Home Blog Page 4

“სანამ დონალდ ტრამპი რუსეთს აქებს და უკრაინას აკრიტიკებს, მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები ჩუმად არიან”-The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სანამ დონალდ ტრამპი რუსეთს აქებს და უკრაინას აკრიტიკებს, მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები ჩუმად არიან“ (ავტორი – რობერტ ჯიმისონი). პუბლიკაციაში განხილულ-გაანალიზებულია შიდაპარტიული სიტუაცია აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან და რუსეთთან გატარებულ კურსთან მიმართებით.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკვეთრად შებრუნდა რუსეთისაკენ და ამერიკის მრავალწლიანი პოლიტიკა კრემლის მიმართ რადიკალურად შეცვალა. უფრო მეტიც – თეთრი სახლის ამჟამინდელი მეთაური ყურადღებას არ აქცევს და იგნორირებს თანაპარტიელი კონგრესმენების  თვალსაზრისს, რომელთაგან ბევრი, თავიანთი კარიერის განმავლობაში, რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებით იყვნენ დაკავებულნი და მტკიცედ უჭერდნენ მხარს ევროპელ მოკავშირეებს, კრემლის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში.

მაგრამ ახლა კაპიტოლიუმში რესპუბლიკელი კონგრესმენების რეაქცია საკმაოდ თავშეკავებულია, რიგ შემთხვევებში კი ისინი საერთოდ არაფერს არ ამბობენ და ჩუმად არიან. „დიდი ძველი პარტია“ არ უწევს რაიმე განსაკუთრებულ წინააღმდეგობას დონალდ ტრამპის ძალისხმევას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დასაახლოებლად, თანაც იმის მიუხედავად, რომ ამერიკელი ლიდერი  ყველაფერში ბრალს უკრაინას სდებს და ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს აგრესიული რუსეთის მიერ დაწყებული ომი.

მართალია, ზოგიერთი რესპუბლიკელი უკმაყოფილებას გამოხატავს თანაპარტიელი პრეზიდენტის მოქმედებებისა და განცხადებების გამო, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ პარტიის ლიდერებისა და იმ სენატორების რაიმე შეთანხმებულ ნაბიჯებს, რომლებიც კონგრესში გადამწყვეტ როლს ასრულებენ აშშ-ის საგარეო და სამხედრო პოლიტიკის რეალიზების საქმეში.

„ამჟამად დონალდ ტრამპს განსაზღვრული სივრცე უნდა მიეცეს“, – განაცხადა სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტიუნმა სამხრეთ დაკოტას შტატიდან, ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსთან დახურული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ტრადიციულად, ასეთი შეხვედრების დროს წყდება ხოლმე რიგი სადაო საკითხები შიდაპარტიულ დონეზე. სანამ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდებოდნენ, რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულების საკითხის გარკვევაში და იმითაც, თუ რატომ უწოდებს დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორს“.

მაგრამ როგორც ჩანს, არცერთ სენატორს მსგავსი რამ არ უთქვამს და ამას შეხვედრის სხვა მონაწილეები ინკოგნიტოდ ადასტურებენ.

შეხვედრის შემდეგ ჯონ ტიუნმა რეპორტიორებს ასე უთხრა: „მე მხარს ვუჭერ სამშვიდობო პროცესს და მის შედეგებს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და მისი გუნდი ამ მიზნის მისაღწევად ენერგიულად მუშაობენ“. დონალდ ტრამპის გამონათქვამებთან დაკავშირებით („ზელენსკი დიქტატორია“) ჯონ ტიუნმა განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მხოლოდ თავისი სახელით ლაპარაკობს“.

სხვათა შორის, სწორედ ჯონ ტიუნი იყო იმ მრავალრიცხოვან რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს კონგრესში პროუკრაინული საკანონმდებლო აქტების მიღებას და უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას, მრავალი ათეული მილიარდი დოლარის ოდენობით. ახლა კი, როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლშია, ისინი პრეზიდენტს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ, როცა იგი კიევს აკრიტიკებს.

