“რუსეთი არ გაჩერდება, უკრაინაში თუ მიზანს მიაღწევს, კვლავ თავს დაესხმება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებს”

27
spot_img

რუსეთი არ გაჩერდება, უკრაინაში თუ მიზანს მიაღწევს, კვლავ თავს დაესხმება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„მოდით, გვახსოვდეს, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისთვის, არამედ იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსაც, ეს არ უნდა დავივიწყოთ. უკრაინაში მიმდინარე ომი უდიდესი სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ომია. პუტინი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს მთელ მსოფლიოს, მის ყველა მხარდამჭერს, გააძლიერონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია უშუალოდ დასავლური სამყაროს წინააღმდეგ“, – განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, კრემლს ევროპაში „ომისგან დაღლილობის“ იმედი აქვს.

„მოსკოვი დარწმუნებულია, რომ დრო მის გვერდითაა და ის იმედოვნებს, რომ დაღლილი დასავლეთი შეზღუდავს მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერას და უბიძგებს კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ, ამიტომ დასავლეთი უნდა მოემზადოს გრძელი მარშისთვის, რომელშიც ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მხარს დავუჭერთ უკრაინას ბრძოლაში და დავეხმარებით მას აღადგინოს ქვეყანა აგრესორისგან ჩამორთმეული აქტივებითაც“, – აღნიშნა დუდამ.

მისივე თქმით, აშშ-ს მიერ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარისა და ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს განბლოკვა გადამწყვეტი იქნება.

დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში პასუხი ძალიან ნათელია: უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, სხვა გარე აქტორებმა ეს არ უნდა გააკეთონ უკრაინის სახელით.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გავა.

„ნებისმიერი სხვა გამოსავალი რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს. გთხოვთ, გახსოვდეთ ეს: რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე – აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები შეიძლება, გახდეს რუსეთის შემდეგი მსხვერპლი. რუსეთი თუ ამ ომში მოიგებს, ის თავს დაესხმება შემდეგ ქვეყნებს. ეს რუსული იმპერიალიზმისთვისაა დამახასიათებელი: ისინი ისევ და ისევ თავს დაესხმებიან სხვადასხვა ქვეყნებს“, – განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად.

„ეს არის ჩვენი ვალდებულება და იმედი მაქვს, რომ ამას გავაკეთებთ ყოველდღე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“ – განაცხადა დუდამ.