რა გახდა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა რეგისტრაციის მიზეზი -არჩილ თალაკვაძემ განმარტება

25
spot_img

რატომ არის პრობლემა, რომ არასამთავრობო სექტორმაც ჩააბაროს დეკლარაცია და წარადგინოს ფინანსური ინფორმაცია და თავისი გრანტები საჯაროდ, ეს ბევრისთვის დღემდე გაუგებარია, – ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ შარშან, როდესაც კანონის ინიციატივას საზოგადოებაში ვნებათა ღელვა მოჰყვა, მოქალაქეები გარკვეულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს.

„ერთი წლის წინ, ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან აქტიური დებატები საზოგადოებაში, გვახსოვს ეს პროცესები ყველას. ჩვენ შევცვალეთ გადაწყვეტილება, გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის იმ ახალგაზრდების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ინტერესები, რომლებიც იყვნენ პროტესტში ჩართულნი. გვახსოვს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერებიც. გვახსოვს მაშინდელი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ, აგრესიისკენ ახალგაზრდებს და თვითონ როგორ შეატოვეს ეს ადამიანები აქციას და საღამოს უკვე გაუჩინარდნენ აქციებიდან. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, იმიტომ, რომ ვნახეთ მაშინ, შეცდომაში და ამ ძალადობრივ სცენარში შეიყვანეს ახალგაზრდები. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ პროცესებს, როდესაც ეს გადაწყვეტილება შევცვალეთ და გავაუქმეთ ეს ინიციატივა, მაშინ იყო საჯაროდ საუბარი იმაზე, რაზეც წლების წინ არასამთავრობო სექტორი საუბრობდა და ამბობდნენ, რომ არის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემა არასამთავრობო სექტორში.

სპეციალური პლატფორმაც ჰქონდათ შექმნილი. მაშინ ხელისუფლება საერთოდ არ ითხოვდა ასეთ კანონს და არც ევროკავშირში არ იყო ამაზე დაწყებული მსჯელობა, როდესაც არასამთავრობოებს თვითონ ჰქონდათ საუბარი. შექმნეს თავად პლატფორმა, სადაც უნდა ყოფილიყო ეს ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალე. თუმცა, დღეს თუ შეხვალთ ამ მისამართზე, არც იძებნება და არანაირი ფუნქცია მას არ შეუსრულებია. პრაქტიკულად, დაირღვა ის საჯარო მოლოდინი, სადაც მოქალაქეებს ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მათ ექნებოდათ ინფორმაცია. ისევე როგორც ბიზნესი, ისევე საჯარო მოხელეები, ყველა სექტორი ამ ქვეყანაში აბარებს დეკლარაციას და ეს ინფორმაცია საჯაროა, მათ შორის – თანამდებობის პირების შემოსავლები.

რატომ არის პრობლემა, რომ არასამთავრობო სექტორმაც ჩააბაროს დეკლარაცია და წარადგინოს ფინანსური ინფორმაცია და თავისი გრანტები საჯაროდ, ეს, დღემდე, ბევრისთვის გაუგებარია“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.