ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „რატომ ჩაიშალა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი“, რომელშიც გაანალიზებულია დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციებისა და ემბარგოს მოქმედების ეფექტი. დასკვნა: აშშ და მისი მოკავშირეები სეცდნენ, როცა ჩათვალეს, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციებით უკან დაახევინებდნენ. საჭიროა, რომ უკრაინა მეტი სამხედრო საჭურვლით და ტექნიკით იქნეს უზრუნველყოფილი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დასავლეთში ბევრი იცინოდა, როცა წითელ მოედანზე, მოსკოვში, გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვლადიმერ პუტინის მიერ ჩატარებულ სამხედრო აღლუმში, მხოლოდ ერთი ტანკი მონაწილეობდა, რომელიც დღეს სამუზეუმო რელიქვიად ითვლება. დამცინავთა აზრით, რუსეთმა უკრაინის ომში ძალიან ბევრი სამხედრო ტექნიკა დაკარგა და ახლა მისგან იმ ძლიერი სამხედრო ზესახელმწიფოს აჩრდილიღა დარჩა, რომელსაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა (თუმცა, კაცმა რომ თქვას, აღლუმის ასეთი სახით ჩატარება დასაძრახი არ უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ომშია ჩაბმული, ცდილობს ტექნიკა ფრონტზე უფრო გამოიყენოს, ვიდრე რომელიმე ცერემონიალურ ღონისძიებაზე).
რა თქმა უნდა, რუსეთმა მართლაც მძიმე დანაკარგები განიცადა, მაგრამ ჩვენ ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. სიმართლე ისაა, რომ ომი დასავლეთისათვის ისე არ მიდის, როგორც საჭიროა – ყოველ შემთხვევაში, ერთ ასპექტში მაინც.
როცა ვლადიმერ პუტინი გასული წლის 24 თებერვალს თავისი ტანკებით უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა სწრაფად დაიწყეს ორმაგი სტრატეგიის გატარება, რომლის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ისინი პირდაპირ არ ჩაებმებოდნენ რუსეთთან ომში, მაგრამ უკრაინას იარაღით და სამხედრო ტექნიკით დაეხმარებოდნენ. ზოგიერთმა სახელმწიფომ, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად მოქმედებდნენ, კიევს ქმედითი დახმარება აღმოუჩინეს, ანუ მხარდაჭერის საკითხში სტრატეგიის ამ ნაწილმა წარმატებით გაამართლა: უკრაინამ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის ქვედანაყოფებისადმი და მათ ქვეყნის რიგ რეგიონებში უკან დაახევინა.
სტრატეგიის მეორე მომენტი შედარებით „უხეში და მკაცრი“ აღმოჩნდა: ეკონომიკური ომის გეგმა, რომელსაც რუსეთში ფინანსური შოკი და დღემდე არნახული მასშტაბების მქონე „შიშის კანკალი“ უნდა გამოეწვია. რუსეთი დასავლეთისაგან და მსოფლიოს უდიდესი ნაწილისაგან გარიყული და იზოლირებული უნდა ყოფილიყო, მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედდებოდა სანქციები, ემბარგოები, ბოიკოტორებული იქნებოდა რუსული ექსპორტ-იმპორტი… საბოლოო ჯამში, თეორიულად, ვლადიმერ პუტინის რუსეთი გაღარიბდებოდა, კაპიტულაციას გამოაცხადებდა და მოწინააღმდეგეს ჩაბარდებოდა.
დასავლეთში ცოტა ვინმე თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა ცუდადაა საქმე ომის ამ ასპექტში. ევროპამ თვითონ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, როცა უარი თქვა რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარებაზე. 2021 წელს რუსული ნავთობის იმპორტი დიდ ბრიტანეთში (ფულადი გამოსახვით) 4,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, ერთი წლის შემდეგ კი, მიმდინარე წლის იანვარში იმპორტი 1,3 მილიარდამდე შემცირდა. 2020 წელს ევროკავშირი რუსულ გაზზე 39%-ით იყო დამოკიდებული, ნავთობზე კი 23%-ით. ეს მაჩვენებლები ერთ წელიწადში შესაბამისად შემცირდა 15% და 14%-მდე.
