,,რატი ბრეგაძე თავისი სადიზმის გამო პასუხს აგებს”- დიმიტრი შაშკინი

157
spot_img

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, ძალიან მძიმედაა, ჩათვალა, რომ ჩუმად ვერ იქნება და მხოლოდ მისი სიცოცხლე არაა მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა მედიასთან განაცხადა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ხედავდა, საით მიექანება ქვეყანა.

„მიუხედავად იმისა, რომ იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ახლა, რაც შეუძლია, რაც მის ძალებში შედის, დაეხმაროს ქართველ ერს. მისი მონაწილეობა ამ პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მისი შესაძლებლობები არის შეზღუდული ჯანმრთელობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ჩაკეტილია ციხეში, თუმცა, როდესაც ხედავს, რას აკეთებს ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, რას აკეთებს „რუსული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, თქვა, რომ მაინც ჩავერთვები ამ საქმეში იმიტომ, რომ ახლა თუ ჩვენ რუსეთში გაგვაქანეს და რუსეთის გუბერნია გავხდით, ე. ი. ყველაფერი იყო უაზრო“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინი გადაცემაში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, როდესაც სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემთ ამის საშუალებას ისინი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დიმიტრი შაშკინის მტკიცებით, რატი ბრეგაძე სადიზმის გამო პასუხს აგებს.

„რატი ბრეგაძე თავისი სადიზმის გამო პასუხს აგებს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის წინაშე აგებს პასუხს იურიდიულად, ამ სადიზმის გამო. რასაც ის ახლა აკეთებს, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც საერთაშორისო დევნას ექვემდებარება, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული. ივანიშვილი კარგად იქნება, საზღვარგარეთ იქნება, ამ ხალხს მოუწევს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.