როგორ დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა – რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“

60
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC Russian) სათაურით „ყველაფერი გეგმის დარღვევით განვითარდა“: ამერიკულმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოიკვლია, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა“, გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნული პუბლიკაციის შინაარსია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) ორ ნაწილად გამოაქვეყნა ვრცელი მასალა, რომელშიც გამოკვლეულია უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობის მიზეზები – თუ რატომ ვერ მიაღწიეს შეიარაღებულმა ძალებმა მოსალოდნელ შედეგებს, რამაც, საბოლოო ჯამში, უთანხმოება და დავა გამოიწვია ვაშინგტონსა და კიევს შორის.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები ათობით უკრაინელ, ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებს ესაუბრნენ. ისინი შეხვდნენ აგრეთვე ფრონტის წინა ხაზზე მყოფ 20-ზე მეტ ოფიცერს და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინის არმიიდან.

პირველ ნაწილში – „აშშ-ისა და უკრაინის შეცდომები და უთანხმოება კონტრშეტევის დაგეგმვის დროს” – გადმოცემულია აშშ-ის მონაწილეობის მასშტაბებეზე უკრაინის არმიის კონტრშეტევის მომზადებაში და საუბარია იმ ფაქტორებზე, რომლებმაც საომარ სიტუაციაზე ნეგატიური გავლენა მოახდინეს.

მეორე ნაწილში – „რატომ შეჩერდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა” – აღწერილია ზაფხულში და შემოდგომაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, როცა პარალელურად ძლიერდებოდა უტანხმოება ვაშინგტონსა და კიევს შორის.

კონტრშეტევის დაგეგმვა

კონტრშეტევის მომზადებისას, უკრაინელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა ოფიცრებმა  რვა ფართომასშტაბიანი „სამხედრო თამაშები“ ჩაატარეს, რომლის დროსაც ბრძოლის ველზე სიტუაციის სავარაუდო განვითარების ვარიანტთა მოდელირება განახორციელეს, სპეციალური კომპიუტერულ-პროგრამული უზრუნველყოფით. უკრაინელი ჩინოვნიკები იმედოვნებდნენ, რომ ისინი გაიმეორებდნენ 2022 წლის შემოდგომის წარმატებას, როცა უკრაინის არმიამ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს ხარკოვის ოლქიდან და ხერსონიდან უკან დაახევინა.

კიეველ გენერლებს კონტრშეტევის განხორციელება ისევ რამდენიმე მიმართულებით უნდოდათ, მაგრამ დასავლელი ოფიციალური პირები (როგორც „სამხედრო თამაშების“ დროს, ასევე კონფიდენციალურად) უკრაინელებს თხოვდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა ძალების „ერთ მუშტად შეკვრა“, ანუ კონტრშეტევის ერთი ძირითადი, მთავარი სტარტეგიული მიმართულებით განხორციელება – მელიტოპოლის დაკავებით, აზოვის ზღვაზე გასვლით და ყირიმ-დონბასის სემაერთებელი სახმელეთი დერეფნის გადაჭრით.

ყველაზე ოტიმისტური სცენარის მიხედვით, უკრაინას აღნიშნული მიზნის მიღწევა შეეძლო 60-90-დღიანი ბრძოლების განმავლობაში. მოდელირება ითვალისწინებდა მძიმე და სისხლიმღვრელ ბრძოლებს – ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის 30-40%-იან დაკარგვას.

„სამხედრო თამაშების“ შედეგებმა ამერიკელები აიძულა უკრაინელი კოლეგებისთვის ეთქვათ: „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ძალიან-ძალიან-ძალიან გინდათ წარმატების მიღწევა, მაგრამ ისე როგორც თქვენ გეგმავთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ“, – ეუბნება „ვაშინგტონ პოსტის’ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკი.

იმავდროულად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ იმას, თუ რამდენად მძიმეა  ისეთი სტრატეგიის მიღება, რომელიც მნიშვნელოვან დანაკარგებს ითვალისწინებს. უკრაინელი ჩინოვნიკების თქმით კი, „სამხედრო თამაშების“ დროს განხილული გეგმა საერთოდ არ ემთხვეოდა რეალურად ფრონტზე შექმნილ ვითარებას.

