რა შემთხვევაში იქნება აკრძალული „პრაიდის“ ჩატარება და ე.წ. ცისარტყელის დროშის გამოყენება

26
spot_img

თუ „პრაიდის“ შეკრება შეფასდება ისე, რომ ეს არის პოპულარიზაცია, მაშინ კი, თუ შეფასდება ისე, რომ არა – მაშინ არაა – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აიკრძალება თუ არა „თბილისი პრაიდი“ და ე.წ. ცისარტყელა დროშის გამოყენება.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს და ბალანსი უნდა მოიძებნოს პროპაგანდასა და უფლებების დაცვას შორის. მისი თქმით, როცა საკითხი შეეხება უფლებების დაცვას, ის ვერანაირად ვერ იქნება აკრძალული.

„ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი შეკრებას და ასეთი არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების თავისი სექსუალური შეხედულებების წარმოჩენას ქუჩაში, ასევე ეკლესიებთან, სკოლებთან ჩამოვლას და ამის დემონსტრირებას, რაღაც სექსუალური თემების კონკრეტულ დემონსტრირებას მარშის სახით, უყურებენ როგორც პროპაგანდას და, ჩემი აზრით, სავსებით სამართლიანად, რიგ შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, თუ ეს შეფასდება ისე, როგორც პროპაგანდა და რაღაც საკითხების დემონსტრირება პოზიტიურად, იმგვარად წარმოჩენა, რომ ეს არის ძალიან კარგი, ამ შემთხვევაში აიკრძალება, მაგრამ როგორც კი უფლებას შეეხება, ამის აკრძალვაზე საერთოდ არც უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიმუშაოთ, რომ აქ ბალანსი არასდროს არ დაირღვეს. უნდა გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი, პოპულარიზაციისგან, ეს იქნება ამ კანონმდებლობის მთავარი მიღწევა, მათ შორის, ჩვენი მომავალი თაობების ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან ერთად“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და კონკრეტული მუხლები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლების თანახმად: 6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.