ყველამ საკუთარ სინდისს შეხედოს და საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა. ვგულისხმობ კონკრეტული კომერციული ბანკის ლიდერებს, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ლიდერებად გვევლინებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა, ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა“.
დავით მათიკაშვილის თქმით, კონსტიტუცია იცავს როგორც პირის უფლებებს, ასევე საკუთრების უფლებას.
„ზოგადად, მძიმე მოცემულობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ასეთ დროს ყველა პირის კონსტიტუციური უფლება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. სახელმწიფოს ვალდებულებაა როგორც მესაკუთრის ინტერესების დაცვა, ასევე იმ პირთა ინტერესების დაცვა, ვინც ამ ქონებაში იმყოფება. როგორც ვიცით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების პროცესი გადადო. გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გარკვეული პროცედურები დაიწყო, სახელმწიფო ყველა მიმართულებით ყველა პირის ინტერესის მაქსიმალურად დაცვას ცდილობს, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუცია იცავს როგორც პირის უფლებებს, ასევე საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლების დაცვის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა თუ კანონითა და სასამართლოს ძალით, ეს ყველაფერი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით წყდებოდა. არსებობდა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომლის მიხედვით, საკმარისი იყო, პირს საჯარო რეესტრის ამონაწერი წარედგინა და ხალხს სახლიდან პანჩურით ჰყრიდნენ – იმ პერიოდში არც სასამართლო მოქმედებდა და არანაირი დაცვის მექანიზმი არ არსებობდა. დღეს კანონმდებლობა აბსოლუტურად შეცვლილია.
ყოველგვარ მორალურ ღირებულებას დაცილებული დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია და გუშინ ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ მძიმე კანონმდებლობაა და ის უნდა შეიცვალოს. ყველამ საკუთარ სინდისს შეხედოს და საკუთარ გულში ჩაიხედოს, ვინ ვის როგორ ასახლებდა. ვგულისხმობ კონკრეტული კომერციული ბანკის ლიდერებს, რომლებიც დღეს ახალგამომცხვარ პოლიტიკურ ლიდერებად გვევლინებიან. ამ საკითხში ამინდის ჩართვა პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მოცემულობა აღსავსეა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ დაცინვითა და სარკაზმით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.