Home Blog Page 13

ტექნოლოგიები და ინოვაციები – Global Tech Weekend Tbilisi 2025 – თიბისის მხარდაჭერით

20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მიმართულებების გარშემო გააერთიანებს, როგორებიცაა:

ხელოვნური ინტელექტი (AI)​, ფინტექი (FinTech)​, გეიმინგი, WEB3​, აგროტექნოლოგიები (AgriTech)​, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.

ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, Totally Human, Game Nations.

იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავს ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ პროფესიონალები მოიყრიან.

Radio City | District 4-ში მისულ სტუმრებს დახვდებათ მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე და Outdoor სცენა, Co-Working და  მედია სივრცეები, Chillout და სპორტული ზონები, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციები და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიას, ინფლუენსერებს.  

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასა და 80 სპიკერს გააერთიანებს.

სპიკერებს შორის იქნებიან:

  • Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი;
  • Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში;
  • Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი
  • Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი;
  • John Nee – Marvel-ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;
  • JP Isham – Gala-Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი;
  • Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი;
  • More speakers/partners TBA

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ ბმულით –

https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025

დამატებით ინფორმაციას სტარტაპ კონკურსის, გამოფენის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების სხვა დეტალების შესახებ,  Global Tech Weekend Tbilisi-ის  ვებ-გვერდზე იხილავთ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

R

„რიყის დოქები“ გაიყიდა

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“.

როგორც BPN-ი წერს, სამეწარმეო რეესტრიდან ჩანს, რომ „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. თავის მხრივ, შპს ,,ნ.გ.ბ.” – მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.

უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ახალმა მესაკუთრემ მისი ღირებულება განვადების წესით უნდა დაფაროს. „მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საფასურის გადახდამდე იპოთეკით დატვირთოს ნასყიდობის საგანი“,- აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.

თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.

ფურცელაძის ქუჩაზე, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით, მოვიდა დაახლოებით 50-მდე კუდი-ს წარმომადგენელი. 6 ახალგაზრდა დაჭრეს იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები -ბესიკ დანელია

„რაც შეეხება რეჟიმის წინააღმდეგ ჩემს ქმედებებს. პირველად აქციაზე გამოვედი 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. როდესაც ახალგაზრდა კაცი წამებით მოკლედ იმის გამო, რომ თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც სუფრასთან იმყოფებოდა ახალაიებთან და თაკო სალაყაიასთან, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ერთად“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესიკ დანელიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

ბესიკ დანელია 7 ნოემბრის და 6 მაისის მოვლენებს იხსენებს.

„2006 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აქციას ვესწრებოდი. ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული. სპეცრაზმთან ერთად ისე გამისწორდნენ ზონდერები, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეიძლება მეტიც. ასევე, ვარ 2009 წლის 6 მაისის დაზარალებული, როდესაც აქციიდან წავედით, რომ გავიგეთ, ახალგაზრდებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ სამმართველოს შენობაში და იმ დღესაც პლასტიკური ტყვიებით, აკრძალული მეთოდებით ისეთ დღეში ჩაგვყარეს, რომ უმძიმესი დღე იყო, ვინაიდან, ჩემ გვერდით, ირაკლი ხომასურიძემ დაკარგა თვალი. მე მომხვდა ერთი ტყვია ყურში, ერთი კისერში, ერთი მუხლში. ეს იყო არნახულად მძიმე დღე. შემდეგ გავეშებული პოლიციელები, გამოვარდნენ სამმართველოს შენობიდან, ხელში ჯაჭვებით და რკინის ე.წ. ხელკეტით. გამეტებით ურტყამდნენ ხალხს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ამის შემდეგ იყო ფურცელაძის ქუჩა, სადაც კუდ-ელებმა 6 ადამიანი დაგვიჭრეს. ახალგაზრდებს მოგვმართეს, ე.წ. ზონდერი სპორტსმენები, რომლებიც ჰყავდა სააკაშვილს, მე რამდენადაც ვიცი ესენი იყვნენ უშუალოდ გიგი უგულავას ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან გაფორმებული იყვნენ ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში, სადაც იღებდნენ ხელფასებს და ხელფასებს იღებდნენ აქციებიდან ხალხის მოპარვაში, ხალხის ცემაში. ფურცელაძის ქუჩაზეც ასეთი რამ მოხდა, ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით იქ, ასევე იყვნენ 35-40 წლის ხალხიც და ამ დროს, მოვიდა დაახლოებით 50-მდე ზონდერი კუდ-ელი, კუდი-ს სამსახური იყო, და 6 ახალგაზრდა დაიჭრა იმ დღეს. ზოგს ლურსმნიანი ჯოხი ჩაარტყეს თავში, ზოგს ე.წ. რაგატკები, ისროდნენ რკინის ბურთულებს, ის რომ კაცს თავში მოგხვდებოდა, ჯობდა, ტყვია მოგხვედროდა“, – განაცხადა ბესიკ დანელიამ.

გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით გცემდნენ, რომ როგორღაც ბევრი დაზიანება არ მიგეღო და ადვოკატი რომ შემოსულიყო, დაზიანებები არ ენახა -გოჩა კაკოიშვილი იზოლატორში წამებაზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

გოჩა კაკოიშვილმა თეა წულუკიანის შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში წამება უპასუხა, რომ წამება გამოიხატებოდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ისე გაშიშვლებაში, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით ცემასა და შიმშილში.

„ცემაში, სიტყვიერი შეურაცხყოფაში, თუ ჩაგეძინებოდა ცივი წყლის გადასხმაში. ძირითადად ცემა ხდებოდა, რომ გაგაშიშვლებდნენ მთლიანად, პლასტმასის ბოთლში ჩასხმული წყლით გცემდნენ, რომ როგორღაც ბევრი დაზიანება არ მიმეღო. ადვოკატი რომ შემოსულიყო და დაზიანებები არ ენახა. მაგრამ დაზიანებები მაინც ნახეს, როდესაც შემოვიდნენ და მნახეს დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, რადგანაც მანამდე მეძებდნენ. შემდეგ უკვე ეს წამება შეწყდა მას შემდეგ როდესაც ტელევიზიამ გამომაცხადა. საჭმლის შემოწოდებაზე მაინც პრობლემა იყო და ძალიან დასუსტებული ვიყავი, როდესაც სახლში მიმიყვანეს ვერცერთმა მეზობელმა ვერ გაბედა, რომ მოსულიყო ჩემამდე და დახმარებოდნენ, რომ სახლში ავეყვანე. იმიტომ, რომ იმხელა შიშის ქვეშ იყვნენ მეზობლები, რომ იმ ნაციონალებს, რომლებიც იქვე ცხოვრობდნენ ინფორმაცია არ მიეტანათ შტაბში, რათა ანალოგიურ უბედურებაში ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს – კახა კალაძე

ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს – წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას ვერ შეძლებს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.

„ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ საქართველოში. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი. ეს რატომ სჭირდებოდათ? არ იფიქროთ, რომ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით აქვთ ეს დამოკიდებულება. ყველგან, სადაც ინტერესი აქვთ, იგივე მეთოდებით მუშაობენ – ქმნიან აგენტურულ ქსელს იმისთვის, რომ როცა დასჭირდებათ მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, რისი მცდელობაც საქართველოში ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა NED-ით, USAID-ით, სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ ჯერ დამარცხებული არ არის. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას და ვიცავთ მის ინტერესს. თუ ის [დონალდ ტრამპი] მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ ვერ შეძლებს ამის მოგვარებას, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და გამოიყენონ, როგორც, მაგალითად, უკრაინა გამოიყენეს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ურთიერთობების დარეგულირებას, არსებული ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მიესალმება.

„არსებული ვითარება ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მათთვისაც მიღებული არ არის. ეს ყველაფერი შემოიფარგლებოდა იმით, რომ წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და ურთიერთობა იყოს ნორმალური, მეგობრული, პარტნიორული და ორმხრივი. არ უნდა იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ ამერიკა დიდი სახელმწიფოა და ზემოდან უნდა უყურებდეს პატარა სახელმწიფოს“, – განაცხადა კალაძემ.

პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა-კახა კალაძე – აქციებზე

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში გამართულ აქციებზე  მომიტინგეები პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მძიმე საგნებს, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთში აქციის დაშლის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება აქციების დაშლა. საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთზე, ასეა ზოგადად ევროპის ქვეყნებში. ეს დამოკიდებულებაა ზოგადად. როდესაც შენ ატარებ აქციას, მისი ჩატარების უფლება, როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში, აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ძალიან მარტივია. იმ თემის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციები იყო. იყო ფიზიკური  შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და მძიმე საგნებს ესროდნენ, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინა, თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო. მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. ორმაგი სტანდარტია: როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ მუსიკას. თუ რამე აწყობთ, მაშინ სხვა მესიჯებს გააჟღერებენ, თუ რამე საწინააღმდეგო იქნება, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“მეგობარი აქტი” არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც რეალობას არანაირად არ ასახავს -გივი მიქანაძე

ამ აქტის დასახელება იმ კონტექსტს აბსოლუტურად არ შესაბამება, რომელიც ამ მოცემულობაშია წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „მეგობარი აქტის“ შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს განიხილავს.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც რეალობას არანაირად არ ასახავს და აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთანაა დაკავშირებული.

„ეს არის მიკერძოებული ხასიათის. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება, მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ მიანდეს ამ ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული. ამ მხრივ აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი – უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და იმ დინამიკურ განვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.

შესაბამისად, ის მოცემულობა და მცდელობა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვალყურს ვადევნებთ, რომელიც კონკრეტული ძალების მიერ არის ნაკარნახევი და მათი უშუალო ჩართულობით ხდება ამ პროცესების განვითარება, წარმოადგენს უსამართლობას და ელემენტარულად საქართველოს უპატივცემულობას. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი, საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც „მეგობარი აქტი“ გახდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.

