რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის დებიუტი შანხაის კინოფესტივალზე – Shanghai Daily

125
spot_img

ჩინეთის ქალაქ შანხაის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ „შანჰაი დეილში“ (Shanghai Daily) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის დებიუტი შანხაის კინოფესტივალზე“ (ავტორები – მიაო ჟენუანი და სიუ ვეი), რომელშიც განხილულია რეჟისორ ოლღა ბიჩკოვას მიერ გადაღებული რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ფილმის „ნინას“ დებიუტი 12 ივნისს, შანხაის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი საკონკურსო პრემიის „ოქროს თასის“ მოსაპოვებლად („ნინა“ ფილმის საერთაშორისო სახელია, მას აქვს ქართული დასახელებაც – „ჯონჯოლი“).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ფილმის შინაარსი:

ნინა 30 წლის ქალია, იგი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს მოსკოვში, ჰყავს მზრუნველი და ოჯახის მოამაგე ქმარი, ასევე ზრდის მცირეწლოვან ვაჟს და აქვს სამუშაო, რომელიც მას ძალიან მოსწონს. და ამ დროს გაისმის ტელეფონის ზარი თბილისში მცხოვრები ყოფილი შეყვარებულისაგან – რუსლანისაგან, რომელიც მძიმედ არის ავად. სწორედ ეს ზარი ანგრევს ნინას მშვიდ ცხოვრებას. რუსლანი სთხოვს მას, რომ თბილისში ჩავიდეს, სადაც ისინი ადრე ერთად ცხოვრობდნენ და დაეხმაროს. ნინა იღებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილებას, იგი ფიქრობს, რომ უკან მალე დაბრუნდება, მაგრამ ბედი სხვაგვარად განსჯის: ორივეს ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რაც საბოლოოდ ტრაგიკული ფინალით მთავრდება.

რუსი მსახიობი იულია პერესილდი ასრულებს ნინას – მგრძნობიარე და დაუცველი ქალის როლს. შანხაელმა მაყურებელმა იულიას მიერ განსახიერებული ნინას – როგორც რბილი ხასიათის და იმავდროულად სიცოცხლისმოყვარული მკაცრი ადამიანის – როლი მაღალ დონეზე შეაფასა.

„რაც შეეხება ნინას, მას იმედი აქვს, რომ სიყვარულის გრძნობას შეინარჩუნებს, მაგრამ ამისთვის ქალი ძალიან მაღალ ფასს იხდის“, – ამბობს 38 წლის ცნობილი რუსი მსახიობი იულია პერესილდი, რომელსაც უკვე ათობით როლი აქვს შესრულებული კინოსა და სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის იმ ფილმშიც, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზეა გადაღებული, რეალურ სიტუაციაში.

ფილმის პროდიუსერის ეკატერინა ფილიპოვას თქმით, რეჟისორ ოქსანა ბიჩკოვასათვის ნინას პერსონაჟი თავის პირად აზრებს და კონცეფციას განასახიერებს, ხოლო მთავარი გმირის პროტოტიპი ნამდვილად არსებული ადამიანი გახლავთ, მის თავს გადახდენილი ისტორიით.

„რეჟისორს ამ ისტორიით სურს აჩვენოს მაყურებელს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ არცთუ იშვიათად, არჩევანის გაკეთების შედეგად შესაბამისი ძვირი ფასის გადახდაც გვიწევს“, – აღნიშნავს იულია პერესილდი გაზეთ „შანჰაი დეილის“ კორესპონდენტებთან საუბრის დროს.

წყარო