როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს – მამუკა მდინარაძე

92
spot_img

ირაკლი კობახიძემ 2022 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ თუ დეკემბერში მივიღებდით სტატუსს, ამ შემთხვევაში ბარიერი დაიწევდა. ოღონდ 2022 წლის ზაფხულს არავინ ახსენებს, რადგან იქნებ ვიღაც მოტყუვდეს, ეს ხომ არ არის წელს გაკეთებული განცხადება. შეგნებული მანიპულაცია და მავნებლობაა ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ბარიერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბარიერის დაწევაზე ოპოზიციის მოთხოვნა აჩვენებს, რომ მათ მხოლოდ პარლამენტის მანდატები სურთ.

„ბარიერის დაწევის მოთხოვნიდან ჩანს, რომ საუბარია პარლამენტარობაზე და არა რაიმე სხვა სახის წარმატებაზე. პარლამენტის მანდატები უნდათ უბრალოდ, თორემ რაიმე გამარჯვების შანსზე რომ ფიქრობდნენ, ბარიერს საერთოდ არ შეეხებოდნენ. ან როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ მოაგროვებს 90 000-დან 100 000-მდე ხმას. მაქსიმუმია ეს, რაც საქართველოში 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახადაა საჭირო. თუ 100 000 და 90 000 ხმაზე მეტს ვერ იღებ, რომელ პარტიაზეა ლაპარაკი? უნდა იფიქრო, რომ ამას აუცილებლად ვინმე შენიშნავს. როგორც კი შენ  ბარიერის დაწევას ითხოვ, ე.ი. აქ შენ არ გაქვს იმედი, რომ 90 000-დან 100 000-მდე ხმას მოაგროვებ. ჩვენ ხომ ევროპის გზაზე ვდგავართ და ყოველ მეორე, მესამე წელს კონკრეტული წარმატებები გვაქვს 2013 წლის შემდეგ, ხელშესახები, კონკრეტული საფეხურები გავიარეთ ევროინტეგრაციის გზაზე და იმ ევროპის კავშირში მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც სამი და ნაკლები ბარიერი აქვს. ეს არის ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია და დანია, თუ ბელგია, არ მინდა, შემეშალოს. უფრო მეტ ქვეყანაში არის 4 ან 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩვენ თუ ევროპულ გზაზე ვდგავართ, გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და რის დამზღვევადაც პლურალიზმის მეორე მხარედ ბალანსისთვის ევროპელები და ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ კარგია 5-პროცენტიანი ბარიერი, რაც ევროპულ ქვეყნებში ნახევარზე მეტ მათგანშია კონსტიტუციით გათვალისწინებული, მოდით, ჩვენც ამ გზას მივყვეთ. თუ ვინმეს უნდა, იმანიპულიროს, მოატყუოს ხალხი, რომ კობახიძე დაგვპირდა, დააყოლოს, რომელ წელს იყო საუბარი, რომელი წლის დეკემბერს შეეხებოდა და მათი ტყუილიც, როგორც ყველა დანარჩენი, მოკლეფეხებიანი აღმოჩნდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.