„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.

თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში

თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ მორიგი შეთავაზება მოუმზადა.

1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წინანდლის მამულში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, ისინი საჩუქრად ერთი ღამეს ან დამატებით ერთ ოთახს მიიღებენ. შეთავაზება ვრცელდება, როგორც ახალ, ისე ძველ Mastercard სადებიტო ბარათებზე.

მაისის თვის განმავლობაში, წინანდლის მამულში, ასევე დაგხვდებათ აიურვედას პრაქტიკა სალომე ხელაშვილთან ერთად. ბავშვებისთვის კი, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები.

შეთავაზების პირობები:

  • შეთავაზება ვრცელდება 1-31 მაისის თარიღით განხორციელებულ ჯავშნებზე;
  • ოთახის საფასურის გადახდა  უნდა განხორციელდეს თიბისის POS ტერმინალზე.

გაატარეთ მაისის უქმეები სასიამოვნოდ! ოთახის დასაჯავშნად, მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს.

®

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია – მათიკაშვილი

საქართველოში ლეგიტიმაციის პირველწყარო ქართველი ხალხია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მხარდაჭერას უცხადებს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ხოლო რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ სანაგვეზე უთითებს ადგილს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, არც თვითმმართველობის არჩევნები იქნება გამონაკლისი, ვინაიდან „ქართული ოცნების“ რეიტინგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილია

„რადიკალების მიმართ საზოგადოების ნდობა ძალზედ მცირეა, ფაქტობრივად, ნულოვან ზღვარზეა დასული. აგენტურული ოპოზიცია იმას აკეთებს, რასაც დაავალებენ. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, ეს დავალების ჭრილში იქნება. თუ არ მიიღებენ, ეს მათი ნება-სურვილით არ იქნება გადაწყვეტილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული დ.ვ., იორდანიის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული რ.მ., 1991 წელს დაბადებული ჟ.დ. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი, მეგობრებმა სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში -გოჩა კაკოიშვილი

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

ის ასევე, საუბრობს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდზე. მისი თქმით, ისე იყო ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლაც ვერ შეძლო.

„პატიმრობა მომისაჯეს, წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრიწყაროში „კაპეზეზე“, სადაც აღარ დავწვრილმანდები იქ რა მდგომარეობაც იყო. გათავისუფლებიდან ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი და მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, მეგობრებმა სკამზე დამსვეს და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის მანძილზე მეუღლე მეხმარებოდა დამჯდარს აბაზანაში რომ დამებანა“, – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება – თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე 

სააკაშვილი ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

პარლამენტში დღევანდელ კომისიაზე განიხილება ყოფილ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი, სადაც კომისიის წევრთა კითხვებს თავად ვალერი გელაშვილი პასუხობს. კომისიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უმძიმესი იყო ის კადრი, რომელიც ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორების შემდეგ ტელევიზიით გამოჩნდა, ის, თუ როგორ იყო დაზიანებული დეპუტატი.

„ადამიანს სახე, როგორც ასეთი, ცემისგან წაშლილი ჰქონდა. ასეთ კადრს „ბოევიკში“ თუ ნახავდი. ცოცხალი ადამიანი ასეთი ნაცემი თანამოქალაქე, ფაქტობრივად, ნანახი არ ჰყავდა საზოგადოებას. ამიტომ ეს იყო ერთგვარი შოკი საზოგადოებაზე – აი, რა მოუვა იმას, ვისაც რაიმე სხვა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან ან მის ხელისუფლებასთან. ეს კადრი იყო ყველაზე მძიმე და ცუდი გაგებით, შთამბეჭდავი“, – განაცხადა განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სწორედ ქადაგიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა თეა წულუკიანი და აღნიშნა, რომ ყოფილ დეპუტატზე მომხდარი თავდასხმის კადრები საგამოძიებო კომისიის დასკვნას დანართებად დაერთვება.

„ბატონ ირაკლის ვუერთდები ამ პათოსში. ეს, ის ფოტო და ვიდეო მასალაა და არამხოლოდ ამ საქმეზე, რომლის [წაშლას] ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომეს სააკაშვილმა, მისმაა NGO-ებმა და მთელმა პარტიებმა, იმიტომ, რომ მერე მარტივ მამრავლებად დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“. დღემდე ცდილობენ, რომ ეს წაიშალოს, დაიკარგოს, განადგურდეს, წაიშალოს მეხსიერებიდან და ჩვენი კომისიის ვალია, რომ მათ ამის საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, რომელი მასალაც ბატონმა ირაკლიმ ახსენა, რა თქმა უნდა, ეს დანართებად ექნება ჩვენ დასკვნას, თითოეული, ფოტო-ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი, პარლამენტის სტაჟიორები აქ გვესწრებიან, გარედან გვიყურებენ ახალგაზრდები, ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის სააკაშვილი, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის, თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში. პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე, ასე დავარქვათ, რომ გამოსწორდება“, -განაცხადა წულუკიანმა.