რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია -კახა კალაძე

20
spot_img

რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე მმართველი გუნდის ინიციატივა სწორი და დროულია, რადგან ხარვეზი იყო ამ მიმართულებით.

„ზოგადად, რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს არახალია. ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას, პატრიარქს, ჩვენს წარსულს, რომლითაც ვამაყობთ, ჩვენს კულტურას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი გამოუვა, ყველასთან მიმართებაში იქნება შესაბამისი მიდგომები კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ შეუქმნის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას, თბილისის მერი ამბობს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სათანადოდაა დაცული.

„ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს ასეთი ვითარება და მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დააინიცირებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის.