რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“? -ირაკლი ღარიბაშვილი

28
x
spot_img

რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიცია ხმას ვერ იღებდა ვერაფერზე, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“? ასეთი სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ, გამოიყენონ საშუალება და საკუთარი აზრი, არგუმენტები წარმოადგინონ, დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, თუ ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია, დეკლარაცია შეავსოს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა.

„ძალიან ბევრი განმარტება კეთდება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და რა თქმა უნდა, კანონის შინაარსში, დეტალებში არ შევალ, საზოგადოებამ კარგად იცის.

ჩემთვის გაუგებარია, თუ ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია, არის ვალდებული, რომ დეკლარაცია შეავსოს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა? ეს არის მთავარი კითხვა, რაზე პასუხიც არ მომისმენია. მხარს ვუჭერ „ენჯეოების“ საქმიანობის გამჭვირვალობას. არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ამა თუ იმ „ენჯეოს“ თუ პირის საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ცდილობს, მაგალითი მისცეს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა.

მინდა ე.წ. ოპონენტებს ვუთხრა – საუბრობენ, რომ „ოცნების“ ეს ნაბიჯი ანტიევროპულია, თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები პროგრესი მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ეს „ქართული ოცნებაა“ და მეც, მოკრძალებული წვლილი მაქვს ამ პროცესში შეტანილი, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, მანამდე იყო ვიზალიბერალიზაციისაა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ყველა ეს ხელშესახები პროგრესი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილმა. ამაყი ვარ, რომ ამ პროცესში კონკრეტული წვლილი მაქვს შეტანილი. მომხრე ვარ ევროინტეგრაციის! თუ ვინმემ რამე პროგრესს მიაღწია, ჩვენ ვართ! თუ კითხვა არსებობს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, არსებობს პარლამენტი, სადაც განხილვები გაიმართება. კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ყვირილის და ემოციების გარეშე, მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა, არგუმენტები“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. შავ ფულს, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ყველა საეჭვო ფაქტი, მათ შორის, ფულის ტრანზაქციები გააკონტროლოს.

„ხელისუფლება ვალდებულია, სწორი გაგებით, გააკონტროლოს, ყველა ასეთი საეჭვო [ფაქტი], იქნება ეს ფულის ტრანზაქცია თუ ასე შემდეგ. სახელმწიფო მაქსიმალურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან იმ საკითხებზე, რაც „შავი ფულის“ მოძრაობას ეხება. თუ რაიმე კითხვა ან არგუმენტი აქვს ვინმეს, პარლამენტი არსებობს და იქ გააგრძელონ დებატები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.