“როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ” – მარიამ ქვრივიშვილი

37
spot_img

დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ როგორც შიდა, ასევე ჩვენს საერთაშორისო მოგზაურებს გუდაურში ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ, ასევე დახვდებათ განახლებული და რეაბილიტირებული სასრიალო ტრასები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მთაზე გავატაროთ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი, გავზარდოთ გამტარუნარიანობა, რაც დაეხმარება კერძო სექტორს, განთავსებისა და კვების ობიექტებს, რომ კიდევ უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა  განაცხადა.

„გუდაურში საზეიმო ვითარებაში ზამთრის ტურისტული სეზონი და ასევე ახალი საბაგირო კომპლექსი გავხსენით, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუდაურში მოაწყო. ეს არის ახალი საბაგირო კომპლექსი, რომელიც გულისხმობს ორ დამოუკიდებელ, პარალელურ ხაზს. ამ საბაგიროს გარშემო ჩვენ მოვაწყვეთ სრულიად ახალი 6კმ-იანი სასრიალო არეალი, ასევე მოხდა არსებული 70კმ-იანი სასრიალო ტრასის რეაბილიტაცია. მიმდინარე სეზონისთვის ასევე შევიძინეთ ახალი სპეცტექნიკა, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი სასრიალო ტრასები იყოს ევროპული სტანდარტებით მოწესრიგებული“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.