მომხრე რესპუბლიკელებისათვის), რომ რუსეთთან ომში დასავლეთს გამარჯვება შეუძლია.

გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობას ასევე არ სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ვლადიმერ პუტინთან ერთად. დასავლეთევროპელი დიპლომატები სათადარიგო გემის შემუშავებაზეც კი არ ფიქრობენ კიევის დახმარებისადმი აშშ-ის უარის შემთხვევისათვის – ისინი შიშობენ, რომ თუ ევროპა ამაზე ლაპარაკს პირველი დაიწყებს, ამერიკა, დიდი ალბათობით, ნამდვილად უარს იტყვის: „თქვენ თუ არ გინდათ დახმარების გაგრძელება, მე საერთოდ არ მსურსო“.

ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტური შეზღუდვების მიუხედავად, „ევროპას ძალისხმევის გაორმაგება მოუწევს“. მისი თქმით, ეს იქნება არამარტო პოლიტიკური სიგნალი ვლადიმერ პუტინისათვის, არამედ ეს იქნება სიგნალიც აშშ-ის კონგრესში დებატების დაწყებისათვის უკრაინის დასახმარებლად“. იგი განმარტავს: „ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი წინააღმდეგია დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელი ლიდერები უკრაინის დახმარების საკითხში. ამჟამად ეს საკითხი ევროპისათვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ოდესმე ჩვენს წინაშე ყოფილა“.

ამერიკული დახმარების გარეშე ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის უზრუნველყოფას ფულით და სამხედრო ტექნიკით, აცხადებს დიპლომატი: „ამიტომაც ჩვენი მხრიდან სიფრთხილეა საჭირო, რომ ისეთი სიგნალები არ მივცეთ ამერიკას და არ შევუქმნათ შთაბეჭდილება, რომ ევროპა უკრაინისადმი დახმარებას აშშ-ის გარეშეც თავს გაართმევს. ჩვენ გვინდა, რომ რესპუბლიკელებმა თავიანთი პოზიცია შეცვალონ“.

არავითარი ყოყმანი და ეჭვები

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროპამ უკრაინის დაცვის საკითხში რუსეთის წინაშე რაიმე სისუსტე არ უნდა გამოიჩინოს: „მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანს წარმოადგენს“, – აღნიშნა პრემიერმა Politico-სთან ინტერვიუში, – მაგრამ მხოლოდ უკრაინის უფლებაა გადაწყვიტოს, თუ როდის შეიძლება სამშვიდობო კონფერენციის დაწყება“. ანტონიუ კოშტან ხაზი გაუსვა: „ევროკავშირის ვალია ისიც, რომ მან უყოყმანოდ აჩვენოს მტკიცე დგომა უკრაინის გვერდით და რომ ჩვენი ერთგულების მიმართ კიევს არავითარი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბოლო ხანს რუსეთთან დაკავშირებით თავისი პოზიციები გაამკაცრა: მან მოკავშირეებს მოუწოდა „ნუ იქნებიან მხდალები“ და ისინი გააფრთხილა, რომ არ გამორიცხავს სახმელეთო ჯარების გაგზავნას რუსებთან საბრძოლველად უკრაინაში. როგორც მაკრონის პარტია „აღორძინების“ ერთ-ერთი ლიდერი ბენჯამინ ჰადადი ამბობს, დარწმუნებული არ არის იმაში, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდას ნამდვილად მიუჯდება: „ამჟამად სიტუაცია კრემლის სასარგებლოდ გამოიყურება, რუსეთი იმარჯვებს ბრძოლის ველზე, ამერიკაში ტრამპი დამაჯერებლად წინ მიდის და განა პუტინს უნდა ვენდოთ, რომ იგი სერიოზულად გეგმავს მოლაპარაკებას?“.

ვლადიმერ პუტინი საჯაროდ ამტკიცებს, რომ იგი ღიაა მოლაპარაკებისა და „ტრაგედიის დასასრულებლად“. კრემლის ლიდერი ინტერვიუებში მუდმივად ამბობს, რომ მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ მოდით, გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა მართლაც მოლაპარაკება და რამდენად ახლოს არის ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების პოზიციები.

სიმართლეს თუ ვიტყვით, რუსეთისა და უკრაინის თვალსაზრისები რადიკალურად განსხვავდება: კიევს სურს მოსკოვისაგან იმ ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომლებსაც უკანონოდ ანექსირებულად მიიჩნევს 2014 წლიდან, ასევე უნდა, რომ მოსკოვმა მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს. კრემლი, თავის მხრივ, კატეგორიულ უარს აცხადებს დაუბრუნოს უკრაინას ოთხი ოლქის ტერიტორია, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებს 2022 წლიდან. მოსკოვი ასევე ითხოვს კიევისაგან, რომ უკრაინა უნდა განიარაღდეს, უარი თქვას ნატოში (ევროკავშირში) გაწევრებაზე და დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე.

ევროპული მთავრობების ზოგიერთი წარმომადგენელი არაოფიციალურად აღიარებს იმას, რომ უკრაინას (და დასავლეთს) რუსეთთან მოლაპარაკება, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს.

ევროპელმა ჩინოვნიკმა, რომლის სიტყვების ციტირება ზემოთ უკვე იყო, სამშვიდობო მოლაპარაკების იდეას „აკრძალული“ უწოდა იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ეშინიათ, რომ კრემლის მომდევნო სამიზნე გახდებიან, თუმცა, მისი აზრით, ქორისებურად განწყობილი ეს ქვეყნები შეიძლება იმედგაცრუებულები აღმოჩნდნენ.

„რეალისტები უნდა ვიყოთ, – ამბობს POLITICO-თან მოსაუბრე ჩინოვნიკი, – რაღაც გარკვეულ მომენტში ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკების დაწყება მშვიდობის დასამყარებლად და შეიძლება ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის თქმაც“.

წყარო