“როდესაც საუბარია ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რუსეთის აგრესიაზე, საქართველო დღის წესრიგში ყოველთვის უნდა იყოს”

24
spot_img

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად კანდიდატი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას ისეთი საკითხების განხილვაში, რაც ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუგეში, ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიაში მონაწილეობს.

მისი თქმით, როდესაც საუბარია უსაფრთხოების პოლიტიკაზე და რუსეთის აგრესიაზე, საქართველო დღის წესრიგში ყოველთვის უნდა იყოს.

„ამ თვალსაზრისით კარგი შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა ევროპელ კოლეგებთან იმ საკითხებზე რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. კარგი იყო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეჟღერებინა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანდასწრებით ჩვენი პოზიციები საქართველოს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თანხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. საქართველოს ჰყავდა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ცენტრალური აფრიკის მისიაში, მალის მისიაში და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იცოდნენ იმ კონტრიბუციის შესახებ, რაც საქართველოს აქვს განხორციელებული. ჩვენ ასევე ვართ ერთის მხრივ ბენეფიციარი ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე 15 წელიწადია მოქმედებს საქართველოში. აქაც მნიშვნელიანია, რომ გვახსოვდეს, რომ ამ მისიას აქვს მანდატი, რაც ითვალისწინებს მონიტორინგს არამხოლოდ ამ ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და სამწუხაროდ მათ ჯერ კიდევ არ ეძლევათ ეს შესაძლებლობა და ესეც მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ კოლეგებს, რომ როდესაც საუბარია უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რუსეთის აგრესიაზე, საქართველო დღის წესრიგში ყოველთვის უნდა იყოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.