მაგრამ ამ ციფრებში არ ჩანს, თუ რამდენად უუნარო აღმოჩნდა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული ენერგოემბარგო. იმიტომ, რომ მალე ცნობილი გახდა – რუსეთთან ეკონომიკური ომით დაინტერესებულია მხოლოდ დასავლეთი და არა მთელი მსოფლიო. დიახ, ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტი შემცირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, კრემლმა სწრაფად გაზარდა ექსპორტი ჩინეთში და ინდოეთში – ორივე ქვეყანამ უპირატესობა მიანიჭა რუსული ნავთობის შეღავათიანი ფასით ყიდვას, ვიდრე მოსკოვთან კონფრონტაციას უკრაინის გამო. უფრო მეტიც – ინდოეთის მიერ იმპორტირებული რუსული ნავთობის ნაწილს, როგორც ჩანს, ფარულად ევროპაც ყიდულობდა: სუეცის არხში მკვეთრად იმატა იმ ტანკერების რაოდენობამ, რომლებსაც გაწმენდილი „შავი ოქრო“ ინდოეთიდან ევროპაში მიჰქონდათ.
იგივე ხდება სხვა მიმართულებითაც: გერმანული პრესის მონაცემებით, სწრაფად იმატა გერმანული ავტომობილების ექსპორტმა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში: მაგალითად, ყაზახეთში 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ავტომანქანების იმპორტი 507%-ით გაიზარდა, სომხეთში კი 761%-ით. ელექტროტექნიკური და კომპიუტერული აპარატურის იმპორტი ყახაზეთში 190%-ით, სომხეთში – 343%-ით. იბადება კითხვები: რატომ იმატა ასე სწრაფად იმპორტმა? რჩება თუ არა იმპორტირებული პროდუქცია აღნიშნულ ქვეყნებში თუ მათი რეექსპორტი მესამე ქვეყნებში ხდება? არსებობს არგუმენტირებული ვარაუდი, რომ მიმდინარეობს დასავლური პროდუქციის რუსეთისაკენ გადამისართება, ანუ რეექსპორტი („პარალელური იმპორტი“, როგორც ამას რუსები უწოდებენ). და თუნდაც მათი ფორმალური რეექსპორტი არ მოხდეს, დასავლური საქონელი რუსეთში სხვა გზების მეშვეობითაც შედის: ბევრი რუსი, ყაზახი და სომეხი მოქალაქე უვიზო რეჟიმით სარგებლობს და შესაძლებლობა აქვს სანქცირებული საქონელი საზღვარზე გადაიტანოს და რუსეთში უპრობლემოდ შეიტანოს.
დასავლეთი ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც შეძლებული რუსების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ბედის ირონიით, სწორედ მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ „პარალელური იმპორტის (რეექსპორტის) სიკეთით. სწორედ მათ აქვთ ორმაგი მოქალაქოება, შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა ფუფუნების საგნების შესაძენად. მოკლედ, შეუძლებელია ისეთი აბსოლუტური ემბარგოს გამოცხადება, რომ დასავლური წარმოების საქონელი მდიდარი რუსებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს.
დასავლეთმა სანქციური ომი მსოფლიოში საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენების გადაჭარბებული გრძნობით დაიწყო. როგორც ჩანს, დასავლეთი არადასავლურ ქვეყნებზე სათანადო ზეწოლას ვერ ახორციელებს: [განვითარებადი სამყაროს – „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს] არ აქვთ სურვილი იმისთვის, რომ რუსეთისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესონ. დასავლეთის შეცდომა ყველასათვის აშკარა გახდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 8,5%-ით უნდა შემცირებულიყო, ხოლო მიდინარე წელს კიდევ 2,5%-ით. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემცირდა მხოლოდ 2,1%-ით, ხოლო მიმდინარე წელს ფონდი უკვე 0,7%-იან ზრდას პროგნოზირებს! და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის ომი რუსეთისათვის უფრო მეტ ზარალს იწვევს, ვიდრე ამას შარშან თებერვალში ვინმე წარმოიდგენდა. მოკლედ, რუსეთის ეკონომიკა არ დაინგრეულა, არ ჩამოშლილა, მოხდა მისი ისეთი სახით რეკონფიგურირება და რეორიენტირება, რომ დასავლური კურსი აღმოსავლურითა და სამხრეთულით შეცვლილიყო.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ომი უშედეგოდ ჩავთვალოთ: კრემლი დასავლური სანქციებისაგან მნიშვნელოვნად დაზარალდა – არა იმ მასშტაბით, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ მაინც. თუმცა, თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ სამომავლოდ რუსეთთან ომს მხოლოდ ეკონომიკური საშუალებებით გააგრძელებს, ბომბებისა და ტყვიების გარეშე, ის ძალიან სცდება.
დასავლურმა სამხედრო ტექნიკამ უკრაინას შესაძლებლობა მისცა რუსეთთან („დავითს გოლიათთან“) ისე ებრძოლა, რომ მასზე გამარჯვების იმედიც კი ჰქონდეს და, რა თქმა უნდა, თავიდან აიცილოს ანექსია პუტინის რუსეთისაგან. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკური სანქციების ეფექტურობას, ჩვენ მათზე ფიქრი კიდევ მოგვიწევს
წყარო