“რატომ არის ეს კანონი რუსული, ხომ შეიძლება ამის ახსნა, ერთი არგუმენტის მოყვანა?” – კახა კალაძე

34
x
spot_img

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებს, ერთ არგუმენტსაც ვერ ასახელებს, თუ რატომ არის აღნიშნული დოკუმენტი რუსული და რატომ ეწინააღმდეგება ის საქართველოს ევროინტეგრაციას.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, პირველ რიგში, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესის გამტარებელია.

„საზოგადოება ხედავს, რაც ხდება რეალურად. ამდენი დღის განმავლობაში, ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, თუ რატომ არის აღნიშნული კანონი პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროპას, ევროკავშირში გაწევრიანებას. რამეს არღვევს? – ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას თუ რატომ არის პრობლემა? ერთი არგუმენტი ხომ შეიძლება წარმოადგინონ? ხომ შეიძლება ახსნა? ვერავინ ხსნის ამ ყველაფერს. არგუმენტები არ გააჩნიათ და იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო. აბსოლუტურად გაუგებარია და სრული სიგიჟეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მათ, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი არ მოსწონთ, შეუძლიათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეცვალონ.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. მაგას სხვა სახელი ჰქვია და არ ვიკადრებ თქმას, რაც. თუ რამის თავი გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა ნულს ქვემოთაა, იმიტომ, რომ რადიკალები ხართ, ამ ქვეყნისა და ხალხის მოძულე ხართ. საერთოდ არ გაინტერესებთ სამშობლო და ქვეყნის ინტერესი. რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით. რომელმა ნორმალურმა, გონიერმა ადამიანმა შეიძლება იკადროს ის, რაც თქვენ იკადრეთ მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ამბობდით, ამ სიტყვების მოსმენას გვერჩივნა, ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. აღარ მინდა გავაგრძელო”, – აღნიშნა თბილისის მერმა.