სუს-ის განცხადება ნამდვილად შემაშფოთებელია, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, რათა აღიკვეთოს ვითარების არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მით უმეტეს ასეთი მძიმე პროვოკაციები, რომელზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მიზანი აქამდეც გაცხადებული ჰქონდა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგალითად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვის და ზოგადად, ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აკერიათ. აქ უფრო მეტად შემაშფოთებელია ფორმები, რომლებზეც იყო საუბარი სუს-ის განცხადებაში. კერძოდ, საუბარი იყო უმძიმესს პროვოკაციებზე: იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებაზე. პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რეალურად რევოლუციური გეგმები რომ აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან, რომ განწირულნი არიან შემდეგ არჩევნებშიც, რვა არჩევნები წააგეს და მეცხრესაც წააგებენ, მაგრამ რეალურად მათი მიზანი სწორედ ესაა, პროვოკაციები, არეულობა, რადგან სხვა მიმართულებით მათ შანსი უბრალოდ არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკები უკავშირდება მას, რადგან ამ სისუსტის ფონზე ისინი ყველაფერზე შეიძლება, წავიდნენ.
„ეს ოპოზიცია უნდობლობას გამოუცხადებს სუს-ის განცხადებას, რადგან მათ ეხებოდათ ეს განცხადება. მე დამატებით ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან დასუსტებულია ოპოზიცია, დაშლილია, მოშლილია მთლიანად, რაც თითქოს ერთი შეხედვით, იძლევა დამშვიდების საშუალებას, თუმცა რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკები უკავშირდება მას, რადგან ამ სისუსტის ფონზე ისინი ყველაფერზე შეიძლება, წავიდნენ, ყველანაირ უკადრებელზე. ეს რისკები არსებობს, ამიტომ დამშვიდების საშუალება რეალურად არ გვაქვს. მთავარია, რომ საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და ის უნდა იყოს ერთ-ერთი, ვინც არ დაუშვებს ასეთი პროვოკაციების მოწყობას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.