თვით კენტუკელი სენატორი და პარტიის ყოფილი ლიდერი მიტჩ მაკკონელი, რომელიც ცდილობდა რესპუბლიკურ პარტიაში უკრაინის მთავარი მხარდამჭერის სახელი მოეპოვებინა და შეექმნა საპირწონე დონალდ ტრამპის ლოზუნგისა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ისიც კი ამჟამად დუმილს ინარჩუნებს, საზოგადოების წინაშე არაფერს არ ამბობს და არანაირად არ ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის რუსეთისაკენ გადახრას.

ესოდენ საოცარი ცვლილება მართლაც მოულოდნელია რესპუბლიკელთა რიგებში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავს ამერიკის ძლიერების ერთგვარ სიმბოლოდ თვლიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ აშშ მოწოდებულია საკვანძო როლი შეასრულოს, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ჩირაღდნის სახით, მთელ მსოფლიოში.

ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ნათლად მიანიშნა, რომ ისინი არ ეთანხმებიან დონალდ ტრამპის მიდგომებს, მაგრამ თანაპარტიელთა უმრავლესობა არ თვლის საჭიროდ პრეზიდენტის კრიტიკას. დონალდ ტრამპის „პრორუსული“ პოლიტიკა არ მოსწონს, მაგალითად, მისისიპელ სენატორს, რესპუბლიკელ როჯერ უიკერს, რომელიც შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს: მან საჯაროდ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის იდეა ამ ეტაპზე.

„თუ დონალდ ტრამპი რჩევას მკითხავს, ჩემი რჩევა ასეთი იქნება: ნუ მისცემთ ვლადიმერ პუტინს იმ პრივილეგიას, რომელიც დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრით და მასთან მოლაპარაკებით გამოიხატება“, – თქვა როჯერ უიკერმა, რომელიც რუსეთის ლიდერს „საერთაშორისო სამართლის დამრღვევს“ და „სამხედრო დამნაშავეს“ უწოდებს.

როგორც სენატორმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სენატის ისეთ კომიტეტს ხელმძღვანელობს, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, დონალდ ტრამპს მასთან რაიმე კონსულტაცია არასოდეს არ ჰქონია.

ერთი წლის წინ 20-ზე მეტმა რესპუბლიკელმა სენატორმა, დონალდ ტრამპის სურვილის წინააღმდეგ, ხმა მისცა უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაგრძელებას ათეულობით მილიარდი დოლარის ოდენობით, რუსეთის შეტევების მოსაგერიებლად, მაგრამ დღეს იმ კანონმდებლებიდან ძალიან ცოტა თუ გამოხატავს უკმაყოფილებას  პრეზიდენტის პოზიციის მიმართ. ისინი, ვინც მეტ-ნაკლებად მაინც ცდილობენ კრიტიკული პოზიციით გამოსვლას, გულდასმით არჩევენ გამოსათქმელ სიტყვა-ტერმინებს და დონალდ ტრამპს კი არ აკრიტიკებენ, არამედ ვლადიმერ პუტინს.

„რას ვიზამთ… როგორც ჩანს, ჩვენი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასეთი კურსი აქვს არჩეული“, – თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ალასკიდან ლიზა მერკაუსკიმ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის „გადატვირთვის“ თაობაზე. იგი „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბრის დროს ძალიან ფრთხილად, თავშეკავებულად ლაპარაკობდა და თავს არიდებდა დონალდ ტრამპის პირდაპირ კრიტიკას. სენატორმა იმედი გამოხატა, რომ აშშ „მხედველობიდან არ გაუშვებს ვლადიმერ პუტინის თავხედურ, უცერემონიო მოქმედებას, რომელმაც ჯარები უკრაინაში შეიყვანა და ამით საერთაშორისო სამართლის ყველანაირი პრინციპი დაარღვია“. „თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, – დაამატა სენატორმა.

დონალდ ტრამპი ბოლო დღეებში აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების დაწყებაში უკრაინა არის დამნაშავე. მარა-ლაგოში რეპორტიორების წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეეძლო გარიგების დადება და ომის თავიდან აცილება. ოთხშაბათს მან უკრაინის მიმართ კრიტიკა გააძლიერა და და ქვეყნის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი „არარჩეულ დიქტატორად“ შერაცხა.

