“რა ელოდება მსოფლიოს 2024 წელს”-Financial Times

57
spot_img

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) უკვე რამდენიმე წელია აქვეყნებს თავისი ჟურნალისტების პროგნოზებს სხვადასხვა სფეროში სავარაუდო მოვლენების შესახებ და შემდეგ, მომდევნო წლის დასაწყისში, აკეთებს დასკვნას, თუ რამდენად ასრულდა ჟურნალისტთა წინასწარმეტყველება.

როგორც გაზეთი იუწყება სტატიაში სათაურით „რა ელოდება მსოფლიოს 2024 წელს: „ფინენშელ თაიმსის“ რედაქციის პროგნოზები“, 2023 წლის ათი წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ სამი გამოდგა მცდარი: პირველი – აშშ-ის საფონდო ინდექსი S&P 500 10%-ზე ნაკლებად არ დაცემულა, მეორე – ევროპაში არ მომხდარა ელექტროენერგიის გამორთვები რუსული გაზის შეწყვეტის გამო (ზამთარი თბილი გამოდგა) და მესამე – აფრიკის ქვეყნებში მასობრივი დეფოლტი არ მომხდარა (თუმცა ახლახან ეთიოპიის მთავრობამ ბანკროტობა აღიარა).

„თანამედროვე მსოფლიოში მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზების გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდება. ეს ეხება განსაკუთრებით ომებს: ისრაელის კონფლიქტს „ჰამასთან“, რუსეთ-უკრაინის ომს, ჩინეთის სავარაუდო თავდასხმას ტაივანზე და ა.შ.), – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც რედაქციის მთავარ კითხვაზე – „დაუბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის სავარძელს“, ასეთი პასუხია გაცემული:
„არა, არ დაუბრუნდება. ამასთან, თუ იგი მოახერხებს და გადალახავს იურიდიულ დაბრკოლებებს, მათ შორის კოლორადოსა და მენის შტატების სასამართლოთა დადგენილებას პრაიმერიზში მისი მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე, მაშინ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია დემოკრატ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ყველაზე „ჭუჭყიანი“ იქნება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში. დაპირისპირება უმწვავესი იქნება და მეტოქეები ერთმანეთს კვალდაკვალ გაჰყვებიან. არჩევნების წინ დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის დამნაშავედ შერაცხავენ ოთხი სასამართლო პროცესიდან ერთ-ერთში (ან ორში) მაინც. იგი ამ ვერდიქტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი „ჯო ბაიდენის დანაშაულებრივი კლანის მხრიდან“.

მიუხედავად ამისა, ბებერი ჯო მაინც წინ იქნება – არა იმიტომ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას იგი მოსწონს, არამედ უფრო იმიტომ, რომ მათ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა არ სურთ“, – წერს თავის პროგნოზში ჟურნალისტი ედვარდ ლიუსი, რომელიც „ფაინენშელ თაიმსის“ ბიუროს ხელმძღვანელია ვაშინგტონში.

კითხვაზე – „შეინარჩუნებს თუ არა თავის პოსტს მეორე ვადით არჩევისას ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი“ – ჟურნალისტი მარტინ სანდბი ასეთ პროგნოზს აკეთებს:

„დიახ, მაგრამ ძალიან გაუძნელდება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კარგად აჩვენა თავისი უნარი და შესაძლებლობები კრიზისების დროს, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების საკითხში, სამხედრო ხარჯებისა და ენერგეტიკულ პოლიტიკაში. მაგრამ მისი ჩვევა თავს მოახვიოს საკუთარი აზრი ევროკავშირის წევრებს, აგრეთვე ახლო კავშირები ვაშინგტონთან ბევრ ევროპელ ლიდერს აღიზიანებს. სხვათა შორის, მას სირთულეები ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაეწყო ევროპარლამენტში მემარჯვენეების წარმატების შედეგად. თუმცაღა მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია, რომელიც მხარს ურსულა ფონ დერ ლაიენს უჭერს, შეეცდება კვლავ თავისი წარმომადგენელი გაიყვანოს ევროკომისიის ხელმძღვანელად“.
კითხვაზე – „გააგრძელებს თუ არა აშშ და ევროკავშირი უკრაინის დაფინანსებას“ – ჟურნალისტ ტონი ბერბერის პროგნოზი ასეთია:

