“რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო?” – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს

27
spot_img

ირაკლი, რას აპირებ რეგიონებში, ამ სიძულვილის ენით უნდა იარო? – სიძულვილი უნდა ანთხიოთ? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას და მათ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი აწუხებთ.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და ისტერიული სიძულვილის ენა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მმართველ გუნდშიც კარგად ხვდებიან, რომ მათ საზოგადოების ნდობის მოპოვების შანსი თითქმის, არ აქვთ.

„ალბათ, თქვენთვისაც ძალიან მძიმე იყო მოსასმენად ირაკლი ღარიბაშვილის საშინელი სიძულვილის ენა, საშინელი რიტორიკა, რომელიც მისგან მოდის. არანაირი სინანული იმის გამო, რაც ხალხს ნამდვილად აწუხებს, მხოლოდ სიძულვილი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

ეს ადამიანები – ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მთლიანად ივანიშვილის პარტია სრულიად მოწყვეტილია რეალობას და ხალხს. მათ ერთადერთი რამ აწუხებთ – როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება, რომ გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა. არ აწუხებთ არც უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, არ აწუხებთ დემოგრაფიული კატასტროფა, კატასტროფული მიგრაცია. ერთადერთი რაც აწუხებთ – როგორც შეინარჩუნებენ ქვეყნის ძარცვის უფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, ყველანი გავერთიანდეთ. არ შეიძლება ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ხალხთან სრულად გაწყვეტილი აქვთ ურთიერთობა, სინანული არ გააჩნიათ ელემენტარულად იმის გამო, რაც ამ ქვეყანას და ქართველ ხალხს დამართეს“, – განაცხადა ვაშაძემ.