სენატორ-რესპუბლიკელმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდან ტომ ტილისმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა კიევიდან ორ სხვა სენატორთან ერთად,  დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და უკმაყოფილება გამოხატა დონალდ ტრამპის სიტყვებზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმართებით. „მე მსგავსი გამონათქვამებით არ ვისარგებლებდი“, – უთხრა მან ოთხშაბათს რეპორტიორებს, – არ შეიძლება მორალურად გავათანასწოროთ ერთმანეთთან ზელენსკი და პუტინი“.

მაგრამ იგივე ტომ ტილისი, რომელიც საჯაროდ იქადნებოდა, რომ დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას გაუწევდა თავდაცვის მინისტრად პიტერ ჰეგსეთის დანიშვნაზე, შემდეგ რადიკალიზმზე უარი თქვა და ზომიერება ამჯობინა, მხოლოდ ის თქვა, რომ იმედოვნებს დონალდ ტრამპი მხედველობაში მიიღებს ზოგიერთი კაპიტოლიუმელი რესპუბლიკელის ნეგატიურ პოზიციას მინისტრთან მიმართებით. გარდა ამისა, მან ასევე რბილად თქვა: „იქნებ კულუარებში შევეცადოთ პრეზიდენტის გადარწმუნებას ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის საკითხშიო“.

როცა აიოველ სენატორ-რესპუბლიკელს ჯონ ერნსტს ჰკითხეს, მხარს უჭერს თუ არა იგი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და არაფერი არ უთქვამს. არადა, გასულ წელს ჯონ ერნსტი იმ რესპუბლიკელებს შორის იყო, რომლებმაც მხარი დაიჭირეს უკრაინის დახმარებას. იმ დროს იგი აცხადებდა, რომ „ამერიკამ აუცილებლად უნდა მოახდინოს ძალის დემონსტრაცია მსოფლიო არენაზე, რასაც ჯო ბაიდენის ნაცვლად კონგრესი აკეთებსო“.

ახლა, როცა დონალდ ტრამპმა და ბევრმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა უარი განაცხადეს თავიანთ მეომრულ რიტორიკაზე პუტინისა და რუსეთის მიმართ, სამხრეთ კაროლინელმა სენატორ-რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმაც შეცვალა თავისი პოზიცია. გავიხსენოთ, რომ იგი ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ პუტინს „თავზეხელაღებულს“ და „სამხედრო დამნაშავეს“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ მას „საქმე უნდა გავურჩიოთო“, დღეს კი, დონალდ ტრამპის ნათქვამის შემდეგ – „პუტინმა მოსკოვში მიმიწვიაო“ – გრემი სულ სხვანაირად ალაპარაკდა: „ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც ისინი ერთმანეთს კლივლენდში შეხვდნენ. ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც მათ ერთად დაისვენონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რით იქნებიან ისინი დაკავებულები. მთავარია, მათ ყველაფერი სწორად გააკეთონ“, – თქვა ლინდსი გრემმა ტრამპ-პუტინის სავარაუდო შეხვედრის კომენტირებისას.

ოთხშაბათს სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპი „უკრაინის ყველაზე უკეთეს იმედს წარმოადგენს ომის სამართლიანი და ღირსეული დასრულებისათვის“. მან იმედი გამოხატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი წარმატებას მიაღწევს მიზნების შესრულებისას და როგორც ყოველთვის, „ტრამპულად იმოქმედებს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: 

გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას -მიხეილ ყაველაშვილი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, – ამის შესახებ საქაღთველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა.

გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას, – წერს ყაველაშვილი.

 CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე სრულად გამოვიდეს უკრაინული კონფლიქტიდან-დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის ლარი ჯონსონის ინტერვიუს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ინტერვიუში ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაშინგტონის გამოსვლა უკრაინის კონფლიქტიდან, ზელენსკისადმი შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება, პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის საკითხი და სხვა თემები.

