“რაც არ უნდა ისაუბროს მელიამ, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო და არის”

61
spot_img

რაც არ უნდა ისაუბროს მელიამ, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო, არის და რომელსაც ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის მიერ პარტიის არაფორმალურ მართვაზე.

ოხანაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც გიორგი ვაშაძე და არც ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან.

“მელიას ამ ნათქვამით დადასტურდა, რასაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვიწროპარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა. მეორე, რაც დადასტურდა, არის ის, რომ მელიამ ამის შესახებ ან გვიან შეიტყო (და ეს ერთი უბედურებაა, თუ პარტიის თამჯდომარემ არ იცის, რა ხდება პარტიაში) ან მან ძალიან კარგად იცოდა, ვის რა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ იყო იმ მოცემულობაში და სიხარბესა და ანგარებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ რაც არ უნდა ისაუბროს, ვერაფერი გაათეთრებს ვერც მას და ვერც იმ პარტიას, სადაც იყო და არის და რომელსაც ხელმძღვანელობდა.

გაერთიანებას რაც შეეხება, ხმამაღალი ნათქვამია, რომ ხაბეიშვილი და ვაშაძე გაერთიანდნენ. რა თქმა უნდა, არც ხაბეიშვილს და არც ვაშაძეს არ ეკითხებიან ამ პარტიაში გადაწყვეტილებებს. ისინი არიან გამხმოვანებლები და რადიკალიზაციის მუხტის შემქმნელები დავალებების გათვალისწინებით. ვაშაძე დიდი ხანია არის ამ პარტიის აქტივისტი. ის ამ პარტიაში იყო მაღალ თანამდებობაზე და არაერთ საქმეში იყო პოლიტიკურად ჩართული, როცა კონკრეტულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ,” – განაცხადა ოხანაშვილმა.