რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები თუ არ ენდობიან ცესკო-ს, ეს მათი პრობლემაა, მთავარია, ნდობა არის ხალხში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ყველამ იცის, როგორია ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გეგმები.
„მათი მიზანია, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცესკო-ს დისკრედიტაცია. სწორედ ამაზეა გათვლილი ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკო-ს, ცესკო-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რაც თავიდან ბოლომდე სიყალბეზეა აგებული. ასეთი კამპანიები ჩვენ წარსულშიც გვინახავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არც ერთხელ ყოფილა ეს კამპანიები წარმატებული. დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება წარმატებული.
რაც მთავარია, ნდობა არის ხალხში, ქართულ საზოგადოებაში, რასაც, მათ შორის სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს. რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები თუ არ ენდობიან ცესკო-ს, ეს არის მათი და არა ცესკო-ს პრობლემა. მთავარია, ნდობა არის ხალხში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდება გამართულად. ცესკო-მ დაამტკიცა ბოლო არჩევნებზე, მათ შორის 2020 წლის არჩევნებზე, რომ მას შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და სწორედ ამ ნდობით, არჩევნები ჩატარდება ძალიან სწორად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.