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, რუსეთის გაზეთ «Известия»-სთან მიცემულ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუში CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი თავის ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე: აშშ წყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და ვაშინგტონი იწყებს სრულ გამოსვლას უკრაინული კონფლიქტიდან; ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ ატარებს მასზე პირადი „ბოღმის” ელემენტებსაც, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ზელენსკი „აპრავებდა” ჰანტერ ბაიდენის კორუფციულ დანაშაულს უკრაინაში. ჯონსონის თქმით, დონალდ ტრამპს ვლადიმირ ზელენსკი „სრულიად არ სცემს პატივს”;

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს $50 მილიარდის გაფლანგვის გამოძიება, რომლებიც ამერიკული ფონდებიდან უკრაინაში გადაიგზავნა. ეს თანხები კარიბის აუზის ბანკებში, ოფშორულ ანგარიშებზეა განთავსებული და ამჟამად მათ ირგვლივ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება; რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებს, ჯონსონი მიიჩნევს, რომ ისინი ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს;

პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ, ამჟამად განიხილება ამ სამიტის ჩატარება, თუმცა კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით უცნობია;

აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილების შეფასებისას, ჯონსონი აღნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული უთანხმოებები აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კრიზისის მოგვარების სტრატეგიასთან დაკავშირებით;

ჯონსონი არ გამორიცხავს ტრამპზე ახალი თავდასხმის რისკებს: შესაძლებელია, დონალდ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით;

ჯონსონმა მსგავსი რისკები არც ზელენსკის მიმართ გამორიცხა, თუ კი ის დარჩება უკრაინაში. ამასთანავე, მან გამორიცხა აშშ, როგორც ზელენსკის თავშესაფარი-ადგილი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ლორა თორნტონის მოწოდებები მტრული მოწოდებებია, „მაკკეინის ინსტიტუტისგან“, ამ ქალბატონისგან არ არის პირველი, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება-დავით მათიკაშვილი

„მაკკეინის ინსტიტუტისგან“ და პირადად ამ ქალბატონისგან არ არის პირველი, როდესაც ანტიქართული და ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მათიკაშვილის თქმით, ეს ადამიანები ვერ მალავენ იმ განწყობას, რომ საქართველოში შეუმდგარი ნაცმაიდნი და შეუმდგარი რევოლუცია რეალობაა.

„საქართველოში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიმარჯვა. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ვერ შეძლეს საქართვეელოში პოლიტიკური ვითარება ამოეტრიალებინათ და ხალხის ნების ნიველირება მოეხდინათ, ამიტომაც, ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ.

ლორა თორნტონის მოწოდებები, შეგვიძლია, ჩავთვალოთ როგორც მტრული მოწოდებები. იმ მოცემულობაში, როდესაც ისინი მოისაკლისებენ იმას, რომ გვამები არ იყო, სისხლი არ დაიღვარა კონკრეტული პროტესტების დროს, როდესაც ქვეყანას უსურვებენ ეკონომიკურ კრიზისს, როდესაც ამ ქალბატონის, ამ ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მიმართული, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამიზნული, აქედან ერთადერთი დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ, რომ ეს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობოთ, მტრულად არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნისადმი.

ეს ძალა და რადიკალები საქართველოში წარმოადგენენ ერთ მთლიან მოცემულობას და გლობალური ომის პარტიის შემადგენელ ნაწილს – „დიფ სთეითს“, რომელსაც ტრამპი ვაშინგტონში ებრძვის. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ იმ მოზღვავებული დესტრუქციისგან, რასაც ეს ქალბატონი პირდაპირ აჟღერებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა საკუთარ წერილში თქვა: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე““.

ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი ონკოლოგების, კლინიკების ჩართულობით, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა.

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ცვლილების შედეგად დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე.

100%-ით ფინანსდება ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST, ბილირუბინი (საერთო), ბილირუბინი (პირდაპირი), ელექტროლიტები (Ka, Na, Ca), ღვიძლის ფუნქციური სინჯები – GGT, ტუტეფოსფატაზა, შარდის საერთო ანალიზი;

ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები: ალბუმინის განსაზღვრა სისხლში, მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში;

ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST.

ასევე ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

“აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია”-Financial Times

აშშ წინააღმდეგია, რომ „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდასაჭერ ტრადიციულ განცხადებაში რუსეთს „აგრესორი“ ეწოდოს“, – წერს ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „აშშ წინააღმდეგია, რომ G7-ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში გამოყენებული იყოს სიტყვები „რუსეთის აგრესია“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი და ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი მოკავშირეების თვალსაზრისები, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში მოსკოვის პასუხისმგებლობის შეფასებისას, ერთმანეთს დაშორდა.

აშშ გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მესამე წლისთავს უკავშირდება, რუსეთი აგრესორად იქნას მოხსენიებული. როგორც მთავრობის წრეებთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ასეთი მიდგომით ვაშინგტონს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი ის ტრადიციული ერთიანობა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ავლენდნენ ხოლმე. მათივე თქმით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი და შეთანხმებული არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა ვირტუალურ სამიტშიც, რომელიც ორშაბათს უნდა გაიმართოს.

აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და ვოლოდიმირ ზელენსკის „არავისგან არჩეული დიქტატორი“ უწოდა, ხოლო რუსეთის ლიდერი „დიდ შვიდეულში“ ისევ მიიწვია („დიდი რვიანის“ აღდგენის მიზნით).  ამერიკის წარმომდგენელმა შენიშვნა გამოთქვა ფრაზის „რუსეთის აგრესიისა“ და სხვა ანალოგიური ფორმულირებების გამო, რომლითაც G7-ის ლიდერები 2022 წლიდან სარგებლობენ.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები 24 თებერვალს ტრადიციულად აქვეყნებენ ხოლმე ერთობლივ განცხადებას უკრაინის მხარდაჭერის აღსანიშნავად – სწორედ ამ დღეს შეიჭრნენ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე.

„ჩვენ გადაჭრით მოვითხოვთ, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ მიდგომები რუსეთისა და უკრაინის მიმართ. რუსეთისა და უკრაინის მოქმედების ხასიათი ერთნაირი არ არის“, – უთხრა „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა ევროპელმა ინფორმირებულმა ჩინოვნიკმა, – „ამერიკელებმა დაბლოკეს ფორმულირება „რუსეთის აგრესია“, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით“.

აშშ-ის საელჩომ კიევში „ფაინენშელ თაიმსის“ კითხვას არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა.

გასულ წელს „შვიდეულის“ ლიდერთა განცხადებაში „რუსეთის აგრესია“ ხუთჯერ იყო მოხსენიებული: „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი, აგრეთვე სრულად და უსიტყვოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – ნათქვამია 2024 წლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნა G7-ის განცხადების ფორმულირების შერბილების მიზნით წარმოადგენს იმას, თუ როგორ არის შეცვლილი აშშ-ის პოლიტიკა: დღეს თეთრი სახლის აზრით, მიმდინარე საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის „ომი“ კი არ არის, არამედ უკრაინაში „მიმდინარე კონფლიქტი“.

სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც თავის ბოლოდროინდელ შეტყობინებებში  ანალოგიურ გამოთქმებს იყენებს: ასე, მაგალითად, ერ-რიადში გამართული მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში ორჯერ ნახსენებია არა „რუსეთ-უკრაინის ომი“, არამედ „კონფლიქტი უკრაინაში“.

ეს ფორმულირება არსებითად განსხვავდება  იმ გამოთქმებისაგან, რომლებსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იყენებდა ხოლმე. ექს-პრეზიდენტის გუნდის ჩინოვნიკები ხშირად სარგებლობდნენ ფრაზებით „რუსეთის აგრესია“, „აგრესიული რუსეთი“, როცა საქმე ეხებოდა ევროპაში ყველაზე უდიდეს სამხედრო დაპირისპირებას მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროიდან.

„დიდი შვიდეულის“ განცხადებასთან დაკავშირებული დავა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს პირფერულად ასიამოვნა და კრემლის ბევრ მოთხოვნაზე დათანხმდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით.

დონალდ ტრამპმა ასევე გაიმეორა რუსეთისათვის სასიამოვნო  მონაცემი, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი თითქოსდა მხოლოდ 4%-ს შეადგენს. არადა, ამ კვირაში კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტს მხარ უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 57%.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც თბილ რეაქციას გამოხატავს აშშ-ის ადმინისტრაციის შემრიგებლური ნაბიჯების მიმართ: „დღეს ამერიკის მხრიდან სრულიად სხვა ადამიანები მონაწილეობენ ჩვენთან შეხვედრებში, რომლებიც ყოველგვარი მიკერძოებისა და წარსულში გაკეთებულის „დაგმობების“ გარეშე მუშაობენ… ისინი ერთობლივი მიზნის შესასრულებლად არიან განწყობილნი“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ცივი ომის პერიოდშიც ჰქონდათ კომუნიკაცია, მოგვწონს თუ არა, რუსეთი არის გლობალური ძალა, ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან კომუნიკაცია-მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, სამწელიწადნახევრის განმავლობაში მოსკოვთან რეგულარული კონტაქტი არ ყოფილა.

„ცივი ომის პერიოდშიც კი, მის ყველაზე მძიმე დღეებშიც შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ჰქონდათ კომუნიკაცია“, – აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მოქმედებების უმეტესობას არ ეთანხმება, თუ კომუნიკაცია არ ექნებათ, სახელმწიფოებრივი მართვის თვალსაზრისით არარელევანტურია.

„საბოლოოდ, ჩვენ უნდა შევძლოთ დიალოგი ქვეყანასთან, რომელსაც ზოგ შემთხვევაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქტიკური ბირთვული არსენალი და მეორე თუ არა, ყველაზე დიდი სტრატეგიული ბირთვული არსენალი აქვს. მოგვწონს თუ არა, რუსეთი არის ძალა, გლობალური ძალა. ისინი ჩართულები არიან სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ნახევარსფეროშიც კი და, რა თქმა უნდა, ევროპაში. ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან კომუნიკაცია“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს.

„მას უნდა იცოდეს, სერიოზულად არიან თუ არა რუსები განწყობილი ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი გზა არის მათი გამოცდა და მათთვის კითხვა – სერიოზულად ხართ განწყობილი ომის დასასრულებლად? თუ ასეა, რა არის თქვენი მოთხოვნები? განსხვავდება თუ არა თქვენი საჯარო და პირადი მოთხოვნები? უნდა გვქონდეს რაღაც პროცესი, რომლის მეშვეობითაც ამ საუბარში ჩავერთვებით. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. არ ვიცი. გავიგებთ, მაგრამ უნდა გვქონდეს პროცესი ამის დასადგენად“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს განმარტებით, მოსკოვში აშშ-ის საელჩო ძლივს ფუნქციონირებს, რადგან მას საბანკო სისტემაზე წვდომა შეზღუდული აქვს.

„ეს უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა რუბიომ.

საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ – ტატა ხვედელიანი

„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან.

ტატა ხვედელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართა, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა “გახარია საქართველოსთვის” გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ.

„გუშინ, ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ კანონი. ბიუროს ფუნქციებში შედიოდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკის შესწავლა, მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა, განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ბიუროს შექმნა და განვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკისრი ვალდებულება იყო. საჯარო სამსახურის ბიუროში დასაქმებულებისთვის ანაზღაურდება მხოლოდ 1 თვის კომპენსაცია, 3 თვის კომპენსაციის ნაცვლად. იუსტიციის სახლებიდან საპროტესტო პეტიციას ყველაზე მეტმა, 600-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, რომელთა რეპრესიები ახალი წლის დღეებიდან დაიწყო. დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები.

