მიუხედავად იმისა, ვის რა პროფესია და თანამდებობა აქვს დღეს, ყველა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და 2008 წელი, ეს დღეები ყველას გვახსოვს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანის განცხადებას შეეხებოდა 2008 წელს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, 2008 წლის ომის პერიოდში როგორ მოშლილი იყო სისტემა.
„გვახსოვს, რამდენად მოშლილი იყო მართვა, სამოქალაქო პირები ჩართული იყვნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში. გვახსოვს ის დამოკიდებულება, რომელიც მაშინ ხელისუფლებას ჰქონდა პროცესების მიმართ. გვახსოვს, კოდორი უბრძოლველად იქნა დათმობილი, თავისთავად ძალიან მძიმე იყო მაშინ იმ ხელისუფლების მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული, რომელიც არ იყო საქართველოსთვის სასიკეთო. პერიოდულად ასეთი სახის ინფორმაციები ჩნდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია და ეს ცოდნა ჩვენმა საზოგადოებამ არ დაკარგოს, შესაბამისი ანალიზი გააკეთოს და სულ მცირე საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.