“ბედი სარკოზისა- პარიზის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი საპყრობილეში ნახევარ წელს გაატარებს”- BBC

71
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ბედი სარკოზისა- პარიზის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, საპყრობილეში ნახევარ წელს გაატარებს”
(ავტორი – ლარა გოცი), რომელშიც გადმოცემულია 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები და ის რეაგირება, რომელიც ფრანგულმა მართლმსაჯულებამ მოახდინა დანაშაულის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს, 14 თებერვალს, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ სცნო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩადენილ დანაშაულში – წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში და ამით ქვედა ინსტანციის სასამართლოდ გადაწყვეტილება დაადასტურა.

ნიკოლა სარკოზის 2021 წელს, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საპყრობილის რეჟიმით, როცა იგი პირველად იქნა აღიარებული დამნაშავედ, თუმცა სასჯელის აღსრულება აპელაციის განხილვის დროს შეჩერებული იყო.

პატიმრობა ბრასლეტით? არა, განაჩენი გასაჩივრებულია…

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებით კი დაადასტურა 2021 წლის განაჩენი, მაგრამ იმავდროულად გარკვეულწილად შეარბილა – ყოფილი პრეზიდენტი საპყრობილეში ნახევარ წელიწადს გაატარებს, ხოლო სასჯელის ვადის მეორე ნახევარი მას შეუძლია შინაპატიმრობაში მოიხადოს – ოღონდ ელექტრონული სამაჯურით (ბრასლეტით).

ნიკოლა სარკოზის თავისი ერთვადიანი პრეზიდენტობის დროს – 2007-2012 წლებში – უამრავი იურიდიული პრობლემები ჰქონდა: მას წაუყენეს ბრალდებები კორუფციაში, მექრთამეობაში, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში, სასამართლოს ზეწოლაში და ა.შ.

2021 წელს, 69 წლის ნიკოლა სარკოზის ერთი წლით ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს იმ ბრალდებით, რომ 2012 წელს მისი პარტია PR-კომპანია Bygmalion-თან თანამშრომლობდა, რეალურად დახარჯული სახსრების დამალვისათვის, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის მიზნით.

შესაბამისად, ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ბრალდება „ბიგმალიონის საქმის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი.

ნიკოლა სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა არა პირობითი, არამედ რეალური ვადით.

პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა იმავე დღესვე – 14 თებერვალს – საფრანგეთის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ განაჩენის აღსრულება შეჩერდება და შესაბამისად, ნიკოლა სარკოზი საპყრობილეში არ იქნება გაგზავნილი. იგი თავისუფალი იქნება და ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებით ისარგებლებს.

„ჩემი ბრალი არ არის…“

რასაკვირველია, საფრანგეთის ყოფილი მეთაური ყველანაირ სამართალდარღვევას უარყოფს. ექს-პრეზიდენტის თქმით, ყველაფერში დამნაშავეა პიარკომპანია „ბიგმალიონი“, რომელიც მის ზურგს უკან მოქმედებდა და უკანონო საქმიანობით გამდიდრდა.

როგორც პროკურორები აცხადებენ, ნიკოლა სარკოზიმ თავის წინასაარჩევნო კამპანიაში 2012 წელს, თითქმის 43 მილიონი ევრო დახარჯა, ანუ თითქმის ორჯერ გადააჭარბა კანონით ნებადართულ თანხას – 22,5 მილიონ ევროს.

საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანიების ჩატარების პერიოდში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ხარჯების საკითხში.
სასამართლომ დამნაშავედ აღიარა კიდევ 13 ადამიანი – მათ შორის ნიკოლა სარკოზის პარტიის „რესპუბლიკელების“ (ყოფ. „სახალხო მოძრაობის კავშირის“) წევრები, ბუღალტრები და კომპანია „ბიგმალიონის“ ხელმძღვანელები, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა კანონდარღვევაში – დაწყებული დოკუმენტების გაყალბებიდან და თაღლითობიდან, დამთავრებული წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში მონაწილეობით.

სააპელაციო პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანამდე კი ნიკოლა სარკოზიმ წააგო აპელაცია იმ განაჩენზე, რომელიც მას 2021 წლის მარტში გამოუტანეს, კორუფციის და მოსამართლის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით.

მუამარ კადაფის აჩრდილი…

2025 წელს ნიკოლა სარკოზის ახალი სასამართლო პროცესი ელოდება – იგი ფრანგული თემიდის წინაშე იმ ბრალდებით წარდგება, რომლის თანახმად, ექს-პრეზიდენტმა, სანამ იგი საფრანგეთის მეთაური გახდებოდა, 2007 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით, ფული აიღო ლიბიის დიქტატორისაგან – აწ გარდაცვლილ (დაღუპულ) მუამარ კადაფისგან.

საბოლოო ჯამში ითვლება, რომ ნიკოლა სარკოზი ელისეის სასახლეში მუამარ კადაფის დახმარებით მივიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ნიკოლა სარკოზი მკაცრ ანტიმიგრაციულ პოლიტიკას ატარებდა და ცდილობდა ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირებასაც, რომელიც საკმაოდ დაზარალდა მსოფლიო ფინანსური კრიზისისაგან.

… და ემანუელ მაკრონთან მეგობრობა

სხვათა შორის, ნიკოლა სარკოზის ახლო ურთიერთობები აკავშირებს საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

ფრანგული მასმედიის მტკიცებით, ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს – ერთად ვახშმობენ და პოლიტიკურ მოვლენებს იხილავენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.bbc.com/news/world-europe-68293760

https://www.bbc.com/russian/articles/cv295d976d0o