ძალიან დადებითად შეიძლება შეფასდეს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მთავრობის მონაწილეობა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რომელიც, ტრადიციულად, მიუნხენში ტარდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კოლეგებთან ძალიან საინტერესო შეხვედრები გამართა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ამ შეხვედრის ფარგლებში ცალსახად დაფიქსირდა მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მაქსიმუმი გაკეთდება, რათა წელსაც გვქონდეს წინსვლა პროცესში. ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იქნა გაცხადებული. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და შევასრულოთ ცხრა რეკომენდაცია. მაქსიმალურად პოზიტიურად მიდის პროცესი. მთავარია, წლის განმავლობაში ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. ასე რომ, ძალიან დადებითად შეიძლება შეფასდეს ვიზიტი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა განახორციელა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში“, – აღნიშნა იზორიამ.