“რაგბის 23 გუნდისთვის შევისყიდეთ 4 550 ერთეული სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი” – კახა კალაძე

193
spot_img

თბილისის მერიამ, საქართველოს რაგბის კავშირის მომართვის საფუძველზე, რაგბის 23 გუნდისთვის 4 550 ერთეული სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი შეისყიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიამ ინვენტარისა და ეკიპირების პროგრამის ფარგლებში, არაერთ სპორტულ კლუბს შეუწყო ხელი.

„დედაქალაქში მოზარდებისა და ბავშვების არაერთი სარაგბო კლუბი ფუნქციონირებს. კლუბების ეფექტურად და გამართულად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა ინვენტარის მუდმივი განახლება და შევსება. 6-14 წლის ასაკი არის ბავშვებისთვის და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის უნარების შეძენისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. კარგი ინვენტარი და შესაბამისი საწვრთნელი გარემო მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა სპორტსმენს გაუხსნის გზას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საბავშვო ფესტივალებში, მოზარდ მორაგბეთა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე სპორტული შედეგების გაუმჯობესებას.

„იცით ჩემი დამოკიდებულება სპორტში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით. ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ პროცესს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ბევრი პროექტი განხორციელდა, რაც რაგბის შედეგებზეც აისახა, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.