რეალურად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა – სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს სიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში შედგა! – ასე ეხმაურება პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერას.
კობახიძის შეფასებითვე, “ქართულ ქარტიაში“ წარმოდგენილი გეგმა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა.
კობახიძის თქმით, ქარტიის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას არავითარი პერსპექტივა არა აქვს, რადგან “ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთ ქვაბში კიდევ ერთხელ მოთავსდა“.
“ზოგადად, როდესაც რაიმე ჩავარდება, მისი ხელახლა დაწყება მომგებიანი არ არის. ეს პროექტი ადრეც არსებობდა – მას ნათელაშვილის ფანჩატურს უწოდებდნენ. სალომე ზურაბიშვილმა ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის – ზუსტად იგივე სახეები, იგივე ადამიანები და პირველ რიგში, არაევროპული სახეები. რა თქმა უნდა, ამ პროექტს წარმატების პერსპექტივა არა აქვს, ეს უკვე ჩავარდნილი პროექტია.
ე.წ. ქარტიაში წარმოდგენილი გეგმა არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა – თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმოდგენილი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია – როდესაც უცხოეთის აგენტები შეთანხმებას აფორმებენ, მათი ერთადერთი ამოცანა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლა შეიძლება იყოს. ზუსტად ამას ასახავს ქარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.