რა პირობებს სთავაზობს პუტინი უკრაინას მოსალაპარაკებლად

36
spot_img

უკრაინის ჯარები უნდა გაიყვანონ დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, ასევე უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, მაშინ რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი ასევე გარანტიას იძლევა დონბასიდან და ნოვოროსიიდან უკრაინული შენაერთების შეუფერხებლად, უსაფრთხოდ გაყვანაზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება კიევში.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.

პუტინის თქმით, ყველა დასავლური ანტირუსული სანქციაც უნდა მოიხსნას.

„რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები, თავისუფლებები, ინტერესები სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აღიარებული იყოს ახალი ტერიტორიული რეალობები, ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სტატუსი რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად. სამომავლოდ, ყველა ეს ძირითადი, ფუნდამენტური დებულება უნდა დადასტურდეს ფუნდამენტური საერთაშორისო ხელშეკრულებების სახით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ დასავლელი კურატორების ბრძანებით უარყო მშვიდობის გზა. პუტინის თქმით, მთავარი როლი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეასრულა, რომელმაც კიევში პირდაპირ თქვა, რომ არავითარი შეთანხმებები არ იყო მისაღები, რადგან აუცილებელია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე, მისი სტრატეგიული დამარცხების მისაღწევად. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო ცდილობდა, უკრაინა გადაექცია რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად და სწორედ დასავლეთმა მოამზადა, გამოიწვია უკრაინის კრიზისი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს.