Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ? – კალაძე

ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ცესკო-ს ღია წერილს, რომელიც ევროპის საბჭოს ასამბლეას გაეგზავნა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი არ არსებობს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან.

„არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ არჩევნები გაყალბდა და, შესაბამისად, ოპოზიციონერებმა პროკურატურაში სათანადო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გარეთ არ გასულან, მოსახლეობას არ შეხვედრიან, კაფეებში დადიოდნენ, ცხელ ყავასა და ჩაის მიირთმევდნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. ისინი ჯერ ხალხს არწმუნებდნენ, რომ გაიმარჯვეს და შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ. არჩევნებში მხოლოდ რადიკალები კი არა, ის ევროპელი ბიუროკრატებიც დამარცხდნენ, რომლებიც ქვეყანას ებრძვიან. ეს ადამიანები აგრძელებენ დისკრედიტაციას, ევროპაში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები თითქოს გაყალბდა, თუმცა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოედგინა მსგავსი ფაქტი, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მასში ოპოზიციის მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძის თქმით, ისინი მითითებებს ქვეყნის გარედან, თავიანთი პატრონებისგან ელოდებიან.

„არანაირი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ? ასე არის დღეს ჩვენი ოპოზიციის საქმე. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ ეს თავისით გადაწყვიტოს. ისინი მითითებებს ელოდებიან გარედან, თავიანთი პატრონებისგან და რასაც უბრძანებენ, იმას თავდახრილი გააკეთებენ. დღეს შეიძლება თქვან, რომ მონაწილეობას არ ვიღებთო, მაგრამ როგორც კი ხვალ წამოვა ბრძანება, რომ უნდა ჩაერთონ, რა თქმა უნდა, შეიცვლიან დამოკიდებულებას და მონაწილეობას მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის იყენებენ, რათა ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს გაატარებს.

„ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესს ყოველთვის იყენებენ იმისთვის, რომ შიდა დაძაბულობა იყოს, რადიკალური დაჯგუფებები გამოაღვიძონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ. უახლოეს წარსულში ასე ხდებოდა. ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემის საკითხს იყენებდნენ რევოლუციის მოსაწყობად. შემდეგ – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხს, ახლა კი – ვიზალიბერალიზაციის გაუქმება-არ გაუქმების საკითხს. მერწმუნეთ, არაფერი გამოუვათ. დარწმუნებული ვარ,  ყველა ქართველი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ამაყობს იმით, რომ დღეს ვერავინ ბედავს, ხელისუფლებას მბრძანებლური ტონით მითითებები მისცეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7500 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7500 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1614 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1249 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0365 ლარი შეადგინა.

 სავიზო საკითხი იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც „დიფ სთიეთს“ და უკრაინაში ომის გამჩაღებლებს სურთ, ამას ვერ ეღირსებიან -დავით მათიკაშვილი

ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ რომელიც „დიფ სთიეთს“. 

„არ მგონია, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იკადრებს და ქართველ ხალხზე იმგვარი ზეწოლა მოხდება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქართველი ხალხის სულისკვეთება ევროპული მომავალია. ქართველმა ხალხმა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკასთან ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა დასავლური წამოწყების მაქსიმალურად მხარდამჭერი ყოფილიყო, მათ შორის იყო ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ნატო-ს მისიებში. ეს დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს. ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ რომელიც „დიფ სთიეთს“ და უკრაინაში ომის გამჩაღებლებს სურთ, მაგრამ, ბუნებრივია, ამას ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციის დიდი მოღალატეობრივი სინდიკატია – ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატით არ იღლებიან.

„ოპოზიცია არის ერთი დიდი მოღალატეობრივი სინდიკატი საქართველოში, ცოცხალი, ხელშესახები ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც არ იღლებიან საკუთარი ქვეყნის ღალატით. აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადიან და ითხოვენ, რამენაირად ქართველი ხალხი დაისაჯოს, მაგრამ ბუნებრივია, მათ მცდელობას საბოლოოდ წარმატება არ ექნება. ის მნიშვნელოვანი ევროპული გზა, რომლის საქართველომ დღემდე გამოიარა და რომელსაც აგრძელებს, ბუნებრივია, დასრულდება იმით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა. 

მთავრობის თავმჯდომარე პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„უმნიშვნელოვანესია ამ ახალგაზრდა ოჯახის მიმართ ჩვენი თანადგომა და ყურადღება. მომხდარი ფაქტი არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა. ყველას კარგად გვახსოვს, იმ მძიმე დღეებმა როგორ გაგვაერთიანა ჩვენ აფხაზ და-ძმებთან და დღევანდელი დღეც ამ ერთობის ერთგვარი გაგრძელებაა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ პროცესში თანამონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

სახლის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. ასევე კერძო კომპანიების მხარდაჭერით დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადაეცა.

ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია რომლის მთავარი თემა „სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობა – პრაქტიკული ასპექტები“ იყო ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიული არჩევნების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მათ შორის, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მომხსენებლებმა სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობაზე, საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებზე, არჩევნებში ჩართული მხარეების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე, ამომრჩეველთა განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კარგი პრაქტიკა გაუზიარეს ერთმანეთს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. შეხვედრების განმავლობაში გიორგი შარაბიძემ და გიორგი სანტურიანმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და 2025 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე დეტალურად ისაუბრეს.

საერთაშორისო კონფერენცია 15-16 აპრილს, ვილნიუსში გაიმართა და მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

კანონი „გრანტების შესახებ“ მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანონი „გრანტების შესახებ“, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს თანხების გამოყოფის საკითხს და ცხადი გახდება, თუ რა პროექტებში იხარჯება უცხოური დაფინანსება.

ამის შესახებ კალაძემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვიცით, როგორ ხდებოდა რადიკალური ძალების დაფინანსება, ვინ იყო მთავარი დამფინანსებელი და საიდან მოდიოდა ეს თანხები. სიახლე ამ კუთხით ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ კითხვებზე არანაირი პასუხი არ არსებობს. კანონი, რომელიც უკვე მიღებულია, მკაცრად გააკონტროლებს ამ ტიპის ქმედებებს და ცხადი იქნება, თუ სად მიემართება ეს თანხები, რა პროექტებში იხარჯება. რა თქმა უნდა, მავანს არ სურს, გააცხადოს, თუ რა პროექტებს ხმარდება ეს დაფინანსება. ძირითადად, ის მიემართებოდა რევოლუციური სცენარების მოწყობისკენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და საზოგადოების გახლეჩა-დაპირისპირებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისის მობაილბანკის კიდევ ერთი ეკომეგობრული კამპანია 

22 აპრილს – დედამიწის დღეს კომპანიები, გარემოზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინიციატივითა და კამპანიით აღნიშნავენ.

საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, წლებია თიბისიც არაერთი ეკომეგობრული პროექტის ავტორი და მხარდამჭერია.

გადამუშავებული სარეკლამო ბანერებით შექმნილი ლეპტოპის ჩანთებისა და ზურგჩანთების შემდეგ, ამჯერად, თიბისისა და „ტენეს“ პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის ფილიალებში 4500 კგ საიზოლაციო რეზინი, 2250 კგ ბოთლის თავსახური და 2,3 კგ მეორადი კაბელი შეგროვდა, გადამუშავდა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები დამზადდა.

საკიდი – დაზიანებული USB კაბელებისგან, ტელეფონის ქეისში ჩასადები ფირფიტა –  მეორადი TPU მასალისგან, საკიდის გასაფორმებელი აქსესუარები კი ეკოლოგიურად სუფთა PLA პლასტმასისგან დამზადდა, რომელიც ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, მარტივად ბიოდეგრადირდება.

თიბისი, როგორც პასუხისმგებლიანი ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) პოლიტიკის კომპანია, აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს – რამდენად დიდი და პოზიტიური  გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოსა და მდგრად განვითარებაზე.

#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.

(R)

22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის  გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა

თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებით და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

22 აპრილი დედამიწის დღეა. თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს და  დადებითი ზეგავლენის შესაძლებლობებს გარემოზე ზრუნვაში და მდგრადობის შენარჩუნებაში. შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში, შიდა ტრანსფორმაციით და ცვლილებებით იწყება. თიბისი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით ინიციატივებს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე, მის გარეთ. კომპანიამ 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

თიბისის აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა. პოლიტიკა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ კულტურაში გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების დამკვიდრებასა და ბანკის საქმიანობის ყველა სფეროში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებების წახალისებას. აღნიშნული პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე ვრცელდება.

თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობამ დასახულ მიზანს 23.79%-ით გადააჭარბა. 2024 წლისთვის დასახული მიზანი იყო 1.4 მილიარდი ლარი და წლის ბოლოს პორტფელის მოცულობამ შეადგინა 1.733 მილიარდი ლარი. პორტფელის დიდი ნაწილი მწვანე დაფინანსებასა და კლიმატთან არის დაკავშირებული.

თიბისიმ,  გასულ წელს, მეხუთედ გაიარა ISO 14001:2015 აუდიტი, რაც იმის დასტურია, რომ ბანკის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს.

თიბისის და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, TBC WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.

თიბისი, ასევე აქტიურად მუშაობს შიდა რესურსების დაზოგვასა და რესურსების გონივრულ მოხმარებაზე – 2300 კილოგრამზე მეტი პლასტმასა შეგროვდა და გადამუშავდა. პლასტმასის შესაგროვებელი ურნები განთავსებულია თიბისის 46 ლოკაციაზე: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

თიბისიმ ქაღალდის გადამუშავების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე ჯამურად გადამუშავებულია 500 ტონამდე ქაღალდი. პარტნიორი კომპანიის დახმარებით გადამუშავდა 46 840 კგ ქაღალდი, რითაც მოჭრას გადაურჩა 782 ხე.  ასევე, კორპორაციულმა მიმართულებამ, ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით, დაბეჭდილი ხელშეკრულებები ციფრული ხელშეკრულებებით შეცვალა, ამით 70,000 ფურცელი დაზოგა. 2024 წელს ერთი თანამშრომლის მიერ მოხმარებული ქაღალდის რაოდენობა 10%-ით შემცირდა. წყლის მოხმარება ერთ თანამშრომელზე წინა წელთან შედარებით კი 13%-ით შემცირდა. ჯამური წყლის მოხმარება 5,552,000 ლიტრით შევამცირეთ.

გარემოზე ზრუნვის მიზნით თიბისი არაერთი წელია სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებსაც ახორციელებს. სარეკლამო ბანერების გადამუშავების და მათგან ფუნქციური ნივთების შექმნის შემდეგ, თიბისის ინიციატივით, კომპანიამ „ტენე“ გამოუყენებელი პლასტმასა გადაამუშავა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები, აქსესუარებით, შექმნა.

#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.

(R)

ცესკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს.

როგორც წერილია აღნიშნული, ამ წერილის დაწერა ცესკო-ში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი თვის თავზე კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია.

„ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო, რომელიც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ დააზუსტა კანონის ჩანაწერი, რომელიც უკვე წლებია, არსებობს საარჩევნო კოდექსში.

ჩვენ გავეცანით თქვენს პოზიციას დადგენილებასთან დაკავშირებით და გვსურს, აღვნიშნოთ, რომ იმ ფონზე, როცა ამ დადგენილებასთან მიმართებაში არაერთგზის იქნა ჩვენი საჯარო პოზიცია და განმარტება ცხადად დაფიქსირებული, გვქონდა მოლოდინი, რომ ვიდრე ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

ამიტომ გვინდა, საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავდა და კრძალავს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას.

აქვე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით ეუთო/ოდირ-ის საბოლოო ანგარიშში აისახა რეკომენდაცია, დამკვირვებელთა ხმის მიცემის პროცესის ყველა ასპექტზე დაკვირვების უფლების შეზღუდვის გარეშე, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომი დამუშავების აკრძალვის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

აღნიშნულის შემდგომ, 2018 წელს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და კენჭისყრის დღეს აიკრძალა ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ეუთო/ოდირ-ის მიერ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა 2018 წელს.

შესაბამისად, პერსონალური მონაცემების არასათანადო დამუშავების აკრძალვის შესახებ, დიდი ხანია, ცნობილია ჩართული მხარეებისთვის. ამასვე ადასტურებს ის, რომ, კანონის თანახმად, არსებობს ამომრჩევლის სიების ორი ვერსია: ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია – ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და, შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკო-ს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა“, – აღნიშნულია წერილში.

ცესკო-ს წერილის თანახმად, ზემოხსენებული დადგენილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, რისი საჭიროებაც, ცესკო-ს განმარტებით, განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით, როცა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ირღვეოდა კანონი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

„აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფოტოვიდეოგადაღების მიმართულებით რეკომენდაცია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაშიც იყო გაცემული, ამდენად აღნიშნული დადგენილებით სწორედ ეს რეკომენდაცია შესრულდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ალბათ გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ დასრულდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მომჩივან პოლიტიკურ სუბიექტსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საკუთარი პოზიციის დასაცავად არცერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი არგუმენტები რეალურად არ არსებობს. შესაბამისად, იმთავითვე ნათელი იყო, რომ  მათი სარჩელის მიზანი არა საარჩევნო პროცესის „სამართლიანობაზე“ ზრუნვა, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო. სამწუხაროდ, მათ საკუთარ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, ვინაიდან მათი ე.წ არგუმენტების გაზიარება და გადაუმოწმებელად გავრცელება ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის თუ პოლიტიკოსის დღის წესრიგად იქცა.

ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები, ადამიანები, ვინც თქვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ, მიზანმიმართულად ცდილობენ, რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტაციას. სხვაგვარად რთულია, აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვირვებელთა მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა“, – აღნიშნულია წერილში.

აქვე, ცესკო-ს წერილის თანახმად, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ დადგენილებას დაინტერესებული პირები იმ მოსაზრების დამკვიდრებისთვის იყენებენ, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება და წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ.

„სინამდვილეში, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ კარგად იცის, რომ როგორც დადგენილებასთან, ისე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული  ბრალდებები უსაფუძვლოა. გვინდა, შეგახსენოთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არცერთ პოლიტიკურ აქტორს და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. შესაბამისად, ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ოპონენტების მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი, შეიძლება, გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას“, – აღნიშნულია წერილში.

აქვე ნათქვამია, რომ რეალობა ერთია – საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.

„26 ოქტომბრის არჩევნებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ადევნებდა თვალს (110 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 342 დამკვირვებელი, 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 712 დამკვირვებელი, 176 მედიასაშუალების 2 827 წარმომადგენელი) და არჩევნების დღეს არ დაწერილა საჩივრები, რომლებსაც შეეძლოთ, არსებითი გავლენა მოეხდინათ არჩევნების პროცესზე.  ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების 53 000-ზე მეტი წევრიდან ნახევარზე მეტი პოლიტიკური პარტიების მიერ იყო დანიშნული, თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირაა.

უფრო მეტიც, პოლიტიკურმა აქტორებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ იზეიმეს კიდეც არჩევნებზე მათ მიერ მიღწეული შედეგი, თუმცა როცა დათვლის პროცესი დაიწყო და რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სტრატეგია შეცვალეს. მაგალითად, საარჩევნო სუბიექტმა „კოალიციამ ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“, რომელიც ხმების დათვლას ალტერნატიულ რეჟიმში საკუთარ ვებგვერდზე აწარმოებდა, მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მისი შედეგი საარჩევნო ადმინისტრაციისას ემთხვეოდა, მიუწვდომელი გახადა ვებგვერდი. ხოლო ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ უარი თქვა PVT-ს გამოქვეყნებაზე, როცა მისი და საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. აღნიშნულის შესახებ საჯაროდ განაცხადეს კიდეც და, საბოლოო ჯამში, თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყეს ქვეყნაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამწვავებას. საგულისხმოა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „სამართლიანი არჩევნები“ მის მიერვე განხორციელებული PVT-ს შედეგებით მანიპულირებს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წლის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა ორგანიზაციამ არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, რითიც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყო ხელი. მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს.

საკითხი, რომელიც ამ არჩევნების დისკრედიტაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, არჩევნებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ გახდა აქტუალური. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დაინტერესებული მხარეებისგან პედალირება იმაზე, რომ ბიულეტენის ფურცელზე მარკერი ჟონავდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ფარულობა დაირღვა. ეს მაშინ, როცა კენჭისყრის და შემდგომი ორი დღის განმავლობაში ამ საკითხთან მიმართებაში საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო სულ ხუთი საჩივარი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მარკერის სითხის გაჟონვა, მით უფრო ჩარჩოკონვერტის პირობებში, არ იყო პრობლემა და ამიტომ არც ყოფილა აღქმული როგორც პრობლემა. უბრალოდ, როცა სხვა ხელშესახები ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს, დაინტერესებულმა მხარეებმა გადაწყვიტეს, ამ საკითხით დასხმოდნენ თავს საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც ერთ-ერთმა მათგანმა ღიად განაცხადა კიდეც სატელევიზიო ეთერში.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ ქვეყნების პრაქტიკას, სადაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებია დანერგილი და როგორც ჩვენთვის, ისე თქვენთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ, განსხვავებით საქართველოსგან, ბევრი ქვეყანა ამ პროცესში კონვერტს საერთოდ არ იყენებს და ამომრჩევლის არჩევანი ხილვადია. თუმცა რატომღაც მათ შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემური არ არის, ჩვენ შემთხვევაში კი ჩარჩოკონვერტში ჩასმული, ამობრუნებული ბიულეტენი, სადაც არ აღიქმება, თუნდაც გამოჟონილი მარკერის კვალი რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივაა, ფარულობის დარღვევის მტკიცებულებაა. ასეთი ორმაგი სტანდარტით საკითხისადმი მიდგომა კი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. თუ დავუბრუნდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ეუთო/ოდირ-ის ანგარიშს და მას სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად მწვავე შენიშვნებია, თუმცა მათ შემთხვევაში არავინ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. და მაშინ ლოგიკურად ისმის რიტორიკული კითხვა: რატომ?“ – აღნიშნულია წერილში.

ცესკო-ს წერილის თანახმად, უდიდესი გამოწვევების მიუხედავად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე შეძლო მასშტაბური საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და ეს დადასტურებულია ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტით, რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორიამ, „Pro V&V“-მ ჩაატარა.

„იდეალური არჩევნები არ არსებობს, არსად, არცერთ ქვეყანაში. ყოველთვის არსებობს რესურსი პროცესის კიდევ უფრო დახვეწის. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს სულ უფრო სრულყოფილი გახადოს პროცესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური სამუშაო და ქვეყანაში წარმატებით დავნერგეთ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამად სახეზეა  მთელი ამ პროცესის გაუფასურების მცდელობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.

სინამდვილეში, უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე შეძლო მასშტაბური საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და ეს დადასტურებულია ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტით, რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორიამ, „Pro V&V“-მ ჩაატარა. აღნიშნულ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა დამატებითი მექანიზმები მოდერნიზებული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ხელშეწყობისთვის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ე.წ. ქაღალდის კვალის არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ევროპულ სტანდარტებს და იძლეოდა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპის გადამოწმების/მონიტორინგის საშუალებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციის დამატებით გარანტიებს. შესაძლო მანიპულაციების თავიდან აცილების და კიბერჩარევების გამორიცხვის მიზნით, ჩვენ შევქმენით უსაფრთხო და დაცული, უინტერნეტო ელექტრონული არჩევნების მოდელი“, – ნათქვამია წერილში.

ღია წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვინმეს თუ გულწრფელად აინტერესებს სიმართლე საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ცესკო მზად არის, არგუმენტებით უპასუხოს ნებისმიერ კითხვას.

„ვინმეს თუ გულწრფელად აინტერესებს სიმართლე საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მზად ვართ არგუმენტებით ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან და ჩვენ კვლავ ვრჩებით ღია თანამშრომლობისთვის.  სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ თქვენთვის აღნიშნული წერილით მომართვა და რეალური ფაქტების შეხსენება, რათა ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას დაეყრდნოთ გადამოწმებულ ფაქტებს და არა აღქმებს, რომლის დათესვასაც ასე ძლიერ ცდილობენ დაინტერესებული მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება თანამშრომლობის წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის წლების განმავლობაში არსებობს.

მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესებული მხარეების მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღეთ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან თქვენი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიცირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა პროცესში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის.

პატივისცემით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“, – ნათქვამია ღია წერილში.

უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო – კახა კალაძე

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, – განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, დედაქალაქის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, რადგან ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად.

„შანტაჟი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვესხმით თავს, უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, მის ინტერესს და არ გვინდა, ვინმეს მივცეთ ჩვენი ქვეყნის გამოყენების შესაძლებლობა, ცუდ კონტექსტში, სათავისოდ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა აშანტაჟოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული ღირებულებები რატომ გვინდა? რა არის მისი მთავარი ფუნდამენტი? ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა. გვახსოვს წლები, როდესაც ყველა ეს ღირებულება ფეხქვეშ იყო გათელილი, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ხალხს იჭერდნენ და ღამის საათებში ციხეებში ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ამ ყველაფერს კი ეს ევროპელი ბიუროკრატები წლების განმავლობაში „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ. ასეთი „დემოკრატიის შუქურა“ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტრამპის ყურადღება უკრაინა-რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკების მიმართ სუსტდება: რას დათმობს ამერიკა პუტინის ომის სამართლიანად დასრულებისათვის – The Washington Post

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპის ყურადღება უკრაინა-რუსეთის მშვიდობიანი მოლაპარაკების მიმართ სუსტდება: რას დათმობს ამერიკა პუტინის ომის სამართლიანად დასრულებისათვის“ (ავტორი – დევიდ იგნატიუსი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). „ტრამპი უკრაინას აგდებულად უყურებს და ზელენსკის მიმართ სიძულვილს არ მალავს. თეთრ სახლი კიევს თავს ახვევს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტს ჰგონია, რომ უკრაინა ასეთ „მშვიდობას უსიტყვოდ ჩაყლაპავს“ და არაფერს იტყვის“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპის მოქმედება იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა: მან ვერ გამოავლინა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად დადების უნარი. პრეზიდენტმა უკვე თვითონაც განაცხადა, რომ მზად არის მარცხი აღიაროს და შეწყვიტოს პრობლემის მოგვარების მცდელობები, თუ კიევი და მოსკოვი უახლოეს დროში საომარი მოქმედებების შეჩერებისა და ომის დასრულების თაობაზე ვერ მოილაპარაკებენ. აშკარაა, რომ მსგავსი უკანდახევა დიპლომატიური მეთოდებიდან კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება არამარტო უკრაინისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის.

ერთი მხრივ, ნათლად ჩანს დონალდ ტრამპის მოუთმენლობა: ყველას ახსოვს, რომ იგი მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ იოლად გადაწყვეტდა ომის მშვიდობიანად დამთავრების საკითხს, დღეს კი მის პოზიციაში გულგატეხილობის ნოტები გაისმა: „თუ რაღაც მიზეზით რომელიმე მხარე ძალიან გაართულებს სიტუაციას, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, თქვენ ომი და ადამიანთა სიკვდილი გინდათ, ამიტომ ჩვენ ხელს დავიბანთ და რაც გინდათ, იქ ჰქენით“, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ დაგვჭირდება“.

დონალდ ტრამპის კომენტარები განსაკუთრებით საგანგაშოდ გაჟღერდა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გამონათქვამების ფონზე გასულ კვირაში პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ. ამერიკული დიპლომატიური უწყების მეთაურმა მიანიშნა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება ვერ მოხერხდება, პრეზიდენტს შეუძლია თავისი ძალისხმევა შეწყვიტოს და პროცესიდან „გამოვიდეს“: „ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ომი არ არის, ის ჩვენ არ დაგვიწყია“, – ხაზი გაუსვა მარკო რუბიომ. „პრეზიდენტი რამდენიმე დღეში იტყვის, თუ რამდენად შეიძლება სამშვიდობო მიზნის მიღწევა მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით… თუ იგი ჩათვლის, რომ მშვიდობა უკვე შეუძლებელია, თუ [რუსეთი და უკრაინა] იმდენად შორს არიან ერთმანეთისაგან, რომ კონკრეტული შედეგი არ დადგება, მაშინ… ვფიქრობ, პრეზიდენტი განაცხადებს, რომ „მორჩა, ჩვენ დავამთავრეთ“.

თუმცა, მეორე მხრივ, ოპტიმიზმიც არსებობს: ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი, რომელიც, საერთოდ, საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებით და რომელიც არაერთხელ ხელმძღვანელობდა ომის თემაზე თეთრი სახლის პოლიტიკურ დისკუსიებს, ამბობს, რომ „კიევ-მოსკოვის საშინელი დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარების იმედი საბოლოოდ არ გამქრალა“. სამწუხარო ისაა, რომ გაურკვეველია – მოახდენს თუ არა თეთრი სახლი ისეთ ხისტ ზეწოლას დასუსტებულ უკრაინაზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდეს? როდის დადგება ჭეშმარიტების მომენტი – ახლა ან არასოდეს?

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ყოფნის პირველმა 100-მა დღემ მანიაკალურ ტემპში ჩაიარა: იყო ჰიპერაქტიურობის პერიოდიც და ერთგვარი ყურადღების დეფიციტის სინდრომიც. ამჟამად პრეზიდენტის ყოველდღიური კრიტიკის მიმართულია მიგრანტების, იურიდიული კომპანიების, უნივერსიტეტების, ფედერალური მოსამართლეების, ტარიფების და სხვა ობიექტების მიმართ. იმავდროულად მისი დიპლომატიური ემისრები ცდილობენ მოაგვარონ რუსეთთან, ირანთან და ღაზასთან დაკავშირებული საკითხები. და მაინც, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობები განუხრელად სუსტდება.

აღმოჩნდა, რომ უკრაინი პრობლემა ისეთი არ არის, რომელიც შეიძლება ერთ დღეში მოგვარდეს. საჭიროა დიდი ძალისხმევა, რომელიც ითხოვს, რომ ამერიკულმა დიპლომატიამ სისტემატიურად და მუდმივად განახორციელოს მუდმივ ზეწოლას რუსეთზე.

რამდენიმე წყაროს თანახმად,, რომლებიც მოლაპარაკების მსვლელობის საქმის კურსში არიან, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი სპეცდესპან-სპეცწარმომადგენლები ჩიხში მოექცნენ. „დაბრკოლების ლოდი“ გამოიხატება იმით, რომ კრემლი უარს აცხადებს რაიმე კომპრომისებზე ძირითადი საკითხების მიმართ. აპრილში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უოტკოფი რამდენჯერმა შეხვდა და საათობით ისაუბრა როგორც ვლადიმერ პუტინთან, იე რუსეთის სხვა ლიდერებთან, თუმცა კონკრეული შედეგების გარეშე. ინსაიდერები ასევე იტყობინებიან, რომ კრემლი უკან არ იხევს თავისი ხისტი მოთხოვნებისაგან უკრაინის ტერიტორიებისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის დომინირებისაგან.

რასაკვირველია, სტივ უოტკოფი ცდილობს ისეთი წინადადებები ჩამოაყალიბოს, რომლებიც სამომავლოდ ვლადიმერ პუტინისათვის იქნება მისაღები. 17 აპრილს მან უკრაინელ და ევროპელ ლიდერებს მოლაპარაკების სტრუქტურა, რომელიც მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილა. მისი პროექტი შეიცავს რამდენიმე დათმობას მოსკოვისადმი უსაფრთხოების სფეროში, რაც, წყაროების ცნობით, არც უკრაინელებს არ მოეწონათ და არც ევროპელებს. მათი აზრი ასეთია: რუსეთმა არ უნდა გააკონტროლოს ქვეყნის ხუთი რეგიონი (დონბასის ჩათვლით) და რუსეთის ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე ზახი გაუსვა უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დიდ განსხვავებას: „ჩვენ ამჟამად ისეთ ჩარჩოებში ვიმყოფებით, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ, თუ რამდენად არის მათი პოზიციები ერთმანეთისაგან დაშორებულები. უკვე არავინ აღარ ამბობს იმას, რომ კონფლიქტი 12 საათის განმავლობაში მოგვარდება… ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ შორს ვართ იმედის მომცემი შედეგებისაგან და არ ვიცით, შევძლებთ თუ არა მოსკოვ-კიევის დაპირისპირების შერბილება-შესუსტებას“.

საეჭვოა, რომ სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფის პროექტი უკრაინის პრეზიდენტმა „უსიტყვოდ გადაყლაპოს“. დაბრკოლება არის ის, რომ უკრაინას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ აქვს აშშ-ის მხრიდან. როგორც ჩანს, უკრაინა ბედის ანაბარად იქნება მიტოვებული, თუ არ ჩავთვლით ევროპელი მოკავშირეების პრაქტიკულად უმნიშვნელო მხარდაჭერას.