„დიახ, გააგრძელებს. იმის გამო, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა, ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირზე ამით ძალიან შეშფოთებულნი არიან. რესპუბლიკელ კონგრესმენთა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყველანაირად შეეცდება უკრაინის დახმარების საკითხი დადებითად გადაწყდეს, თუნდაც ქვეყნის საზღვრების დაცვის სფეროში დათმობის გზით.

სერიოზული პრობლემები იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება. ასევე ევროკავშირელ ლიდერებს მოუწევთ როგორმე გვერდი აუაროს უნგრეთის პრემიერის ვეტოს, რომელიც ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას დაადო. თუმცა ყველა შემთხვევაში, ამდენი ფულის მიცემის შემდეგაც კი, უკრაინას სამხედრო გარღვევის განხორციელება მაინც გაუჭირდება. ამიტომაც კიევზე ზეწოლა მოხდება, რომ უკრაინა მოსკოვთან მოლაპარაკების დაწყებაზე დათანხმდეს“.

„გახდება თუ არა 2024 წელი ყველაზე ცხელი მეტეოდაკვირვების მთელ ისტორიაში?’, – ამ კითხვაზე პასუხობს კლიმატური პრობლემების მცოდნე ჟურნალისტი პილიტა კლარკი:

„დიახ, გახდება. გასული 2023 წელი დაგვამახსოვრდა როგორც ნამდვილი პაპანაქება, ექსტრემალური ხვატი, რომელიც 174 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი გამოდგა. მაგრამ ბევრი მეცნიერის წინასწარმეტყველებით, 2024 წელი ამ მხრივ უფრო უარესი იქნება: ჰაერის ტემპერატურა აიწევს „ელ-ნინიოს“ ზეგავლენით, რომელიც იანვრის შემდეგაა მოსალოდნელი“.

სტატიაში გაკეთებულია აგრეთვე პროგნოზები რიგ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პრობლემებთან დაკავშირებით – „გადაიზრდება თუ არა ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი რეგიონულ ომში“ (არ გადაიზრდება), „მოახდენს თუ არა ჩინეთის დარტყმის პროვოცირებას ტაივანზე ახალი პრეზიდენტის არჩევა?“ (არ მოახდენს), ეკონომიკის სფეროში – „დაიწევს თუ არა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3%-ზე ქვემოთ?“ (არ დაიწევს), „მოახდენს თუ არა არგენტინა თავისი ეკონომიკის დოლარიზაციას?“ (არ მოახდენს), „გაკოტრდება თუ არა ილონ მასკი თავისი კომპანიებით Tesla-თი და SpaceX-ით?“ (დიახ, გაკოტრდება), „გაუსწრებს თუ არა ენერგიის განახლებადი წყაროებით სარგებლობა ქვანახშირის გამოყენებას ელენერგიის წარმოების მხრივ“ (ვერ გაუსწრებს), კულტურის სფეროში – „დაუბრუნებს თუ არა დიდი ბრიტანეთი საბერძნეთს პართენონის (ათინას ტაძრის) მარმარილოს სკულპტურებს?“ (დიახ, მაგრამ ნაწილობრივ (საიჯარო შეთანხმებით), რადგან სრული დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბრიტანული კანონმდებლობის შეცვლით, ამას კი დიდი დრო ჭირდება.
ბოლო დროს ეს საკითხი იმდენად გამწვავდა, რომ პრემიერმა რიში სუნაკმა უარი თქვა თავის ბერძენ კოლეგასთან კირაკოს მიცოტაკისთან შეხვედრაზე) და ა.შ.

წყარო: