როსტომ ცხვედიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რაჭის გუბერნატორის მოადგილე იყო – არჩილ თალაკვაძე

19
spot_img

ქალბატონმა ეკატერინა ხვედელიძემ ძალიან ღირსეულად, გულწრფელად და ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე უპასუხა ბატონ როსტომ ცხვედიანს, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, როსტომ ცხვედიანმა ნეიტრალური ექიმის სახელით მიმართა ეკატერინა ხვედელიძეს, მაშინ როცა 2009-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, რაჭის გუბერნატორის მოადგილე, ხოლო 2016 წელს პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი იყო მისი პარტიიდან.

„რაც შეეხება თავად ბატონ ცხვედიანს, რომელმაც ნეიტრალური ექიმის სახელით მიმართა ქალბატონ ეკას, ალბათ მართებული იქნებოდა და უფრო სწორი იქნებოდა, მას ეთქვა თავიდანვე, რომ ის იყო 2009-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, რაჭის გუბერნატორის მოადგილე და 2016 წელს იყო პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი მისი პარტიიდან. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც საზოგადოებას მისცემდა საშუალებას, რომ მისი მიმართვა შეეფასებინა. ალბათ უფრო სწორი და მართებული იქნებოდა, რომ ნეიტრალური ექიმის პოზიციიდან კი არა, მიემართა მას იმ პოზიციიდან, რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როსტომ ცხვედიანმა ეკატერინა ხვედელიძეს „ფორმულას“ ეთერში მიმართა: „მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის – დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად. თუ შენ ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე. დღეს საქართველოში ასე დგას საკითხი – სხვა გზა არ გვაქვს. უნდა გადავრჩეთ, გადარჩენისთვის კი შერიგებაა საჭირო“.