,,ქვეყანა ისე უნდა მოქმედებდეს, რომ არ დათმოს ისეთი რაღაცები , რაც შემდეგში სახიფათო იქნება” – პრეზიდენტი

22
spot_img

თავის ძალიან შეკავება და პრინციპებზე უარის თქმა იმიტომ, რომ ჩვენ ამით რუსეთს ვასიამოვნებთ, არასწორი მგონია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ, როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას რუსეთთან.

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა პრინციპებს შორის ისე უნდა მოქმედებდეს, რომ ისეთი რაღაცები არ დათმოს, რაც შემდეგში სახიფათო იქნება.

„მთავარი პასუხისმგებლობა, როცა მართავ საგარეო პოლიტიკას, ძალიან რთულ ქვეყანაში, ძალიან რთულ პირობებში, რთულ გარემოში, არის ის, რომ შენი პოლიტიკა გაატარო, ჩვენი პოლიტიკა კი არის, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ იმ სივრცეში, სადაც მეტი უსაფრთხოება, მეტი დაცულობა, მეტი განვითარებაა და ეს ისე გავაკეთოთ, რომ ზედმეტი რეაქცია არ გამოვიწვიოთ რუსეთის, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რა და რა მომენტში შეიძლება რუსეთს ჰქონდეს არა რეაქცია, არამედ, თავის აქცია. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში იყო მისი აქცია, აგრესია იყო და არა რეაქცია რაღაც ქმედებებზე. ამიტომ, ძალიან თავის შეკავება და პრინციპებზე უარის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ ამით რუსეთს ვასიამოვნებთ, არასწორი მგონია. რაღაც კონფრონტაციისგან თავი რომ შევიკავოთ, შემიძლია გავიგო, მაგრამ ეს ბალანსი და რაღაც ოქროს ხაზი ყველაზე რთული და ყველაზე საჭიროა ამ ქვეყნისთვის ამ მომენტში. მაგალითად, მე დათმობად მიამჩნია გახშირება ფრენების მოსკოვიდან აქ N რაოდენობით, რომელსაც არ ვაკონტროლებთ, ასევე რუსების შემოსვლა, რომელსაც არ ვაკონტროლებთ. მაგალითი რომ ავიღო, სწორედ ამ რუსების შემოსვლაზე, ძალიან მარტივი იყო, როგორც კი დაიწყო ეს დიდი ტალღა, ჩვენ გვეთქვა, კი მოვიდნენ, კი შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ შევცვლით ვიზის ხანგრძლივობას, გადავიდეთ 3 თვეზე და გვქონდეს მეტი მართვა იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაღაც ინციდენტები, ამან რაღაც სხვა რეაქციები არ გამოიწვიოს, ეს არ მოხდა. დღეს ეს რომ გააკეთო 2 წლის თავზე, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც კონფრონტაციული ნაბიჯი – როგორ, ის, რაც მიღებულია, შემოვდივარ, გავდივარ, როგორც მინდა, ცოტა შეზღუდვებით, დღეს უკვე შენ რაღაც ჩემს მიმართ აგრესიულ ნაბიჯს იღებ, რომ ამ საშუალებას მიწყვეტ. იგივე არის ფრენებზე, ფრენები შეიძლება დართო ერთი ან ორისთვის, თუ გადაწყვიტე და ერთობლივადაა გადაწყვეტილი, მაგრამ მასიურად რომ უშვებ და რეალურად ამაზე ძალიან ცოტა კონტროლი გვაქვს, თუ რომელიმე დღეს შეიცვლება სიტუაცია, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით ვთქვათ, რომ ეს ზედმეტია, ეს უკვე გამოჩნდება როგორც კონფრონტაციული. ამიტომ წინსწრებით, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა არ არის მისაღები და ამ პრინციპებს შორის ვმოქმედებდეთ, რომ არ დავთმოთ რაღაცები, რომელიც მერე შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა