რა ნიშნით შეირჩა მიხეილ ყაველაშვილი ანუ რატომ უნდა დავუბრუნდეთ ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას?! -ზაურ ნაჭყებია

113
spot_img

რა ნიშნით შეირჩა მიხეილ ყაველაშვილი ანუ რატომ უნდა დავუბრუნდეთ ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას?!

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში რიტორიკული კითხვა დაისვა:

ვინ გინდათ იყოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი?

სხვათა შორის, ბლიც-გამოკითხვაში ძალიან ბევრმა ფეისბუკმომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობის არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილზე შეჩერდა, თუმცა, შიგადაშიგ გამოითქვა სურვილი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ თანამდებობას თავად ბიძინა ივანიშვილი დაიკავებდა!

მეორე ადგილზე თეა წულუკიანი გავიდა – არადა, ქალბატონი თეა უკვე პარლამენტის ვიცე სპიკერად იყო არჩეული (ეტყობა, ხალხი თვალlყურს არ ადევნებს, რა ხდება შიდა პოლიტიკაში). ასევე გაჟღერდა კოკო გამსახურდიას კანდიდატურაც.

დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ მავანთა სურვილებს ცივი წყალი გადაასხა და ყველასთვის მოულოდნელად, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. თუ სოციალურ ქსელში გამოხატული რეაქციებით ვიმსჯელებთ, „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გაოგნებული დატოვა.

მე არ ვაპირებ ჩრდილი მივაყენო მიხეილ ყაველაშვილს, როგორც პიროვნებას, მაგრამ, ჩემთვისაც თითქმის გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა?!

ვიდრე პრეზიდენტის დღევანდელ ინსტიტუტს შევაფასებდეთ, უპრიანია ითქვას, რომ დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე მისაღები ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა იქნებოდა- მისი პოლიტიკური რენომესა და საერთაშორისო არენაზე ცნობადობის გათვალისწინებით!

თუმცა, ოცნებამ სხვა გზა აირჩია…

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც 10 წელზე მეტია კულუარებიდან მართვას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას აბრალებენ, ამ თვალსაზრისით, ურიგო არ იქნებოდა, თუ იგი ოფიციალურ თანამდებობას დაიკავებდა, სადაც პასუხისმგებლობა ისედაც მინიმალურია.!

არ ისურვა. მიზეზიც გასაგებია – მას ისედაც საქართველოს პულსზე უდევს ხელი და საპატიო თავმჯდომარეობითაც კარგად ახერხებს ამ მისიის შესრულებას!

* * *

ივანიშვილის ფავორიტმა პრეზიდენტებმა რომ არ გაამართლა, ახლა ამის შეხსენება უადგილო იქნება. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა პრინციპით შეირჩა მიხეილ ყაველაშვილი.

თუ გავითვალისწინებთ კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტის უფლებებს, გასაგებია, რომ პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა – შეზღუდული უფლებებით. ერთადერთი, რაც „ამძიმებს“ მის უფლებამოსილებას, ეს უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსია. თუმცა, მისი უფლებამოსილება მაინც შეზღუდულია – ის სახელმწიფოს მართვაში ფაქტობრივად არ მონაწილეობს!

მაშ, რა საჭიროა საერთოდ ასეთი შეზღუდული უფლებებით პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა – ხომ შეიძლება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციაც სახელმწიფოს მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა შეითავსოს?!

როცა ამ კითხვას ვსვამ, მავანნი მპასუხობენ, რომ არსებობს მსოფლიოში მეფის (მონარქის) ინსტიტუტის პრაქტიკა, რომელიც არ მართავს, მაგრამ სახელმწიფოს სიმბოლოა!

გვჭირდება კი ქვეყანაში ასეთი ოფიციალური სიმბოლოების არსებობა მხოლოდ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი შევინარჩუნოთ? ცალკე საუბრის თემაა პრეზიდენტის აპარატის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები…

მე პირადად, არ ვარ პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობის წინააღმდეგი, ოღონდ, მხოლოდ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის (უფრო სწორად, დაბრუნების) შემთხვევაში. დრომ და პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ქართული მენტალობიდან გამომდინარე, საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა უფრო ამართლებს, ვიდრე, საპარლამენტო. მერე რა, თუ სააკაშვილმა თვითნებურად მიიტაცა ჭარბი ძალაუფლება და კონსტიტუციაც თავზე გადაგვახია, ხოლო ივანიშვილის ძველმა ფავორიტებმა სახელმწიფოს ღალატით გაგვაოცეს?

თუმცა, ეს არა სააკაშვილის, არამედ იმ საზოგადოების ბრალი იყო, რომელმაც რომ არა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა, თავის დროზე ვერ აღკვეთა „ნაციონალური“ რეჟიმის პარპაში ქვეყანაში!

P.S. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ახალ ფავორიტს, მიხეილ ყაველაშვილს, გასაგებია, რომ იგი ერთგულების ნიშნით შეირჩა. ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილისეული მავნებლობისა და ხუშტურებისგან თავისუფალი მაინც ვიქნებით!

მეტი, რა გითხრათ-თქვენც ისედაც მშვენივრად ხვდებით ყველაფერს!!! -წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი, ზაურ ნაჭყებია.

https://www.facebook.com/zaur.nachkebia/posts/pfbid02N9gGE6WHbrr7XnAg2aNtAn78oyWtuwesLmELfBLxxPPFYVohLowt4hB2VXS2eJfWl