პენტაგონს სურდა, რომ კონტრშეტევა აპრილის ბოლოს დაწყებულიყო, რათა რუსებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ თავდაცვის ხაზი განემტკიცებინათ, მაგრამ უკრაინელები აყოვნებდნენ და აცხადებდნენ, რომ აუცილებელია დამატებითი მომზადება და იარაღის მეტი რაოდენობით მიწოდება. კიევის ერთ-ერთი საკვანძო უთანხმოება ამერიკელებთან ის იყო, რომ ამერიკელები უკრაინელებისაგან მოითხოვდნენ ისე ებრძოლათ, როგორც ნატოს არცერთ სახელმწიფოს არ უბრძოლია – ჰაერიდან ეფექტური მხარდაჭერის გარეშე. თავის მხრივ, უკრაინელები ითხოვდნენ თანამედროვე ავიაგამანადგურებლებით უზრუნველყოფას.

„უკრაინელები [კონტრშეტევის დაწყების] თარიღებს გვისახელებდნენ, ბევრ თარიღს, – ამბობს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, – ხან აპრილში, ხან მაისში… ვადები ბევრჯერ გადაიდო. საბოლოოდ, ივნისის დასაწყისს გვეუბნებოდნენ“.

უკრაინელი ჩინოვნიკების ვერსიით, კონტრშეტევის დაწყების გადადება იმითაც იყო გამოწვვეული, რომ დაპირებული სამხედრო ტექნიკა გვიან მიიღეს და როცა მიიღეს, გაუმართავები აღმოჩნდნენ. რასაკვირველია, რემონტს დრო დაჭირდა.

ამერიკელები ამ ფაქტს უარყოფენ: „ჩვენ მათ ყველანაირი სახმელეთო ტექნიკა მივეცით, რაც მოითხოვეს“, – უთხრა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. რიგ შემთხვევებში, ოფიციალური პირების თქმით, უკრაინამ ვერ მოახერხა დროულად და ოპერატიულად განელაგებინა მიღებული ტექნიკა ფრონტის ხაზზე. გარდა ამისა, უკრაინის არმიის სარდლობამ ამერიკული ტექნიკის ნაწილი სარეზერვოდ შეინახა ან ისეთ ქვედანაყოფებს გადასცა, რომლებიც კონტრშეტევაში არ მონაწილეობდნენ.

აშშ და ევროპელი მოკავშირეები იმედგაცრუებულნი იყვნენ უკრაინელი კოლეგების საქციელით და გრძნობდნენ, რომ კიევი მათ მთლიან ინფორმაციას უმალავდა და არ აძლევდა. „შესაძლოა უკრაინელებს შეეშინდათ, რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაეღუპებოდათ?“ – ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციის ავტორების მიერ, – „ან შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ უკრაინის ხელმძღვანელობასა და არმიის სარდლობას შორის უთანხმოება გაჩნდა“?

საბოლოო ჯამში კონტრშეტევა ივნისის პირველ ნახევარში დაიწყო და მაშინვე გეგმიდან გადახვევით განვითარდა.

კონტრშეტევა

„ვაშინგტონ პოსტის“ მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების უკვე მეოთხე დღეს უკრაინელებმა უარი თქვეს თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმაზე, რომელიც ამერიკელებთან ერთად რამდენიმე ტვის განმავლობაში შეიმუშავეს, შემდეგ კი შეტევა პრაქტიკულად შეაჩერეს: უკრაინის არმია იცოდა, რომ დანაღმული ველების გადალახვა მოუწევდა, მაგრამ არ ელოდნენ იმას, რომ ტერიტორია რუსების მიერ ესოდენ მჭიდროდ იქნებოდა დანაღმული.

„მიწის თითოეული კვადრატული მეტრი ოთხ იარუსად იყო დანაღმული“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“. უკრაინელმა სამხედროებმა დანაღმული ველების ტანკებითა და ჯავშანმანქანებით გადალახვის წესები გერმანიაში, სწორ ადგილზე შეისწავლეს, მაგრამ გერმანიაში შეძენილი ცოდნა უკრაინაში არ გამოადგათ: ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ნიადაგი ფხვიერია და ლანდშაფტიც გერმანიისაგან განსხვავდება, მათ ძალიან გაუჭირდათ ნაღმებისაგან გათავისუფლებულ ვიწრო ადგილებზე მძიმეწონიანი დასავლური ტანკებით გადაადგილება.

კონტრშეტევაში მონაწილე ზოგიერთი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა 70 პროცენტს საბრძოლო მომზადება გავლილი არ ჰქონდათ. შესაბამისად, ისინი საომარი გამოცდილების გარეშე ჩაებნენ ბრძოლაში. სწორედ ეს ქვედანაყოფები იყვნენ თანამედროვე დასავლური ტექნიკით აღჭურვილი.

