რამდენი პროცენტით გაიზარდა ფასები სურსათზე თებერვალში – საქსტატის მონაცემები

610
spot_img

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

ყველაზე მეტად, 25.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 21.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი – 17.2 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 პროცენტით; ფასებმა 12.2 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 12.1 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.2 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8 პროცენტით.

ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.