“ყურადღება! დაიცავით ბავშვები, მოხუცები და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები” – ქეთი შავლიაშვილი

237
spot_img
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი, სოციალურ ქსელში,  კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრისა და მისი საფრთხეების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ყურადღება! საშიში ატმოსფერული ვითარებაა კანადაში ტყის ხანძრის კვამლის გამო. კვამლმა ნიუ-იორკშიც შემოაღწია, სადაც უკიდურესადაა ჰაერი დაბინძურებული. ქალაქის ისტორიაში ყველაზე მეტად დაბინძურებული და ტოქსიკური ჰაერი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე.
მოსალოდნელია მდგომარეობის კიდევ გაუარესება.
ჰაერის ცუდი ხარისხის გამო, ნიუ-იორკის საჯარო სკოლებმა გააუქმეს ყველა გარე აქტივობა.
ქალაქ ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ყველა ნიუ-იორკელმა, რომელსაც აქვს გულის ან სუნთქვის პრობლემები, უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა, სანამ კვამლი და ნისლი რჩება ტერიტორიაზე. ეს ასევე ეხება ბავშვებსა და ხანდაზმულებს.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე, მოერიდეთ ზედმეტი დროის გატარებას ან ფიზიკურ აქტივობას გარე სივრცეში; დაიცავით ბავშვები, მოხუცები და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები.
მნიშვნელოვანია იხმაროთ ნიღაბი, როცა გარეთ ხართ და დარჩით სახლში, როცა ეს შესაძლებელია!” – წერს ქეთი შავლიაშვილი.
ცნობისათვის, ტყის ხანძრებმა კანადაში უკვე 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადაწვა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კანადაში ადგილობრივი მეხანძრეების დასახმარებლად 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე გაიგზავნა.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ- მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბარი გამართეს და არსებული ვითარება განიხილეს.