ბოლო დღეებში უკანონო გათავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლების მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე. ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო. თბილისის მერიაში 1-ელი თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაცია, უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა, მიმდინარეობს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამდენიმემ ვერ გაუძლო ზეწოლას და გაიტანა საპროტესტო პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა. რეგიონებში უკანონო გათავისუფლებები მიმდინარეობს ერთი და იგივე ოჯახების სხვადასხვა წევრებზე: სამოქალაქო აქტივისტი და „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. ორივე პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხაზგასასმელია ის, რომ სიღნაღში ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციას. ჩვენი პარტიის შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თათია ბროლაძის ბებია, იზაბელა კობიაშვილი 60-წლიანი მუშაობის შემდეგ გათავისუფლდა კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანების კურატორ-სპეციალისტის თანამდებობიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი ძმის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო გათავისუფლდა ბახვა შაიშმელაშვილი. ასევე, ლაგოდეხში ომარ მირზოშვილი მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების გამო. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად, დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ასზე მეტი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული. მოვუწოდებთ შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და გაემიჯნონ უკანონო პარტიული დავალებების შესრულებას, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ აუცილებლად მოუწევთ მსგავს უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე, მე როგორც ყოფილმა საჯარო მოხელემ, მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს თითოეული თქვენგანის ინტერესების დასაცავად. დაგვიკავშირდით ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში, რათა დავიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ზეპარტიული თემაა შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი და ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 ნარკოდანაშაულისთვის 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული ვ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.ტ., 2001 წელს დაბადებული ა.ღ., 1994 წელს დაბადებული დ.ს. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1966 წელს დაბადებული კ.ჭ., 1998 წელს დაბადებული შ.ა. და 1998 წელს დაბადებული კ.ჭ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ა.შ., 1982 წელს დაბადებული ზ.პ., 2001 წელს დაბადებული ო.ს., 2000 წელს დაბადებული მ.გ. და 1999 წელს დაბადებული ი.ო.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული ლ.ლ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1994 წელს დაბადებული ა.ზ., 1991 წელს დაბადებული ნ.გ., 1980 წელს დაბადებული რ.ბ. და 1985 წელს დაბადებული ა.ვ.

ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული გ.ს., 2004 წელს დაბადებული ს.ს., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1997 წელს დაბადებული მ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ო.ფ.“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „ექსტაზი“, „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „ამფეტამინი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორ პირს ბრალდება წარუდგინა

x

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებული იქნა დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

“ბრიქსის” რომელიმე ქვეყანამ დოლარის განადგურება რომ ახსენოს, 150%-ანი ტარიფი დაეკისრება -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნებს, შესაძლოა, აშშ-ისგან 150%-იანი ტარიფები დაეკისროთ „დოლარის განადგურების მცდელობისთვის“.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების პირობა დადო.

„„ბრიქსის“ ქვეყნებს დაახლოებით ექვსი ქვეყანა წარმოადგენს, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი დოლარის განადგურებას. იცით, ახალი ვალუტის შექმნას აპირებდნენ. სავარაუდოდ, უნდოდათ ჩინური იუანის გამოყენება. და ბაიდენმა თქვა: „კარგი, ეს რთული სიტუაციაა. ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ. ამას ვერ ვუშველით“. მე ვთქვი: „შეგვიძლია, ვუშველოთ“. როცა მოვედი, პირველი რაც ვთქვი, იყო, რომ „ბრიქსის“ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თუნდაც ახსენებს დოლარის განადგურებას, 150%-იანი ტარიფი დაეკისრება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა

19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება” კატეგორიაში ჯილდო თიბისი ლიზინგს გადაეცა.  აღნიშნული პრიზი მან ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF)-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით მზის ფოტოვოლტური პროექტების წამოწყებისთვის მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიურის განსაკუთრებული მოწონება კომპანიის მიერ წარდგენილმა განვითარების გრძელვადიანმა სტრატეგიამ დაიმსახურა, რაც ეკომეგობრული და მდგრადი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

მიმდინარე წელს, ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჯილდოს თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება შედგა სამი პანელური დისკუსიისგან: მმართველობითი საკითხები და პარტნიორობა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ლიზინგი, თავისი არსით „მწვანე“ ინიციატივაა, რადგან საშუალებას აძლევს ბიზნესებს ინვესტიცია განახორციელონ უფრო ახალ და ეფექტიან აღჭურვილობაში, რომელიც ნაკლებ რესურსს მოიხმარს.

თიბისი ლიზინგის დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუსირებულია გარემოს დაცვასა და განახლებად ენერგიაზე – როგორიცაა მზის პანელები და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები. კომპანია ხელს უწყობს ენერგოეფექტური სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო აქტივების დაფინანსებას. 2024 წლის მდგომარეობით მისი მწვანე პორტფელის მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო. ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხელი შევუწყვეთ ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მათი მწვანე საქმიანობის გაფართოებას. ჩვენი, როგორც საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია შევქმნათ პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ დაფინანსების ალტერნატიული საშუალებებით, რათა გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა“, – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

(R)