ყველა მაჩვენებლით, საქართველო იმსახურებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგ კონკრეტულ თემებზე მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ვარაუდობს, რომ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, დიდი მუშაობაა გაწეული და ეს მხოლოდ 12 პუნქტს არ ეხება. ამ შემთხვევაშიც საქართველო ლიდერთა შორისაა. თუ არა პოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს გარკვეულ თემებთან, რასაკვირველია, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. საუბარია არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ქართული საზოგადოება ყველა სტანდარტით საკმაოდ ევროპულია. ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება დეპოლარიზაციის საკითხს, გია ვოლსკის თქმით, დესტაბილიზაცია წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის გეგმას და ის ხელისუფლების ინტერესებში არ არის.
„დეპოლარიზაციას რაც შეეხება, ვერცერთი მიმართულებით ვერ ხდება ამის მაგალითების ჩვენება. სამუშაო ჯგუფებში ერთობლივ მუშაობას ვერ მივაღწიეთ და საბოტაჟი ვიხილეთ. რადიკალური ოპოზიციის გეგმას დესტაბილიზაცია როცა წარმოადგენს, დეპოლარიზაციაზე არანაირი ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. დაპირისპირების არსებობა ხელისუფლების ინტერესებში არ არის, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გუნდს კი ეს თავის სამიზნედ აქვს ქცეული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.