“რუსეთი თუ ევროკავშირი?- საქართველო საბედისწერო გამოცდის მოლოდინში”-Deutsche Welle

26
spot_img

„საქართველოში 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება, რომლის დროსაც მოსახლეობა საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებს: რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა – ევროკავშირისაკენ თუ რუსეთისაკენ“, – ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: “რუსეთი თუ ევროკავშირი? საქართველო საბედისწერო გამოცდის მოლოდინში” (ავტორი – ქრისტიან ტრიპე).

თავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში შეიძლება დიქტატურა დამყარდეს, რომლის შედეგი ის იქნება, რომ სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება – კანდიდატის სტატუსის მიუხედავად. ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს დასავლეთისაგან დისტანცირებისათვის – ამჟამინდელი პარლამენტი, რომლის შემადგენლობაში ძირითადად მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭარბობენ, ზედიზედ იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებსაც ოპოზიცია „რუსული კანონების ასლს“ უწოდებს. ოპოზიცია ამით მოსახლეობას შთააგონებს, რომ საქართველო თავისი პოლიტიკით რუსეთს ემსგავსება, რომელსაც კრემლი ავტორიტარული მეთოდებით მართავს.
რადიკალური საარჩევნო კამპანიის ფონზე „ქართული ოცნება“ „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ და აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი აიკრძალება. მთავრობა მოსახლეობას არწმუნებს, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევა სურს და ეს ყველაფერი დასავლეთის ეგიდით ხორციელდება. დამკვირვებლები თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობა აშკარად ცდილობს დასავლეთს გაემიჯნოს და რუსეთს დაუახლოვდეს, ანუ უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირებაზე.

ქართული ოპოზიცია ძირითადად ხუთი პარტიით არის წარმოდგენილი – მეტ-ნაკლებად ლიბერალური, კონსერვატიული და სოციალ-დემოკრატიული მიმართულებების მქონე ორგანიზაციების სახით. მათ პროევროპული კურსი აერთიანებთ და ერთმანეთთან გარკვეული კონკურენციის მიუხედავად, მკაფიოდ გამოდიან ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ამას წინათ მათ ივალდებულეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მტრობა შეწყვიტონ და ერთად გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული, ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაში პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი – მილიარდერი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში გაატარა და იქ გამდიდრდა. მან დააარსა „ქართული ოცნება“, რომელმაც 2012 წელს არჩევნებში გაიმარჯვა, მშვიდობიანად დაამხო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, მცირე ხანს იყო პრემიერის პოსტზე და შემდეგ, თუმცა პოლიტიკიდან წასვლა გამოაცხადა, მაინც ჩრდილოვან ლიდერად დარჩა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილი კვლავ აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და ანტიდასავლურ იდეებს ქადაგებს – „ვერავინ ვეღარ აიძულებს ქართველ ხალხს ფსევდოლიბერალური ფასეულობებით იცხოვროს და მის ტრადიციებში გარედან ჩაერიოსო“.

მილიარდერი და მისი პარტიის წარმომადგენლები თავს არიდებენ უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრებს. თუმცა როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, მსხვილი კომპანიის მენეჯერი ინკოგნიტოდ ამბობს, ოლიგარქის ანტიდასავლური განცხადებები „წმინდა წყლის რიტორიკას“ წარმოადგენს, საქართველო ევროპულ გზიდან არ გადაუხვევს და ამ ეტაპზე გაჟღერებული კრიტიკული გამონათქვამები რუსეთთან ბალანსის დაცვას ემსახურება და მეტს არაფერს. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პლაკატებზე ევროკავშირის დროშაა გამოსახული ასეთი წარწერით: „ევროპისაკენ – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით“.
მაგრამ როგორც შოთა უტიაშვილი ამბობს რონდელის ფონდიდან, „ქართული ოცნებას“ ამომრჩევლის მოტყუება სურს და აიძულებს, რომ არჩევანი გააკეთოს არა რუსეთს და ევროკავშირს შორის, არამედ თითქოსდა ომსა და მშვიდობას შორის.

რუსეთი საქართველოს ძლიერ ჩრდილოელ მეზობელს წარმოადგენს. რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა კავკასიაში – როგორც მეფე-იმპერატორების დროს, ასევე საბჭოთა ბელადების პერიოდში. რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს ხანმოკლე ომიც მოხდა, რომელშიც თბილისი დამარცხდა, მოსკოვმა კი გავლენა განიმტკიცა ორი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გაკონტროლების გზით, რომლებიც კრემლმა თვალთმაქცურად აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნებად. ორი რეგიონის დაკარგვა ქართველებისათვის დიდ ტრავმას წარმოადგენს. როგორც 2020 წელს კარნეგის ფონდის ეგიდით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ქართველთა 78%-ისათვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. მხოლოდ 13% თვლის, რომ პრიორიტეტი ევროპულ კურსს უნდა მიენიჭოს, ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში. მმართველი პარტია, როგორც იტყვიან, სწორედ „ამ კლავიატურით“ მანიპულირებს ამომრჩევლების წინაშე.

ისინი, ვინც ამ დღეებში თბილისში ინტერესდება, თუ არჩევნების როგორი შედეგი იქნება ქვეყნისთვის უარესი, სხვადასხვანაირ პასუხს იღებენ: დასავლელი დიპლომატები და დამკვირვებლები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ მმართველი პარტია ხმების ორ მესამედს მოაგროვებს, ეს იქნება დიქტატურის დამყარება კანონიერი საფუძვლით. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში მუდმივად ისმის მოდური ფრაზა „მეორე მინსკი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მალე ისეთ პოლიტიკურ რეპრესიებს განახორციელებს, როგორიც რამდენიმე წლის წინ მინსკში, ბელარუსში ხდებოდა.

„ამის საფრთხე მართლაც რეალურია, – ამბობს ნოდარ ხარშილაძე, „ქართული ანალიტიკური ცენტრის“ დამაარსებელი, – „ოცნება“ არჩევნების შედეგებს გააყალბებს, რაც თავის მხრივ საპროტესტო აქციებს გამოიწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან, რომელთა დაშინება შეუძლებელია“. თითქმის იგივე პოზიცია აქვს გიორგი მელაშვილსაც – ანალიტიკური ცენტრის “ქართულ-ევროპული ინსტიტუტის“ თანამშრომელს, რომლის თქმით, მმართველ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის განადგურება და ავტორიტარული, ერთპარტიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურს.

აგვისტოს ბოლოს რუსული დაზვერვის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა ირიბად მიანიშნა ქართველებს, რომ თუ არჩევნებში რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნება“ არ გაიმარჯვებს, მაშინ შეიძლება სიტუაციაში კრემლი ჩაერიოს. თუმცა თბილისში რუსეთის გაფრთხილებას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს. ყველა თვლის, რომ კრემლის რეაქცია „მხოლოდ თეატრალურია და იარაღის უშედეგო ჟღარუნს ჰგავს“. „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზები ცარიელია – ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული რუსული არმიის ყაზარმები. ყველა ფრონტზეა წასული“, – განმარტავს ექსპერტი შოთა უტიაშვილი. ამჟამად რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად საკმარის სამხედრო ძალას არ ფლობს.
ეს შეფასება დღეისათვის ერთადერთ რეალურ და პოზიტიურ პროგნოზად ითვლება, თუ რა შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, საპარლამენტო არჩევნებამდე. 26 ოქტომბრის შედეგები კი საქართველოს ნამდვილად შეცვლის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: