“რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია, გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა”

22
spot_img

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რატომ გახდა აუცილებელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

როგორც აზარაშვილმა განაცხადა, დღეს არსებული პირობებით, სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით, დღეისთვის კლინიკა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„2022 წლიდან აქტიურად დავიწყეთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. მათ შორის, გახსოვთ, რომ 2024 წლის ბოლომდე კლინიკებს ვალდებულება აქვთ საერთაშორისო აკრედიტაციის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით შემოვიტანეთ სტანდარტები და აქტიურად ვახორციელებთ ამ სტანდარტებზე მონიტორინგს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი, კიდევ სხვა ბევრ რეფორმასთან ერთად, მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი, ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც ჩასატარებელია, კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს ორი შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება. ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება. იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ყველა ის მიმართულება თუ პროფილი ექნება, რაც მრავალპროფილური კლინიკისთვის აუცილებელია.

რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადმა დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული. სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გადაუდებლად აუცილებელი, საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, მთავრობაზე მივიღეთ თანხმობა, რომ არსებული ფასადის სადემონტაჟო სამუშაოებს დავიწყებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, აზარაშვილის განცხადებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონ ლარს შეადგენს.

„ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტის ტენდერი აუცილებლად უნდა იყოს სრულიად საერთაშორისო, რადგან საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის, შექმნის პროცესში. სამუშაოები დაახლოებით 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი, აღჭურვა, აშენება რემონტის ჩათვლით, იქნება დაახლოებით 200 მილიონი ლარი. თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი სახსრებიდან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში, დონორები მზად არიან, ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში. ჯერ ასეთი საჭიროება არ იკვეთება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს უპრეცედენტო და ღირსეული პირობები შესთავაზეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზების გაკეთება, რომელიც ძალიან მკაფიო და უპრეცედენტოა. მათ დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს. სხვადასხვა შეთავაზებაა, რომელიც მოიაზრებს სურვილის შემთხვევაში, ერთიანად თორმეტი თვის კომპენსაციის გადახდას ან დასაქმებას სულ მცირე, იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და ოთხთვიანი კომპენსაციის გადახდას. თანამშრომელს თუ სურს, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო სამი თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. შეთავაზებული პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა. ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. რამდენიმე თვის წინ თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ, წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც გვიდგანან გვერდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში, ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.