როგორც ევროკავშირის ჩინოვნიკები ამბობენ, სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მათი სამხედრო და სადაზვერვო ძლიერება ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინის დაცვისათვის მაინცდამაინც დიდად ეფექტური არ იქნება. ევროპელებს არ ჰყავთ იმ რაოდენობის ჯარები და არ აქვთ იმდენი იარაღი, რომელიც საკმარისი იქნებოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შესაკავებლად. ევროპელები ვერ შეძლებენ ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონტორინგს და საპასუხო ზომების კოორდინირებას მოსკოვის პოტენციური აგრესიის შემთხვევაში.

ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას დაზვერვა წარმოადგენს. მარტში კიევმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო აშშ-ის მხრიდან (ზელენსკიზე ზეწოლის მიზნით) სადაზვერვო მონაცემების ექვსდღიანი შეწყვეტის კომპენსირება, მაგრამ უკრაინელი ჩინოვნიკების აღიარებით, ასე კიდევ ერთი კვირა რომ გაგრძლებულიყო, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. პენტაგონის კოსმოსურ-თანამგზავრული დაზვერვის გარეშე, რომლებიც ზემოდან მშვენივრად აკონტროლებენ რუსეთის ტერიტორიას, უკრაინას არ შეუძლია წინასწარ გაიგოს რუსული რაკეტების, თვითმფრინავებისა და დრონების გაშვების ფაქტები, ევროპელებს კი რაიმე მსგავსი ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნიათ.

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიმართ თავისი აგდებული დამოკიდებულება გამოხატა გასულ კვირაში, როცა უარი განაცხადა კიევისათვის რაკეტების მიყიდვაზე საზენიტო კომპლექს Patriot-ისათვის, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტებისაგან თავდაცვაში შუცვლელია. აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპი განუცხადა უკრაინელებს: „ომის [გაგრძელება] ქვეყანასთან, რომელიც თქვენზე 20-ჯერ უფრო დიდია, ძალიან რთულია და ამიტომ იმედი არ გქონდეთ, რომ ვინმე რაკეტებს მოგცემთ“.

დონალდ ტრამპი უკრაინაის ინტერესებს უგულვებელყოფს, იმავდროულად კი დიდ სურვილს და ენთუზიაზმს გამოხატავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. თეთრი სახლის წარმომადგენლები სტრატეგიულ თათბირებზე ამტკიცებენ, რომ ამერიკას შეუძლია მილიარდობით დოლარი მოიგოს სამომავლო ინვესტიციების ჩადებით რუსეთის ეკონომიკაში. ამევე თვალსაზრისს იზიარებს ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კირილ დმიტრიევიც, რომელიც იმავდროულად  პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელიც არის. სწორედ იგი მონაწილეობს თავისი ამერიკელი კოლეგის სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებში. მაგრამ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამგვარ ხედვას მომავალი „რუსული ბუმის“ თაობაზე არ ეთანახმებიან.

დონალდ ტრამპის ინტერესის დაკარგვა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებსა და აზიის ქვეყნებში ეჭვებს ბადებს. ისინი აღარ არიან დარწმუნებულნი, რომ ამერიკული უსაფრთხოების სისტემა მათაც დაიცავთ. ევროკავშირისათვის ასეთი სიტუაცია მუდმივი ეგზისტენციალური მუქარა ხდება. ევროპა საფრთხეს ხედავს იმაში, თუ კრემლი ამერიკას თავს მოახვევს თავის პირობებს და  უკარნახებს, ომი როგორ უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის მზერა ახლა უფრო მეტად მოსკოვისაკენ არის მიმართული, რომელიც მას თავისი საგანძურის გაყოფას აღუთქვამს.

წყარო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 18 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 18 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 18 პირი.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ნ.ტ., 1976 წელს დაბადებული თ.ლ., 1976 წელს დაბადებული გ.ბ., 1956 წელს დაბადებულ ბ.კ., 2004 წელს დაბადებული ნ.გ., 2005 წელს დაბადებული ლ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., ასევე, წარსულში ნასამართლევები: 1985 წელს დაბადებული ა.პ. 1995 წელს დაბადებული ო.კ., 1984 წელს დაბადებული ი.რ., 1981 წელს დაბადებული ი.თ., 1973 წელს დაბადებული ბ.შ. 1993 წელს დაბადებული ზ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ზ.ღ., 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1971 წელს დაბადებული ნ.ა., 1984 წელს დაბადებული მ.თ.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, რამდენიმე ამფეთქი ფალია და კაფსულ-დეტონატორები. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი”.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე პრიმა და 287-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.