“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ: “არ გვჭირდება ასეთი ევროპა“, – მე ვსაუბრობ იმ შეურაცხყოფებზე, რაც ისმის კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან”

96
spot_img

რა კითხვასაც ახლა თქვენ სვამთ, ეს არის ჩვეულებრივი მონური აზროვნება და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპაში შესვლა, სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომით არის შესაძლებელი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, სხვა რა არის, თუ არა მის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადება, რომ „ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა“.

ჟურნალისტმა კალაძეს ეს კითხვა მას შემდეგ დაუსვა, რაც კალაძემ აღნიშნა, რომ ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს იმისას, რომ ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს.

„თქვენ ვერ დამისახელეთ ვერც ერთ განცხადებას, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მე გამეკეთებინოს ანტიდასავლური განცხადება. თუ თქვენ ანტიდასავლურს უწოდებთ იმ კონკრეტული ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხს, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის მიმართ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, ყოველთვის იქნება შესაბამისი პასუხი, როდესაც არის მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს. ან როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავია, არც ეს არ უნდა გაატარო, მაქსიმალურად უნდა მიაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე“,- განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდი ყოველთვის რეაგირებს ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და როგორც კალაძემ აღნიშნა, შეურაცხყოფა არის ის, როდესაც კანდიდატის სტატუსის საპირწონედ სააკაშვილის საქმეს აყენებენ.

„რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ: “არ გვჭირდება ასეთი ევროპა“, – მე ვსაუბრობ იმ შეურაცხყოფებზე, რაც ისმის კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც მოგვევლინებიან, რომ ვითომ საქართველოს მეგობრები არია. რეალურად ამ ადამიანებს, არც დემოკრატიასთან, არც ევროპასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის განცხადება, როდესაც, მაგალითად, სტატუსის მიღების საპირწონედ და ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ კრიმინალ სააკაშვილის საკითხს გიყენებენ. რა თქმა უნდა, ეს შეურაცხმყოფელია და ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. რა კითხვასაც ახლა თქვენ სვამთ, ეს არის ჩვეულებრივი მონური აზროვნება და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჯერ კიდევ საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპაში შესვლა, სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომით არის შესაძლებელი“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძე ასევე გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელმძღვანელობის სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსის შეფასება მოხდეს და აღნიშნა, რომ თუ მათთან წინააღმდეგობაში მოდის ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ამ პარტიაში არაფერი ესაქმება.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს ამის გამეორება, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რითაც ვამაყობთ, არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ტრადიციები, ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებულია მაგალითად ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ჩვენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია და რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებთ. როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება. მოდით ვნახოთ, რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და რაზე იყო კონკრეტული ყურადღება გამახვილებული – იყო ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე და თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში“,- განაცხადა კალაძემ.