როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი კენჭისყრა, პირველი ეტაპი ქართველმა ხალხმა მოიგო – გიორგი ვაშაძე

12
spot_img

ამ ორ თვეს ჰყავს გამარჯვებული, ეს არის ქართველი ხალხი. ამ 2 თვეს ჰყავს დამარცხებული და ეს დამარცხებული ხართ თქვენ, „ქართული ოცნება“, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხის მთავარი გამარჯვება 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე იქნება.

„პირველი ეტაპი ქართველმა ხალხმა მოიგო, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი კენჭისყრა, მაგრამ მთავარი გამარჯვება, მთავარი ეროვნულ-განმათავისუფლებელი დღე იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ, „რუსულ კანონთან“ ერთად, მთელს თქვენ პოლიტიკურ ძალას ბნელ ისტორიას ჩააბარებს ქართველი ხალხი. არ გეგონოთ, რომ ეს პროტესტი განელდება. არსად წავა ეს ერთიანი სულისკვეთება, რაც დღეს საქართველოშია. ჩვენ წავალთ წინ, ამაყად ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის 26 ოქტომბერს ძალიან დიდ გამარჯვებას იზეიმებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს ნამდვილად აჩვენა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი უდრეკი ერია, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ სამყაროში. ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ხელისუფლებას ქართველი ხალხის არ ესმის.

„დიახ, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ რაც უნდა სხვა გზას დაადგეს საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნება არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება. 2 თვის მანძილზე უპრეცედენტოდ განგრძობადი, უპრეცედენტო რაოდენობის პროტესტმა კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს აღიარება მოიპოვა. ბატონო შალვა, ჩვენ მსოფლიო ლიდერებს კი არ ვუსმენთ, ჩვენ ქართველ ხალხს ვუსმენთ და ის მსოფლიო ლიდერებიც იმ ასობით ათას ქართველ ხალხს უსმენენ, რომელიც ქუჩაში დგას და ერთ რამეს გეუბნებათ: „არა რუსულ კანონს, კი ევროკავშირს“. ამ ადამიანების ესმის აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ესმის გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ევროკავშირის ლიდერებს, მთელ მსოფლიოს, მაგრამ თქვენ ამ ადამიანების არ გესმით. ამიტომ არის, რომ პროტესტი გრძელდება. დღევანდელი დღე ნამდვილად გადამწყვეტი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღევანდელ დღეს კიდევ ბევრჯერ გაიხსენებს ქართველი ხალხი, ვინ რა ნაბიჯი გადადგა, ვინ რა პოზიცია დაიჭირა“, – განაცხადა ვაშაძემ.