რას დაერქმევა გამარჯვება რუსეთ – უკრაინის ომში

222
spot_img

რას დაერქმევა გამარჯვება რუსეთ – უკრაინის ომში? – ამ შეკითხვამ ახალი დატვირთვა შეიძინა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან შენგელია წერს.

მისი თქმით, სამიტზე ითქვა, რომ უკრაინა ომში გამარჯვების შემდეგ პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გახდება ნატო-ს წევრი, ან სხვანაირად – უკრაინა მაშინ გახდება ნატოს წევრი, როცა დაამარცხებს რუსეთს.

“ახლა, ლოგიკურად ისმის შეკითხვა – კონკრეტულად რას ნიშნავს ამ ომში გამარჯვება – 1991 წლამდე არსებული მდგომარეობის უპირობო აღდგენას, ყირიმის საკითხის ახალ ფორმატში გადაყვანას, ხოლო დანარჩენი ტერიტორიების გათავისუფლებას.. რუსული სამხედრო მანქანის განადგურებას თუ, რას? ვარიანტი არაერთია.

ამ ომში რუსეთის გამარჯვების შანსს მე ნულის ტოლად მივიჩნევ (რუსეთმა თავიდანვე თქვა რას გულისხმობს გამარჯვებაში- უკრაინის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ა.შ.. რაც აბსოლუტურად შეუძლებელია) ამიტომ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ომის რაღაც ეტაპზე, რუსეთისთვის მისაღები იქნება ომის შეწყვეტა, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. ომის შეწყვეტა ასეთ ვითარებაში უნდა გაფორმდეს როგორც უკრაინის გამარჯვება! სხვა შემთხვევაში უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. აქ იქმნება ერთობ საინტერესო და ორჭოფული ვითარება – ერთი მხრივ, უკრაინისთვის ეს არის ცდუნება დათანხმდეს რაიმე თვალსაჩინო წარმატებას ანუ არ იომოს “საბოლოო გამარჯვებამდე”, რაღაცნაირად გააფორმოს, რომ უკვე გამარჯვებულია, შესაბამისად შეწყვიტოს ომი და დაელოდოს ნატო-ში სწრაფ გაწევრებას!

ამით თითქოს შეღავათი ეძლევა რუსეთს. ომი ჩერდება მანამ, სანამ ბოლომდე განადგურებულა მისი სამხედრო და არა მხოლოდ სამხედრო პოტენციალი… სამაგიეროდ, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, რაც თავისთავად მომაკვდინებელია რუსეთისთვის.

მოკლედ, ასეთი “კომბინირებული” პირობა (უკრაინის გაწევრება ნატოში რუსეთზე გამარჯვების პირობით) არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ცალსახა გამარჯვებად ან ცალსახა ჩავარდნად!

ამ პირობის მთავარი ორი მახასიათებელია, ჩემი აზრით, რომ:

1. ნებისმიერ შემთხვევაში ორიენტირებულია რუსეთის დამარცხებაზე /უკრაინის გამარჯვებაზე და
2. ტოვებს სამხედრო და პოლიტიკური მოქმედებების ძალიან ფართო არჩევანის შესაძლებლობებს.

ამავდროულად, ამ პირობამ გააჩინა საჭიროების შემთხვევაში უკრაინის “მადის დასაოკებელი” რაღაც მექანიზმიც.

მოკლედ, კარგად ნაფიქრი და გათვლილი ჩანს ეს წინადადება და ზერელე შეფასებები შეცდომა იქნება, “- წერს ლევან შენგელია.