რა სახელდება რეჯეფ ერდოღანის გამარჯვების ჭეშმარიტ მიზეზებად – უცხოური პრესა

119
spot_img

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ («DW – Deutsche Welle» – „გერმანული ტალღა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერდოღანი პრეზიდენტად ისეთებმა აირჩიეს, რომლებიც დარწმუნებულნი არ იყვნენ ქილიჩდაროღლუს წარმატებულ პრეზიდენტობაში“ (ავტორი – ერკან არიკანი, DW-ის თურქული რედაქციის ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რეჯეფ ერდოღანის, აწ უკვე ახალი „ძველი“ პრეზიდენტის გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც პრეზიდენტის ფუნქციას ჩვეულებრივ აგრძელებდა, თავის განკარგულებაში ჰქონდა საარჩევნო კამპანიის განხორციელების ყველა საშუალება, მასმედიის მხარდაჭერით – ტელევიზიაში, პრესაში… მასშტაბური გამოსვლები მთელ ქვეყანაში… და ამ ყველაფრის ხარჯებს თურქეთის ხაზინა იხდიდა.

ამ დროს კი მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს შეზღუდული პარტიული ბიუჯეტი ჰქონდა, შემცირებული საეთერო დრო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: სარბოლ ტრასაზე რეჯეფ ერდოღანი თანამედროვე „ფორმულა-1“-ით წინ მიქრის, მის უკან კი, მოშორებით, ქემალ ქილიჩდაროღლუ მოჩანს თავისი მინი კარით, რომელსაც ძრავა არ აქვს.

რეჯეფ ერდოღანის გამარჯვების ჭეშმარიტი მიზეზები

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაზე გავლენა სამმა ძირითადმა მომენტმა მოახდინა:

პირველი – თებერვალში ქვეყანამ კატასტროფული მიწისძვრა გადაიტანა, რის შედეგადაც 51 ათასი დაიღუპა; მეორე – ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება – ინფლაცია რეკორდულად მაღალია ბოლო 20 წლის განმავლობაში, ასევე მაღალია უმუშევრობის დონე, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ახალგაზრდების მიერ. ისინი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან, „ტვინების გადინება“ კი კიდევ უფრო ასუსტებს ეკონომიკას. მესამე – 2015 წლიდან თურქეთში უამრავი ლტოლვილი გაჩნდა, განსაკუთრებით სირიიდან, ერაყიდან, ირანიდან და ავღანეთიდან – დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი. რეჯეფ ერდოღანიც და ქემალ ქილიჩდაროღლუც არაერთხელ აცხადებდნენ, რომ „ლტოლვილთა პრობლემას აუცილებლად მოაგვარებდნენ“, მაგრამ როგორ? სულ მარტივად: „ყველას უკან, თავიანთ სამშობლოში და სახლებში დავაბრუნებთ“.

ამომრჩეველთა უმეტესობამ ჩათვალა, რომ ამ სამ კრიზისულ სიტუაციას – მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას, გაუარესებულ ეკონომიკას და ლტოლვილთა პრობლემას – დიდი ალბათობით უფრო გამოცდილი და მსოფლიოში ცნობილი ლიდერი რეჯეფ ერდოღანი მოუვლის და მოაგვარებს, ვიდრე ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც არასოდეს არ ყოფილა მთავრობაში. რეჯეფ ერდოღანი კი 20 წელია ქვეყნის სათავეშია – ჯერ პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტზე.

რა ელოდება თურქეთს

რეჯეფ ერდოღანისთვის საარჩევნო კამპანიის დასრულებას არაფერი არ შეუცვლია. ხმის დათვლის ღამეს, გამარჯვების პირველი გამოსვლის დროს, მან ტრადიციულად გააკრიტიკა ოპოზიცია და „ლგბტ-საზოგადოება“, რას იმის სიგნალია, რომ მათ „იოლი ცხოვრება“ არ ექნებათ: „დღევანდელი გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. მომავალ წელს ჩვენ ადგილობრივი ორგანოების არჩევნებშიც გავიმარჯვებთ – სტამბოლშიც და ანკარაშიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის ამომრჩევლების წინაშე და მიანიშნა, რომ ორი მეგაპოლისის ოპოზიციურ მერებს – ექრემ იმამოღლუს და მანსურ იავაშს წინ მძიმე დრო ელოდებათ.

მაგრამ ასევე აშკარაა, რომ რეჯეფ ერდოღანს გამარჯვების შემდეგ აუცილებლად დაჭირდება ისეთი მოქმედება განახორციელოს, რომელიც ეკონომიკას განვითარების სტიმულს მისცემს. ამასთან დაკავშირებით, გასაკვირი არაა, რომ მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა და პოზიტიურად აღნიშნა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ლიდერების მილოცვების მნიშვნელობა. „მე მათ პირადად ვეწვევი და მრავალ საკითხზე მოველაპარაკები“, – თქვა რეჯეფ ერდოღანმა, რაც, ექსპერტების აზრით, იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკაში ახალი ინვესტიციების მიზიდვას იმედოვნებს.

ქემალ ქილიჩდაროღლუს პერსპექტივა

მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში პრზიდენტობის კანდიდატები არჩევნებში დამარცხების შემდეგ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ და ადგილს ახალ ლიდერებს უთავისუფლებენ, მაგრამ თურქეთში ასე არ არის. ამიტომაც ქემალ ქილიჩდაროღლუს არაფერი არ უთქვამს თავის გადადგომაზე, რასაც ზოგიერთები ვარაუდობდნენ და პირიქით – განაცხადა, რომ მუშაობას აგრძელებს და მხარდამჭერებს იმედებს არ გაუცრუებს.

ფაქტი ფაქტად რჩება: საეჭვოა, რომ ახალ „ძველ“ პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს საქმე ისევ ქემალ ქილიჩდაროღლუსთან ჰქონდეს, რომელიც, მართალია, ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური (ქემალისტური) პარტიის ლიდერად რჩება, მაგრამ პირადად ის ქვეყნის არცერთ მმართველ ორგანოში არ არის წარმოდგენილი, მას პარლამენტის დეპუტატის მანდატიც კი არ აქვს.

მეორე მხრივ, რეჯეფ ერდოღანს უკვე უზრუნველყოფილი აქვს ადგილი ისტორიის სახელმძღვანელოებში ისეთი პრეზიდენტის სახელით, რომელიც თურქეთის რესპუბლიკას მეორე ასწლეულის კარს უხსნის.

წყარო