საბოლოოდ, იმის ნაცვლად, რომ დღეში 14-კილომეტრიანი გარღვევა მოეხდინათ, როგორც დაგეგმილი იყო, უკრაინელებმა, თითქმის ექვსთვიანი ბრძოლების შედეგად, წინ მხოლოდ 32 კილომეტრით წაიწიეს და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო ის, რომ რუსეთმა ისეთი 1000-დოლარიანი დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) კონცენტრაცია მოახდინა, რომელსაც მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების ტანკი მწყობრიდან გამოჰყავდა.

საარტილერიო საბრძოლო მასალებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან ძვირფასია ორივე მხარის არმიებისათვის, FPV ტიპის ერთჯერადი იაფფასიანი დრონები შეიძლება გამოყენებული იყოს ქვეთი სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ – როგორც სანგრებში, ასევე მათი გადაადგილების მომენტში. რუსული დრონების წარმატებული მოქმედების გამო დაყოვნდა დაჭრილების ევაკუაცია და მოწინავე ნაწილების მომარაგება, რაც სასიკვდილო და სახიფათო ამოცანად გადაიქცა.

„ჩვენი პრობლემა ჯერ ნაღმები იყო, შემდეგ კი დრონები“, – ციტირებს „ვაშინგტონ პოსტი“ უკრაინის არმიის 47-ე ბრიგადის ოცეულის მეთაურის ოლეგ სენცოვის ნათქვამს.

ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკები, რომლებიც თავიანთ დოქტრინას ეყრდნობოდნენ, უკრაინელებს მოუწოდებდნენ, რომ სანამ მექანიზებული სახმელეთო ნაწილები თავიანთი სამიზნეების დასაკავებლად წინ მიიწევდნენ, მანამ მტრის გასანადგურებლად არტილერია გამოეყენებინათ. ამასთან, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, სიკვდილისმთესველი რუსული დრონების გამო მათ დასახული ამოცანები ვერ შეასრულეს და გეგმის დარღვევა მოუწიათ.

უკრაინის არმიის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აშშ-სთან უთანხმოება გამოიწვია. „ვაშინგტონ პოსტის“ მონაცემებით, ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს კონტრშეტევის დაწყების დროს კიევში ტელეფონზე არ პასუხობდნენ.

ჰაერიდან მხარდაჭერის გარეშე

როც აშკარა გახდა, რომ უკრაინის არმია წინ ვერ მიდიოდა, ამერიკელები სულ უფრო მეტად შფოთავდნენ, რომ უკრაინის არმიის სარდლობა სამხრეთის მიმართულებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. აგვისტოში ჩატარებული ვიდეოკონფერენციის დროს, ამერიკელი სამხედროები დაბეჯითებით ითხოვდნენ, რომ შეტევისათვის ჯარის თავმოყრა ერთ წერტილში უნდა მომზდარიყო. ამის საპასუხოდ ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელებს პრობლემები გააცნო: ჰაერიდან მხარდაჭერის არარსებობა, დიდი ფართობის მქონე დანაღმული ველები და რუსების თავდაცვის ორგანიზება საკმაოდ მაღალ დონეზე (გამაგრებული ზღუდეები, სანგრებისა და ტრანშეების ჩათვლით).

სექტემბერში, როცა ნატოს გენმდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს – „რატომ მიმართა ჯარის დიდი ნაწილი აღმოსავლეთით და არა სამხრეთით“, მან უპასუხა, რომ თუ რუსები ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს – დონბასს დაკარგავენ, ისინი ომში დამარცხდებიან.

საბოლოო ჯამში, თითოეული მხარე მეორეს აბრალებდა შეცდომებს და გაუთვლელობას, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“. ამერიკელი ჩინოვნიკები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინამ ვერ აითვისა საბაზო სამხედრო ტაქტიკა, დანაღმული ველების მიწისზედა დაზვერვის ჩათვლით.

უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ამერიკელებს არ ესმით, რომ დამრტყმელმა დრონებმა და სხვა ტექნოლოგიებმა ბრძოლის ველზე სიტუაცია შეცვალეს.

კონტრშეტევა ჩიხში შევიდა და პოზიციურ ბრძოლად გადაიქცა, თანდათანობითი და დაყოვნებული წინსვლით.

„უკრაინამ დაახლოებით 520 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, მაგრამ ათობით ათასი დაღუპული მეომრის სიცოცხლის ფასად. დასავლეთის მიერ მილიარდობით გაწეული სამხედრო დახმარებამ სასურველი ნაყოფი არ გამოიღო“, – ასკვნის „ვაშინგტონ პოსტი“.

წყარო