ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

29
spot_img

შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ.

„მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით. საღამოს 8 საათზე გაიმართება ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთების ცერემონია. ყველას გეპატიჟებით. საკმაოდ საინტერესო საღამო იქნება. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს. ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად, წარდგება Stefano Signoroni. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო  სანახაობა გველის. ამიტომ, 15 დეკემბერს გელით ყველას, დიდსა თუ პატარას. ერთად ჩავიფიქროთ და ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში  „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. „საახალწლო სოფელი“ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუსიკალური საღამოთი დაიხურება.

„16 დეკემბრიდან უკვე განათებულ ქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს. საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს კვებისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები და შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დედაენის ბაღში იქნება „საახალწლო სოფელი“ განთავსებული. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.