„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო დაბნეულად გამოიყურება. სამწუხაროდ, კიევისათვის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება ისეთი სტაბილური და საიმედო არ აღმოჩნდა, როგორიც ეს უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა წარმოდგენილი“, – ამბობს ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ენტონი გლიზი ბრიტანულ გაზეთ „დეილი სტართან“ (The Daily Star) ინტერვიუში, სათაურით „რადგანაც უკრაინამ რუსეთთან ომში გარღვევა ვერ მოახდინა, კიევისთვის ახლა მშვიდობაც კი კატასტროფულია“ (ესაუბრება ჟურნალისტი ევან გლიდოუ).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ინტერვიუში პროფესორი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ამჟამად ჩიხური სიტუაციაა შექმნილი და რადგანაც არცერთ მხარეს არ შეუძლია მნიშვნელოვანი შეტევის განხორციელება, შესაბამისად, ასეთი მდგომარეობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება. ვითარება უკრაინის ლიდერში ერთგვარ დაბნეულობას იწვევს: კიევი ზამთრის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნებიდან რაიმე ქმედით დახმარებას ვერ მიიღებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკვე შეურიგდა იმას, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ჩიხშია შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო შორსმიმავალი გეგმები და ოპერაციები გაზაფხულამდე ვერ განხორციელდება. ენტონი გლიზი ეთანხმება ამ შეფასებას და ამბობს, რომ ამგვარ ვითარებაში სამშვიდობო მოლაპარაკება და სავარაუდო საზავო შეთანხმება [უკრაინასა და დასავლეთს] „კატასტროფად“ შეუბრუნდება.
„დეილი სტარისადმი“ მიცემულ ინტერვიუში პროფესორმა შემდეგი განაცხადა: „ფრონტის ხაზზე არავითარი მნიშვნელოვანი სვლები არ ჩანს. უკრაინის ხელისუფლებამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და მისი ნათქვამი კარგად უნდა გააცნობიეროს“.
ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შედეგად, ამჟამად არცერთი მხარე რაიმე სამხედრო გარღვევის ნიშნებს არ ამჟღავნებს. კრემლმა უნდა იცოდეს: რუსეთის არმია კიევს ვერ აიღებს, ხოლო კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის არმია ყირიმს ვერ დაიკავებს“.
„სამწუხაროდ, მამაცი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს დაბნეულად გამოიყურება. ის, რაც მას ადრე გარანტირებული ჰქონდა – აშშ-სა და ევროკავშირის სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად უფრო ნაკლებად საიმედოდ ჩანს, ვიდრე პრეზიდენტს ადრე ჰქონდა წარმოდგენილი.
რასაკვირველია, თავიდანვე დასავლეთის პოზიცია ნათელი იყო: სწორედ უკრაინელებს უნდა ებრძოლათ ფრონტის ხაზზე, დასავლეთი(ანუ აშშ და ევროკავშირი) კიევს ფულით და იარაღით დაეხმარებოდა. ლაპარაკი არ არის არც ნატოს წევრი სახელმწიფოების არმიებისა და არც „ამერიკულ ჯარზე“ – ისინი კონფლიქტში არ ჩაერევიან. ვფიქრონ, მთელი 2024 წლის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის მხრიდან ფასული ზეწოლის ქვეშ იქნება, რომ მან ვლადიმერ პუტინს დაუთმოს ის ტერიტორიები, რომლებიც კრემლს უკვე დაკავებული აქვს და თავის რუს კოლეგას შეურიგდეს.
რასაკვირველია, სამშვიდობო ზავი კატასტროფულად შეუბრუნდება როგორც უშუალოდ უკრაინას, ასევე ჩვენც, დასავლეთსაც. არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის ბოლოს ჩვენ მშვიდობის დამყარების მოწმენი გავხდებით – ისეთი მშვიდობისა, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირობებზე იქნება დამყარებული“, – ამბობს ინტერვიუში ენტონი გლიზი, დიდი ბრიტანეთის ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორი.
—————-