მიღებულია პრაგმატული გადაწყვეტილება ე.წ. გლობალური ომის მხარდამჭერ ძალებში, სადაც უკრაინა თავისი პოზიციით წამყვან როლს თამაშობს, მას აქვს ასეთი პოზიცია, რომ საქართველოს ამ საომარ ვითარებაში ჩართვა, სწორედაც ისაა, რაც მის ამოცანასა და გეგმას წაადგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიას განუცხადა.
მან საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე ისაუბრა.
„როგორც კი სააკაშვილმა უკანონო გზით გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, რასაკვირველია, მომენტალურად ცხადი გახდა, რომ უკრაინა არა თუ მხარდამჭერია ჩვენი ევროპული გზის, არამედ წინააღმდეგია, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს არსებული ხელისუფლების წარმატება ჩაითვლებოდა იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რაც უკრაინას გააჩნდა.
პრაგმატულია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ე.წ. გლობალური ომის მხარდამჭერ ძალებში, სადაც უკრაინა წამყვან როლს თამაშობს თავისი პოზიციით. მას აქვს ასეთი პოზიცია, რომ საქართველოს ამ საომარ ვითარებაში ჩართვა, სწორედაც ისაა, რაც მის ამოცანასა და გეგმას წაადგება. რასაკვირველია, უკრაინის სიტყვას, მოთხოვნას, თუნდაც კაპრიზს ამ შემთხვევაში გარკვეული წონა გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მან ასევე ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით დავით არახამიას მიერ წარდგენილ და რადას მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც.
„რადას რეზოლუციასთან დაკავშირებით არ უნდა ვისაუბროთ მარტო და განყენებულად არ უნდა განვიხილოთ, ევროპარლამენტის რეზოლუციები უნდა მოვიყვანოთ, ერთი და მეორე; სააკაშვილის მდგომარეობა უნდა გავიხსენოთ და ზუსტად რაც ვიცით, ის უნდა ვთქვათ: სააკაშვილი გეგმაზომიერად, თვითდაზიანებას ეწევა იმისთვის, რათა მისი თემა აქტუალური იყოს და გამოყენებული იყოს იმ ბერკეტად, რომელიც საქართველოზე შეტევისთვისაა საჭირო“, – დასძინა ვოლსკიმ.